ხათუნა ხუნდაძე: "ვიცი, ჩემი დისკრედიტაციის აქცია ვინც წამოიწყო!"

ხათუნა ხუნდაძე: "ვიცი, ჩემი დისკრედიტაციის აქცია ვინც წამოიწყო!"

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილედ უცხოეთიდან საგანგებოდ მოიწვიეს, თუმცა ქართველ საზოგადოებაში მის გამოჩენას სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარების გამო დიდი ხმაური მოჰყვა. მასთან ბევრი შეკითხვა გაგვიჩნდა და უკეთ გასაცნობად სამინისტროში ვეწვიეთ. შეხვედრამ და საუბარმა სასიამოვნო შთაბეჭდილება დაგვიტოვა და ინტერვიუს გამოქვეყნებასაც მაშინვე ვაპირებდით, რომ არა კულტურის მინისტრისა და მისი გუნდის გადაწყვეტილება - ხათუნა ხუნდაძე და იური მეჩითოვი მოადგილეებად არ დაამტკიცეს. იმ ვითარებაში უფრო საშური ბატონ გურამ ოდიშარიასთან ინტერვიუ აღმოჩნდა, ქალბატონ ხათუნასთან ინტერვიუს კი დღევანდელ ნომერში გთავაზობთ, ოღონდ ორი კვირის წინ ჩაწერილ საუბარს დამატებითი კითხვით დავიწყებთ: რას ფიქრობს, რატომ თქვეს უარი მის მოადგილეობაზე?

- კარგად ვიცი, ჩემი დისკრედიტაციის აქცია ვინც წამოიწყო, მაგრამ მისი საჯაროდ დასახელება ჩემს ღირსებას არ შეეფერება. ერთს კი ვიტყვი: მეეჭვება, ის ქართული კულტურის ბედზე წუხდეს ან აშფოთებდეს, ხათუნა ხუნდაძე ღუპავს ქართულ კულტურასო. მან ეს ჩემს დასამცირებლად და სხვის წინ წამოსაწევად წამოიწყო და ამიტომ მის სინდისზე იყოს... რაც შეეხება საზოგადოებრივ აზრს: რომელი საზოგადოების აზრზეა ლაპარაკი, ვინც ჩემი შემოქმედებით მიცნობდა ან თუნდაც ამ ერთი თვის განმავლობაში საქმიანი შეხვედრებისას გამიცნო და მხედავდა, როგორ ვმუშაობდი დილიდან შუაღამემდე, თუ იმ საზოგადოების, ამ მოკლე პერიოდში ხეირიანად რომ ვერც წარვუდექი, რადგან ხელოვნურად აგორებული დარტყმების მოგერიებას ვუნდებოდი? საზოგადოების ამ ორი ნაწილის აზრი რადიკალურად განსხვავებულია, თუმცა ვერაფრით გავკიცხავ ჩემდამი უარყოფითად განწყობილ ნაწილს, რომელმაც 20 წლის განმავლობაში ბევრი გაჭირვება და ტანჯვა გამოიარა და ბევრჯერაც გააწბილეს. მათთვის აღმოვჩნდი უცხო სახე, რომელიც წლების განმავლობაში უცხოეთში ვცხოვრობდი. არადა, კარგ ცხოვრებას ხომ არ გავქცევივარ აქედან? ხალხმა, ალბათ, იფიქრა, რომ მზამზარეულად მომეცა თანამდებობა. მაგრამ არც თანამდებობაა ჯილდო. ალბათ, აჯობებდა, ჯერ კარგი დაენახათ ჩემში და მერე დაეწყოთ ცუდის ლაპარაკი. უღირსს ხომ არ მიმიყვანდნენ სამინისტროში? მინდა იცოდეთ, რომ ქართული კულტურისთვის სახიფათო ნამდვილად არ ვარ! პირიქით - მისთვის ბევრი კარგი საქმის გაკეთება მინდა და, ალბათ, ამის საშუალებაც მომეცემა. გადამიყვანეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტში, რომელიც არანაკლებ საინტერესოა. მიმაჩნია, რომ აქაც ბევრი რამის გაკეთება შემიძლია და საამისოდ ძალასა და ენერგიას არ დავიშურებ. მერე კი შემაფასოს საზოგადოებამ.

- ვიდრე ახალი საქმეებით შეგაფასებთ, გვინდა, თქვენი შემოქმედებით და უცხოეთში განხორციელებული პროექტებითაც გაგიცნოთ.

