2010 წლის შემდეგ სკოლა სამედიცინო მომსახურების გარეშეა დარჩენილი

2010 წლის შემდეგ სკოლა სამედიცინო მომსახურების გარეშეა დარჩენილი

თბილისის 59-ე სკოლაში 6 წლის ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, შესაძლოა, დაჩქარდეს სამუშაოები, რომლებიც "უსაფრთხო სკოლის" კონცეფციის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

შემთხვევა სამშაბათს, გლდანის 59-ე სკოლაში მოხდა. წინასწარი ვერსიით, პირველი კლასის მოსწავლე ანდრია ასპანიძეს საწერი კალმის თავსახური გადაეყლაპა, რის შემდეგაც სუნთქვა ვეღარ შეძლო და გარდაიცვალა.

როგორც სკოლის სასწავლო ნაწილი ამბობს, ბავშვის გადარჩენა სასწრაფო დახმარების ექიმებმაც ვერ შეძლეს.

"ბავშვი გახანგრძლივებულ ჯგუფში იმყოფებოდა, როცა ტუალეტში გასვლა მოითხოვა. პედაგოგმა გაუშვა. დაახლოებით 3 წუთში დაბრუნდა და პედაგოგს უთხრა, რომ კალმის თავსახური გადაეყლაპა. ის სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა და ცოტა ხანში შეგვატყობინეს, რომ ბავშვი დაიღუპა", - უთხრა მე-9 არხის ჟურნალისტს სასწავლო ნაწილის გამგე მზია დოვოსოვამ.

დაღუპული ბავშვის ახლობლები ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ ითხოვენ, თუმცა სისხლის სამართლის საქმე, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით, უკვე აღიძრა.

ბავშვის ბაბუა "რუსთავი 2"-თან საუბარში ამბობს, რომ მისი შვილიშვილის გადარჩენა ადვილი იქნებოდა, სკოლას ექიმი რომ ჰყოლოდა.

"ბავშვს კალმის თავსახური გადასცდა და მის ამოღებას რა უნდოდა? ეს ელემენტარულია და ყველამ იცის, ვისაც მედიცინასთან აქვს შეხება. ექიმი არ ჰყავთ. ამბობენ, რომ სასწრაფო გვიან მოვიდა და ბავშვი ამ დროს უკვე დაღუპული იყო", - ჰყვება თამაზ ასპანიძე.

ნორმალურია თუ არა, რომ სკოლებში, სადაც ასობით ბავშვი ნახევარ დღეს ატარებს, არ იყოს ექიმი და რას ამბობს კანონი ამ ყველაფრის შესახებ, ამ კითხვებით ჩვენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს, ირმა პავლიაშვილს მივმართეთ.

როგორც აღმოჩნდა, კანონის მიხედვით, სკოლა ვალდებულია ბავშვებს უსაფრთხო გარემო შესთავაზოს, თუმცა მათ ამის რესურსი თავად უნდა გამონახონ.

"კანონი ზოგადი განათლების შესახებ ამბობს, რომ სკოლამ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების დაცვა, რათა მან დააკმაყოფილოს სტანდარტები. ეს შეიძლება იყოს სამედიცინო პერსონალის, ექიმის ან ექთნის შტატი, ან შესაბამისი მომსახურეობის ხელშეკრულება ისეთ დაწესებულებასთან, რომლის საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების გაწევას უზრუნველყოფს.

სამინისტრო სკოლებს საშტატო განრიგს უმტკიცებს. მაგალითად, 2010 წელს წარდგენილი საშტატო განრიგი სამინისტრომ შეამცირა და სკოლებს მოსთხოვა, რომ ამ დამტკიცებული განრიგის მიხედვით აეყვანათ თანამშრომლები და ამ მასში არსებული ერთეულებით განესაზღვრათ თანამდებობის პირები. ეს იქნებოდა ბიბლიოთეკარი, დირექტორის თანაშემწე თუ ა.შ. ზუსტად მაშინ ამოიღეს ექიმის საშტატო ერთეული.

თუმცა, იგივე 2010 წელს მინისტრის მიერ მიღებული დებულების მიხედვით, სკოლები საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან და როდესაც ისინი ავტორიზაციას გაივლიდნენ, ვალდებულნი იყვნენ უზრუნველეყოთ ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხოების მექანიზმები. ამ დებულებით სკოლები ვალდებულნი გახდნენ, რომ თვითონ მოეძებნათ რესურსი, რომლითაც ექიმებსა თუ ექთნებს აიყვანდნენ", - უთხრა "რეზონანსს" ირმა პავლიაშვილმა.

თუ რატომ გაუქმდა სკოლებში ექიმებისა და ექთნების შტატი და იგეგმება თუ არა სამომავლოდ მათი აღდგენა, რათა სკოლებში ზემოხსენებული უბედური შემთხვევის მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს, "რეზონანსს" განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე ესაუბრა. მისი თქმით, სკოლებიდან ექიმები 2010 წელს გაიყვანეს, თუმცა ისიც გასარკვევია, თუ რამდენად აკმაყოფილებდნენ სკოლაში მომუშავე ექიმები საჭირო სტანდარტებს და რამდენად მაღალი იყო მათი კვალიფიკაცია.

