სოციალურად დაუცველებმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს

 სოციალურად დაუცველებმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგენკოსთან შეხვედრა სოციალურად დაუცველებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს . სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გაიმართა.

ისინი ჯანდაცვის მინისტრისგან თევდორე მღვდლის ქ. #13-ში მდებარე რკინიგზის სამშობიარო სახლში ელექტროენერგიის მიწოდებას და დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ითხოვდნენ. მინისტრის თქმით, მან ყველა დაპირება პირნათლად შეასრულა და იგი სოციალურად დაუცველებს ფართის დაკანონებას არ დაჰპირებია. შეხვედრის დროს ჯანდაცვის მინისტრს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა, თუმცა რის შესახებ ესაუბრა პრემიერი ჯანდაცვის მინისტრს, უცნობია, რადგან სოციალურად დაუცველებმა მას განმარტებების გაკეთების საშუალება არ მისცეს, საუბრის დასრულება არ აცადეს და პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვეს.

სოციალურად დაუცველ კახაბერ ოდიშელიძის თქმით, მათ სურთ, მუდმივი საცხოვრებელი ფართის მიცემამდე დროებითი ფართი გამოუყონ. "ვიბრძოლებ, სანამ პირში სული მიდგას. ისეთ სასწაულს გამაკეთებინებენ, საქართველოს ისტორიაში დარჩება. მე არც 300 ლარი მინდა ქირის და არც 5 000, მე მინდა დროებითი საცხოვრებელი მუდმივად", - აღნიშნა ოდიშელიძემ.

მოგვიანებით მედიასთან კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ზემოხსენებული მოთხოვნები ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციას სცდება.

"ჯანდაცვის სამინისტრომ განახორციელა უკლებლივ ყველა ოჯახის ანკეტირება და შესწავლა. შემდგომ მთავრობამ დადგენილების შესაბამისად განახორციელა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფას მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. ამ პროგრამაში კვალიფიცირდა დაახლოებით 1 200 ოჯახი, საიდანაც 700-ზე მეტ ოჯახს გადარიცხული აქვს ბინის ქირის პირველი თვის საფასური 200 ლარის ოდენობით. ყველა დანარჩენი მოთხოვნა, რომელსაც აყენებენ ეს პირები, რაც დენით უზრუნველყოფასა და ფართების დაკანონებას შეეხება, ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციას სცილდება", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროში იმყოფებოდნენ სოციალურად დაუცველები, რომელთაგან ორმა ქალბატონმა პროტესტის ნიშნად დღეს პრემიერ-მინისტრის სახლთან პირი ამოიკერა, ხოლო სამი მამაკაცი შიმშილობს. სოციალურად დაუცველები ამბობენ, რომ ისინი უახლოეს მომავალში დავით სერგენკოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად შეხვდებიან.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"