- შეგნებული ცხოვრება გერმანიაში გავატარე, თუმცა საშუალო სკოლა და ვირსალაძის სახელობის სახელოვნებო სკოლა თბილისში დავამთავრე და შესანიშნავი განათლებაც მივიღე. სამედიცინო ინსტიტუტში პედიატრიის განხრით ვისწავლე, მაგრამ მაინც ხელოვნების სიყვარულმა მძლია. კარგად ვძერწავდი, ვქარგავდი, დიდ ტილოებსაც ვხატავდი და მოგვიანებით ვერცხლზე მუშაობაც შევისწავლე. პირველად ექიმების მიერ მოწყობილ გამოფენა-კონკურსზე წარვადგინე ჩემი ნამუშევრები და გრან-პრიც კი ავიღე. ამან ცოტათი გამათამამა და მოსკოვშიც მოვაწყვე გამოფენა. ასე, ნელ-ნელა ჩამითრია პროფესიულმა ხელოვნებამ. გერმანიაში 1995 წელს ჩემს დასთან, მანანასთან ერთად წავედი სასწავლებლად და ძიძად სამუშაოდ. დამ შტუტგარტის სახელმწიფო უმაღლეს სამუსიკო სკოლაში ჩააბარა ჯაზისა და პოპულარული მუსიკის განხრით, მე კი კვლავ თბილისში დავბრუნდი. თუმცა ევროპამ საბოლოოდ განსაზღვრა ჩემი არჩევანი - დის წყალობით ბარსელონაში მოგზაურობა ისეთი შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ნახევრად უშუქო თბილისში დამტვრეული ბოთლებისგან ულამაზესი ნამუშევრები შევქმენი, მძივებით შევამკე და გამოფენაც მოვაწყვე. საოცარი წარმატებით გაიყიდა ჩემი ბოთლები. იმ ფულით კვლავ გერმანიაში წავედი, შტუტგარტის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე და კერამიკა-ქანდაკება-ინსტალაციის განხრით ვისწავლე. საოცნებო გარემოში და ხალხთან მომიხდა ურთიერთობა. პარალელურად, გავიცანი იქაური უსახლკაროები, დავაინტერესე ხელოვნებით და მათთან ერთად ჩავიფიქრე ძალიან საინტერესო პროექტი. განსახორციელებლად დამფინანსებელიც ვიპოვე, გამომიყვეს სახელოსნო, სადაც მოდიოდნენ ეს ადამიანები და ვასწავლიდი გამოყენებით ხელოვნებას. ერთობლივი ნამუშევრებით ვაწყობდით გამოფენებს და ეს ურთიერთობა 8 წელიწადს გაგრძელდა. ისე დავმეგობრდით, საერთო საცხოვრებლიდან რომ უნდა წამოვსულიყავი, შტუტგარტში ისინი ეძებდნენ ჩემთვის ბინას. ვხუმრობდი კიდეც, სასაცილო არ იქნება, უსახლკაროებმა რომ მიშოვონ ბინა-მეთქი (იცინის)? იმდენი ნამუშევარი დაგვიგროვდა, ქალაქის ხელისუფლებას არაპროფესიონალი მხატვრების გალერეის გაკეთება შევთავაზე. წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ანტიკვარული წიგნების მაღაზია გამომიყვეს საამისოდ, ნაწილობრივ გავარემონტე კიდეც, მაგრამ თბილისში მომიწია წამოსვლამ. სხვათა შორის, ამ იდეის განხორციელება არც აქ იქნება ურიგო... "ჩემს უსახლკაროებს" კი ძალიან დავწყვიტე გული. თბილისში რომ მოვდიოდი, გამომეტირნენ. ლამის ყოველდღიურად ვურთიერთობთ ელექტრონული ფოსტით. გერმანიაში ქართული პროექტებიც განვახორციელე: იმპრესარიოები ვიპოვე და ორჯერ მოვაწყვეთ "სუხიშვილების" კონცერტები, რეჟისორ გიორგი ებრალიძესთან ერთად გადავიღე დოკუმენტური ფილმი ინგოშტადტის ქართულ კამერულ ორკესტრზე. მანამდეც ვიღებდი მოკლემეტრაჟიან ფილმებს. სერიით "უძეგლო გმირები" გადავიღე 12-წუთიანი ფილმი-პორტრეტი ქართველ ქალზე, სახელად ეთერზე, რომელსაც 5 წლის იყო, ტრამვაიმ რომ გადაუარა და ორივე ფეხი მოკვეთილი აქვს. ეს გაუტეხელი ქალი 88 წლამდე ტაბურეტზე გადმოშვებული გრძელი კაბით და უცნაური მოძრაობით ახერხებდა გადაადგილებას და საქმიანობას. ამ ფილმმა ბევრი ფესტივალი მოიარა და საკმაოდ წარმატებითაც...

- ამდენი გიშრომიათ, პირადი ცხოვრებისთვის კი ვერ მოგიცლიათ.

- სამწუხაროდ, პირადმა ცხოვრებამ თითქოს გვერდზე, შემოქმედების პარალელურად ჩაიარა. თუმცა მგონია, სადღაც გადაიკვეთება... ვითომ - არა (იღიმის)?!

ინტერვიუ: "ქართული კულტურისთვის სახიფათო ნამდვილად არ ვარ"

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"