თბილისში, პარლამენტის შენობის რეაბილიტაციისთვის 8-10 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ეს თანხაა განსაზღვრული რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობის მოსაწესრიგებლად, ჯამში როგორც 2012 წლის, ასევე მომავალი წლის ბიუჯეტებიდან.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პარლამენტის ძველი შენობის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს.
"დაწყებულია საპროექტო სამუშაოები. ჩემი მონაცემებით, გამოცხადებული უნდა იყოს ტენდერი და რისი გაკეთებაც წლის ბოლომდე მოესწრება, იმის მიხედვით მოხდება თანხების ათვისება" ,- აცხადებს ტყემალაძე.
პარლამენტის ძველი შენობა საკანონმდებლო ორგანოს უკვე დაუბრუნდა. მისი მოწესრიგებისთვის თანხები 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა 2 მილიონი ლარის ოდენობით.