რას ედავებიან კახეთის ყოფილ გუბერნატორს

რას ედავებიან კახეთის ყოფილ გუბერნატორს

კახეთის ყოფილ გუბერნატორს, ამჟამად პარლამენტარ გიორგი ღვინიაშვილს თელავის მრავალდარგოვანი ქარხნის დირექტორი თემურ სულხანიშვილი პროკურატურაში უჩივის. სულხანიშვილი ამბობს, რომ რამდენიმე მილიონად შეფასებული ქარხანა ღვინიაშვილმა თავის მეგობარს უმნიშვნელო თანხად მიჰყიდა:

- თელავის მრავალდარგოვანი ქარხანა 1970 წელს აშენდა სახელმწიფოს თანხებით. იმხანად მელიორაციის სამინისტროში ვმუშაობდი და ჩართული ვიყავი ამ ქარხნის მშენებლობის პროცესში. მას შემდეგ, რაც ქარხნის რაღაც ნაწილი ექსპლუატაციაში შევიდა, ვარ მისი დირექტორი. წყალსაცავებისთვის ვმუშაობდით, ვაწარმოებდით ლითონისა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციებს. 1995 წელს, როდესაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა აირია, ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა, რადგან დიდ შეკვეთებს სწორედ რუსეთიდან ვიღებდით და იქედან ვმარაგდებოდით. ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდოდა ხელისუფლებაში, დავიწყეთ მუშაობა ბაზალტის ბოჭკოს წარმოების პროექტზე, რომელსაც "ქართუ" აფინანსებდა. მაგრამ როდესაც "ბადაგონის" საწარმოში დიდი ოდენობით ღვინო დაღვარა პეტრე ცისკარიშვილმა და ქარხანა დაანგრიეს, ინვესტორებმაც უარი თქვეს თანამშრომლობაზე. ქარხანა გაჩერდა და მე ვუვლიდი ჩემი ხარჯებით. 2009 წელს, როდესაც კახეთის გუბერნატორად დანიშნულ გიორგი ღვინიაშვილს შევხვდი, მითხრა: ვიცი, ავტორიტეტული კაცი ხარ, ისიც ვიცი, რომ ქარხანა შენია, მაგრამ მასზე ხელი უნდა აიღო, ეს ქარხანა ჩემი ძმაკაცი ფეფესთვის მინდა, აქ სასტუმრო უნდა ავაშენოთ და წინ ნუ გადამიდგებიო. როცა ვკითხე, ფეფე ვინ არის-მეთქი, ვაზისუბნელი ფეფე ჩემი ძმაკაცია, თბილისში, ნახალოვკაში აკვაპარკი აქვსო.

- როგორ გაიყიდა ქარხანა?

