წყნეთის სამთავრობო აგარაკები საპრივატიზაციო ნუსხაში შევა

 წყნეთის სამთავრობო აგარაკები საპრივატიზაციო ნუსხაში შევა

წყნეთში არსებული სამთავრობო აგარაკები შესაძლოა, პრივატიზაციას დაექვემდებაროს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, პრემიერის წინადადებით, სამინისტრო ფიქრობს, რომ 16-ვე აგარაკი საპრივატიზაციო ნუსხაში შეიტანოს ან მათთვის უფრო სასარგებლო დანიშნულება მოიფიქროს.

"წყნეთის სამთავრობო აგარაკები პრაქტიკულად დაცლილია. იქ მხოლოდ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. პრემიერის წინადადებით, ვფიქრობთ, რომ ეს აგარაკები საპრივატიზაციო ნუსხაში შევიტანოთ ან მათ უფრო სასარგებლო დანიშნულება მოვუძებნოთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე განმარტებით, ახალი მთავრობის გათვლებით, აღნიშნული აგარაკების შენახვა, მათი ეკონომიურად მოვლა -პატრონობის შემთხვევაში, წლიურად მილიონ ლარამდე უნდა დამჯდარიყო.

რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად რომელი ყოფილი მაღალჩინოსნები ცხოვრობენ ამ დროისთვის აღნიშნულ აგარაკებში, ქუმსიშვილის განმარტებით, ამის თაობაზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა აღნიშნა, რომ მათ აგარაკები სიმბოლურ ფასად აქვთ დაქირავებული.

"რამდენადაც გავარკვიეთ, კანცელარია წყვეტდა, თუ ვისთვის მიეცათ აგარაკებით სარგებლობის უფლება. ახლა რამდენიმე ოჯახს იქ ფართი იჯარით აქვთ აღებული და, როგორც ვიცი, საკმაოდ სიმბოლურ ფასად. თუ არ ვცდები, თვეში 300 ლარზეა საუბარი. როგორც კი იჯარის ვადა გავა, ეს ოჯახები სამთავრობო აგარაკებს დატოვებენ", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"