"ამ თემის ისტორია ასეთია - ალბათ იცით, რომ სკოლებში ექიმებისა და ექთნების შტატი იყო. 2010 წელს ეს შტატი გაუქმდა. რაიმე სამართლებრივი აქტი, რომ ესა და ეს შტატი გაუქმდეს, არ ყოფილა, მაგრამ სქემა შემდეგი იყო - მოქმედი კანონმდებლობით, მაშინაც და დღესაც, სკოლის ხელმძღვანელობა შეიმუშავებს საშტატო განრიგს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უთანხმებს. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის არსებობის ისტორიაში, პირველად, ეს მუხლი, 2010 წელს ამოქმედდა. ამ შეთანხმების დროს, სკოლებს შტატის ამოღება მოუწიათ. ფაქტობრივად, სკოლა სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩა.

თუმცა, ობიექტურობა მოითხოვს ვთქვათ, რომ არც იმ მომენტში და არც მანამდე, სკოლაში ექიმის კვალიფიკაციის სტანდარტი არ არსებობდა. ანუ, არ იყო განსაზღვრული, თუ რა სტანდარტი უნდა დაეკმაყოფილებინა ექიმს, რომელიც სკოლაში მუშაობდა.

ერთია, რომ მას ზოგადად ექიმის დიპლომი აქვს, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ სკოლა სპეციფიკური დაწესებულებაა. თან, არ არსებობდა მათი პროფესიული განვითარების, კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა. თავისთავად, გარკვეული დროის შემდეგ საჭიროა იმ ადამიანის ცოდნის გადახალისება, რომელიც მხოლოდ სკოლაში მუშაობს.

ასე რომ, სტანდარტი, ბუნებრივია, ჩვენც არ დაგვხვედრია და დღესაც არ არსებობს. ამ პრობლემის მოგვარება, ზუსტად სტანდარტის შექმნით უნდა დაიწყოს. ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა თქვას თუ რა კვალიფიკაციას უნდა აკმაყოფილებდეს სკოლის ექიმი, რადგან ეს არ არის ტიპიური შემთხვევა.

ამას კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის შექმნა უნდა მოჰყვეს და შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი კადრების შერჩევა იქნება, რომელთაც გადამზადება დასჭირდებათ. დღეისთვის, რამდენადაც მე ვიცი, ეგეთი კვალიფიკაციის პერსონალი უბრალოდ არ არსებობს. თუ იარსებებს, ძალიან მცირერიცხოვანი იქნება და ეს სისტემურ პრობლემას ვერ მოაგვარებს. მათი გაყვანა იოლი იყო, მაგრამ დაბრუნება, ბუნებრივია, გარკვეულ პროცედურებს მოითხოვს. უმჯობესი იქნებოდა, რომ პარალელურ რეჟიმში შექმნილიყო სტანდარტი და პარალელურ რეჟიმში მომხდარიყო მათი გადამზადებაც", - ამბობს გოგლიჩიძე.

მისივე თქმით, ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი იმისთვის, რომ ეს შტატი ისევ ამოქმედდეს. ამ კუთხით მუშაობა უკვე მიმდინარეობს, თუმცა მინისტრის მოადგილე ვერ აკონკრეტებს, კონკრეტულად რა დრო დასჭირდება ამას.

"რაც მე ჩამოვთვალე, იმ მოქმედებებთან ერთად, ამავდროულად საჭიროა მოხდეს იმის გადახედვა, თუ სად გამოიყოფა ფართი, რა ფორმით მოხდება მათი გადამზადება, დაფინანსება, შერჩევა და ა.შ. ვინაიდან განათლების სამინისტროს არ აქვს იმის კომპეტენცია, რომ ექიმის კონკურსი გამოაცხადოს და თავად შეარჩიოს და შეაფასოს კვალიფიციურია თუ არა ექიმი.

ამ მიმართულებით სამუშაოები იგეგმება. ამას განყენებულად არ განვიხილავთ. მას განვიხილავთ ზოგადად უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში. დღეისათვის ამ კონცეფციას რეალიზებას ვუწევთ მხოლოდ ფიზიკური უსაფრთხოების კუთხით. ანუ, მანდატურის საშუალებით ჩვენ უზრუნველყოფთ ფიზიკურად უსაფრთხო გარემოს, მაგრამ დამეთანხმებით, რომ უსაფრთხო სკოლა მხოლოდ ფიზიკურ გარემოს არ ნიშნავს. ეს მოიაზრებს სამედიცინო უსაფრთხოებას, სახანძრო უსაფრთხოებას და ა.შ.

"სხვათა შორის, ამ თემაზე, ჩვენ აქამდეც ვმუშაობდით და დღესაც ვაგრძელებთ. გარკვეული მონახაზები გვაქვს თუ როგორი მოდელით შეიძლება ეს ამუშავდეს", - აცხადებს "რეზონანსთან" ინტერვიუში ალუდა გოგლიჩიძე.

თაკო მათეშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"