- მაქვს აუდიტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ეს ქარხანა 44 მილიონ დოლარად არის შეფასებული, მაგრამ გიორგი ღვინიაშვილმა გამოაცხადა ე.წ. პირობითი ტენდერი, სადაც მე არ მიმაღებინა მონაწილეობა და ქარხანა, სულ რაღაც, 5500 დოლარად მიჰყიდა შპს "ევროპარკს". როცა მივხვდი, რომ ქარხანას ვეღარ შევინარჩუნებდი, ვუთხარი, რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ ქარხნის ტერიტორიაზე 700 ტონა ფურცლოვანი ლითონი მაქვს და ის მაინც დამითმე-მეთქი. ეს ლითონი 1995 წელს შევიძინე, იქამდეც გავყიდდი, მაგრამ სულ მქონდა იმედი, რომ ქარხანას ავამუშავებდი და ამ ლითონსაც გამოვიყენებდი. ღვინიაშვილმა მიპასუხა, მარტში ჩამოვა ფეფე სულხანიშვილი მოსკოვიდან, გავაფორმებთ ტენდერის შედეგებს და ლითონსაც გაგატანთო. მაგრამ... როცა საშველი აღარ იყო, შევაწუხე კახეთის პროკურორი თამაზ საბუტაშვილი, ვაჩვენე დოკუმენტები. საქმე გამოიძია ფინანსურმა პოლიციამ, მაგრამ მივხვდი, რომ არ აპირებდნენ ჩემი ქონების დაბრუნებას. ფეფე კი ყოველ დღე იჯდა ფინანსურ პოლიციაში და აწყობდა გეგმებს, როგორ მიეთვისებინა 700 ტონა ფურცლოვანი ლითონი. გავუგზავნე ერთი პიროვნება და დავაბარე, ქარხანა ხომ მიისაკუთრეთ, ლითონს მაინც ნუ წამართმევთ-მეთქი. ფეფემ მიპასუხა, მე რა ვქნა, ამას ადეიშვილი მაძალებსო. ეს ყველაფერი ვუთხარი თამაზ საბუტაშვილს - ზურაბ ადეიშვილის მეჯვარეს. საქმეში ძალიან ბევრი ადამიანი ჩავრიე. ორჯერ შევხვდი მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას, ავუხსენი საქმის დეტალები, მივუტანე მასალები. მან გამგზავნა დავით ტყეშელაშვილთან, რომელიც იმხანად ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო, დღეს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. გიორგი ღვინიაშვილს დაურეკა მთავარი პროკურორის იმჟამინდელმა მოადგილემ დავით საყვარელიძემაც, მაგრამ არაფერმა გაჭრა. როცა საბოლოოდ წამართვა ქონება, ღვინიაშვილმა შემომითვალა, პრეზიდენტმაც რომ მითხრას, ქარხანას მაინც არ დაგითმობ, ვიცი, ეს ქონება შენია, მაგრამ ასეთი ხოში მაქვს და არ დაგითმობო. ცოტა ხნის შემდეგ ღვინიაშვილის წარმომადგენელი მოვიდა ჩემთან, მითხრა, შეგიძლია შენი ლითონის წაღებაო. მაგრამ მოულოდნელად დამიბარეს პოლიციაში და პირდაპირ განმიცხადეს, ან ქონებას დათმობ, ან ციხეში ჩაგსვამთო. 3 საათის განმავლობაში ვიყავი პოლიციაში, მემუქრებოდნენ, გამომძიებელი ტელეფონით ესაუბრებოდა ვიღაცას და რასაც ის ეუბნებოდა, დამაწერინეს. რამდენიმე დღეში კი ფეფე დაიჭირეს ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებთან შელაპარაკების გამო. მიუსაჯეს წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა და გლდანში გადაიყვანეს. შემდეგ მას თავდებში დაუდგნენ გიორგი ღვინიაშვილი და ვინმე ქადაგიძე, გადაახდევინეს გირაო და გამოუშვეს. სწორედ ამის შემდეგ ააშენა ქარხნის ტერიტორიაზე აკვაპარკი. ოღონდ უნდა ნახოთ, ეს რა აკვაპარკია - მხოლოდ ორი ჩამოსასრიალებელი და ერთი აუზი გააკეთეს, რომელშიც ბინძური წყალია. არადა, სატენდერო ხელშეკრულებაში ეწერა, რომ იქ გამაჯანსაღებელი ცენტრი უნდა აშენებულიყო, მაგრამ სად არის? ფეფემ დაშალა ქარხნის ტერიტორიაზე არსებული ორი კორპუსი და ჯართში ჩააბარა. როგორც შევიტყვე, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს მთავარი პროკურორის პოსტზე გიორგი ღვინიაშვილი უნდა წარედგინა, მაგრამ გიული ალასანიასთან ჩემი მისვლის შემდეგ ღვინიაშვილის კანდიდატურა მოიხსნა. აი, ამის მერე ჩამიდგა ჯიბრში ღვინიაშვილი. ახლა შევიტანე პროკურატურაში სარჩელი და ველოდები პასუხს. გიორგი ღვინიაშვილს ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი კახეთში და პასუხი უნდა აგოს. რატომ წამართვა ქონება, რატომ დაანგრია ქარხანა? რატომ არსად ჩანს მისი ძმაკაცი ფეფე? ბოლომდე მივიყვან ამ საქმეს და გიორგი ღვინიაშვილს ამ უკანონობას არ შევარჩენ!

თემურ სულხანიშვილთან საუბრ­ის შემდეგ პარლამენტარ გიორგი ღვინიაშვილს დავუკავშირდით:

- პირდაპირ გეტყვით, რომ თემურ სულხანიშვილი სამკურნალოა. ეს ქონება გაყიდა ეკონომიკის სამინისტრომ. ამ პროცედურების ამსახველი ყველა დოკუმენტი სამინისტროში შეგიძლიათ მოიძიოთ. ეს ქარხანა თემურ სულხანიშვილის ქონება არ ყოფილა და მას ვერავინ წაართმევდა.

- ის ამბობს, რომ დღემდე ქარხნის დირექტორია?

- მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო!

- ბატონო გიორგი, თემურ სულხანიშვილი ამბობს, რომ თქვენ მას არ მიეცით ტენდერში მონაწილეობის უფლება და საკმაოდ მცირე თანხად გაყიდეთ ქონება...

- აბსურდია, მე როგორ შემეძლო ტენდერზე რამე გავლენის მოხდენა? არც მქონდა ამის უფლება. სულხანიშვილმა ისიც თქვა, თითქოს თვითონ გაარემონტა შენობა, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ ყოფილა. ამ ადგილზე ახლა ავაშენეთ აკვაპარკი და რეგიონისთვის კარგი საქმე გავაკეთეთ.

- ფეფე სულხანიშვილს იცნობთ?

- ვიცნობ, როგორ არა. დღემდე მაქვს მასთან ურთიერთობა. მან გამოთქვა სურვილი, რომ რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია ჩაედო ამ ადგილზე აკვაპარკის და დასასვენებელი კომპლექსის აშენებაში და ეს გააკეთა კიდეც.

- რატომ არ დაუბრუნეთ თემურ სულხანიშვილს მისი კუთვნილი 700 ტონა ფურცლოვანი ლითონი?

- ეს ლითონიც არ იყო მისი საკუთრება და ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა აუქციონზე. მიბრძანდით სამინისტროში და ნახავთ ამ დოკუმენტებს.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"