სად დაფრინავდა პრეზიდენტი Gulfstream G450-ით

სად დაფრინავდა პრეზიდენტი Gulfstream G450-ით

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ Gulfstream G450 საფრენი აპარატით განხორციელებული ფრენების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, ვაკო ავალიანმა განაცხადა, ამ დროისთვის, კანონის შესაბამისად, ამ ბორტით 2011 წელს განხორციელებულ ფრენებზე გრიფი მოხსნილია.

მისივე თქმით, 2011 წლის 26-30 სექტემბერს აღნიშნული ბორტით განხორციელდა ფრენა თბილისი-ბათუმი-ვენა-ვარშავა-თბილისის მიმართულებით. 29-30 სექტემბერს ვარშავაში გაიმართა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მეორე სამიტი, რომელსაც პრეზიდენტიც ესწრებოდა.

2001 წლის 26 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდა რეისი თბილისი-ბათუმი-ლასპალმასი-ზანდერი-ლიმა-კუსკო-მერმუდა-ნორთჰოლდი-ბათუმი-თბილისი. ვაკო ავალიანის განცხადებით, ოფიციალურად ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი 29 ივლისს ლიმაში, პერუს პრეზიდენტის, ოლანდა ჰუმალას ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო.

ავალიანის განმარტებით, ამავე ბორტით განხორციელდა 2011 წლის 28 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე ფენები თბილისი-ბათუმი-პალანგა-ბათუმი-თბილისი, 2011 წლის 4 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით თბილისი-ბათუმი-რომი-პიზა-გენუა- კრაკოვი-თბილისი. 2011 წლის 14-19 აგვისტოს თბილისი-ბათუმა-ნიცა-მილანი-ბათუმი თბილისი.

"აღნიშნული Gulfstream G450-ით განხორციელებული ფრენებიდან მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. საქართველოს ბიუჯეტიდან ასევე ფინანსდებოდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ფრენები ლასპალმასის, ნიცისა და მსოფლიოს მრავალ ტურისტულ ცენტრში. ამ ბორტით ფრენები განხორციელდა 2012 წელსაც, თუმცა, 2012 წლის მონაცემებს გრიფი ადევს", - აღნიშნა ავალიანმა.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს პრეზიდენტის მეორე თვითმფრინავის გასხვისების პროცედურა. "რაც იყო გაფორმებული და რის გადასახადსაც ვიხდიდით საქართველოს მოქალაქეები, ეს იყო დაახლოებით 800 ათასი ლარი. ეს კონტრაქტი, რომელიც არსებობდა, პრაქტიკულად შეწყდა და მიმდინარეობს ამ თვითმფრინავის გასხვისების პროცედურა", - აღნიშნა ალასანიამ.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით კი, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტს ორი თვითმფრინავი ჰყავს, სიმართლეს არ შეესაბამება. "პრეზიდენტი გადაადგილებისთვის ერთ საჰაერო ხომალდს იყენებდა, მეორე ბორტი კი მთავრობის განკარგულებაში იყო. არჩევნების შემდეგაც მდგომარეობა უცვლელი დარჩა. პრეზიდენტი სარგებლობს ერთი ხომალდით, მეორე ბორტი კი ისევ რჩება მთავრობის, კონკრეტულად კი, თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს იმის თაობაზე, რომ ხომალდი შეძენილია ლიზინგის წესით და გადაწყვეტილება მიღებულია სალიზინგო კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, რაც ავტომატურად გამოიწვევს უკვე გადახდილი თანხის დაკარგვას, რითაც სახელმწიფოს სოლიდური ზარალი მიადგება. აქვე დავძენთ, რომ ლიზინგის წესით შეძენა, ზოგადად, მიღებული და აპრობირებული მეთოდია", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა