ირაკლი ალასანია: "ადრე თუ გვიან, რუსეთს მაინც მოუწევს გასვლა საქართველოს ტერიტორიიდან"

ირაკლი ალასანია: "ადრე თუ გვიან, რუსეთს მაინც მოუწევს გასვლა საქართველოს ტერიტორიიდან"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობის განახლებაზე იფიქროს და უახლოეს მომავალში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან გამართოს შეხვედრა. ლავროვისვე თქმით, რუსული მხარე საქართველოსთან რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენისა და ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკითხთა განხილვასაც გეგმავს. თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუ სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ.

- ბატონო ირაკლი, რა არის ის მინიმალური და მაქსიმალური შედეგი, რასაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის განახლებისგან ელის?

- ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა, დავიწყოთ მოლაპარაკება და გვქონდეს რუსეთის ფედერაციასთან იმგვარი ურთიერთობა, რომელიც გამორიცხავს სამხედრო დაპირისპირების საფრთხეს. არ გვაქვს ილუზია, რომ რუსეთ-საქართველოს შორის შექმნილი პრობლემები ძალიან სწრაფად მოგვარდება. ჩვენთვის მთავარია, საქართველოდან გავიყვანოთ უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, რომელთაც ოკუპირებული აქვთ ჩვენი ორი რეგიონი, მაგრამ ამის მიღწევას ვაპირებთ არა ბრძოლითა და ომით, არამედ რაციონალური, პრაგმატული და დიპლომატიური ურთიერთობებით. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ მაქვს და შესაბამისად, არც საზოგადოებას მინდა გავუჩინო დიდი მოლოდინი იმ შეხვედრის მიმართ, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის წარმომადგენელს შორის. უპირველესად, ვაპირებთ სავაჭრო ურთიერთობების აღდგენაზე ლაპარაკს. ეს არის ჩვენი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ.

- ჩვენში ბევრი ამ ურთიერთობის განახლებას სკეპტიკურად უყურებს და მიიჩნევს, რომ ამან შესაძლოა საქართველოს დასავლური კურსი შეიწიროს...

- პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პირველი ვიზიტისას ბრიუსელში, ევროკავშირის ხელმძღვანელებსა და ნატოს გენერალურ მდივანთან დაადასტურა, რომ საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური მიმართულება ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა. ამით ყველასთვის ნათელი გავხადეთ ჩვენი ხალხის მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსი. ამასთანავე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას არასდროს შევურიგდებით. ანდერს ფოგ რასმუსენმა ივანიშვილთან შეხვედრისას განაცხადა: "საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცესა და ნატოში არავითარ შემთხვევაში არ უშლის ხელს მის ურთიერთობას რუსეთთან, პირიქით, ჩვენ ყველანი დაინტერესებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკების დაწყებით." ამდენად, რუსეთისთვის ცნობილია როგორც ჩვენი, ასევე თანამეგობრობის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,

- ერთია რასმუსენის განცხადება, მეორე - ოფიციალური კრემლის პოზიცია. თავის დროზე დიმიტრი მედვედევმა 2008 წლის ომის უმთავრეს მიზეზად საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შეფერხება დაასახელა, რუსეთს პოზიცია არ შეუცვლია და როგორ აპირებთ ამ ქვეყანასთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეთავსებას?

- რა თქმა უნდა, რუსეთის პოზიცია არ შეცვლილა, მაგრამ არსებობს რუსეთის ამ პოლიტიკასთან ეფექტიანად დაპირისპირების წარმატებული მოდელი. რუსეთის მეზობელმა არაერთმა სახელმწიფომ, რუსეთის ამ პოზიციის მიუხედავად, მოახერხა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრება. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ამ სამეზობლოში, რომელმაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში სამჯერ იომა რუსეთთან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პოლიტიკა რუსეთთან გადახედვას საჭიროებს. ჩვენ აღარ უნდა დავუშვათ ისეთი შეცდომა, რომელიც მას პოლიტიკური თუ სამხედრო იერიშის საბაბს მისცემს. ადრე თუ გვიან რუსეთს მაინც მოუწევს გასვლა საქართველოს ტერიტორიიდან. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, გულში მჯიღის ცემასა და გინებას არ ვაპირებთ. ვეუბნებით რუსეთს: გვინდა თქვენთან ნორმალური დამოკიდებულება, ვაჭრობა, ეკონომიკურ-კულტურული ურთიერთობები, გინდათ? - კი ბატონო, არ გინდათ და არ ვაპირებთ თქვენს გადაწყვეტილებებზე ჩამოკიდებას, ჩვენთვის რუსული ფაქტორი გადამწყვეტი არ არის. საქართველო 3 000 წლის განმავლობაში უამრავჯერ ყოფილა გახლეჩილი და ოკუპირებული, მაგრამ ვახერხებდით და ვერთიანდებოდით...

- ბატონო ირაკლი, ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციამდე უშვებთ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას?

- საბოლოო ჯამში, ურთიერთობების აღდგენა ნიშნავს პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასაც, მაგარამ ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია.

- გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილმა ამერიკელმა ანალიტიკოსმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ განაცხადა, საქართველო შესაძლოა რუსეთის მოკავშირე გახდეს, მაგრამ შეიძლება ეს მას ამერიკასთან მეგობრობის ფასად დაუჯდესო...

- ბატონი ბჟეზინსკი მართლაც უდიდესი ანალიტიკოსია, მაგრამ ის არის მე-20 საუკუნის ანალიტიკოსი და დღეს არ მონაწილეობს ამერიკის პოლიტიკის შემუშავებაში. მას ეტყობა არა აქვს სწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორი ინსტიტუციური გახდა საქართველო-ამერიკის ურთიერთობა ქარტიის ხელმოწერის შემდეგ. მინდა ბატონ ბჟეზინსკის შევახსენო რასმუსენის ის სიტყვები, რომელიც თავშიც ვთქვი: "საქართველოს გაწევრება ნატოში აბსოლუტურად არ უპირისპირდება საქართველოსა და რუსეთს შორის ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებას".

- თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პირველივე დღეებში ისაუბრეთ ამ უწყებაში არსებულ კორუფციაზე. კონკრეტულად რას გულისხმობდით?

- ვთქვი, რომ თავდაცვის სამინისტროში გამეფებული იყო ფისკალური და საფინანსო უპასუხისმგებლობა და ასევე არსებობდა ეჭვი კორუფციულ გარიგებებზე. შესწავლა უკვე დაწყებულია, აგრეთვე, დაიწყება გახმაურებული საქმის გამოძიება, ვგულისხმობ იარაღის შესყიდვას, როცა 50 ევროდ ღირებული ავტომატები 290 ევროდაა ნაყიდი.

- ამ შესყიდვის შესახებ ინფორმაციაზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნის გამო ოპონენტები ბევრს გაკრიტიკებენ...

- ამ კრიტიკას ვერ გავიზიარებ, გრიფი იმიტომ მოვხსენი, რომ ხალხმა იცოდეს, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის გადახდილი მისი ფული როგორ იხარჯებოდა.

- თქვენ განაცხადეთ, რომ თავდაცვის სამინისტროში ფარული შესყიდვები აღარ განხორციელდება, ეს ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს არ შეუქმნის?

- რა თქმა უნდა, არა. თავდაცვის სამინისტროში საიდუმლო ბევრი რამ იქნება, მაგრამ არავის მივცემ უფლებას, კორუფციული გარიგების გამო გრიფი "საიდუმლო" დაადოს ჩვენს საერთო ხარჯებს. სამინისტროში მიმდინარე პროცესები, რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში, გამჭვირვალე იქნება.

- თავდაცვის სამინისტროს მიერ იარაღის შესყიდვის თაობაზე ხშირად ისმოდა კითხვები, განსაკუთრებით ირაკლი ოქრუაშვილისა და დავით კეზერაშვილის მინისტრობისას, თუ აპირებთ იმ პერიოდში განხორციელებული შესყიდვების შესწავლას, ასევე მაინტერესებს, თუ იგეგმება 2004 წლის ზაფხულში ცხინვალის რეგიონში განხორციელებული სამხედრო ავანტიურის გამოძიება, რომლის შემდეგაც დაიწყო პროცესების ესკალაცია?

- წარსული მხოლოდ იმიტომ მაინტერესებს, რომ იგივე შეცდომები მომავალში არ გავიმეოროთ. აქედან გამომდინარე, გამოვედი ინიციატივით, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს ყველა სამხედრო წარმატება თუ წარუმატებლობა შევისწავლოთ და გავაანალიზოთ. ამის შედეგად გაკეთებულ დასკვნებზე უნდა დავაფუძნოთ მომავალში ჩვენი თავდაცვის დოქტრინა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნება წარმომადგენლობითი სამუშაო ჯგუფი. რაც შეეხება კონკრეტული შესყიდვის ფაქტებით დაინტერესებას, ეს სამართალდამცავი ორგანოების საქმეა....

- როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ქართული სამხედრო კონტინგენტის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, ამას იმჟამინდელი ოპოზიცია კრიტიკით შეხვდა. მათ შორის იყვნენ თქვენი ამჟამინდელი თანაგუნდელებიც. ცნობილია, რომ ქართველი სამხედროები 2014 წლამდე დარჩებიან ავღანეთში, ხომ არ იგეგმება მათი შემცირება?

- არა, იმ ვალდებულებას, რაც ჩვენს სახელმწიფოს აქვს აღებული, პირნათლად შევასრულებთ. ცოტა ხნის წინ ავღანეთში ვიყავი და სიამაყით გეტყვით, რომ ჩვენი მეომრების მაღალი პროფესიონალიზმით აღფროვანებულია ყველა ჩვენი მოკავშირე. ამერიკელ და ავღანელ მეგობრებთან ერთად ვფიქრობთ და ვაანალიზებთ, თუ რა ფორმით დავეხმარებით ავღანელებს უსაფრთხოების შენარჩუნებაში 2014 წლის შემდეგ. განვაგრძობთ ავღანური უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერას, მივიღებთ მონაწილეობას მათი სამხედრო განათლების ამაღლებაში, თუმცა ჩვენ 2014 წლის შემდეგ იქ აღარ გვექნება საომარი ფუნქცია.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა