რატომ "ეწვის კუდი" უგულავას და რაში უნდა შეეჯიბროს მას ხელისუფლება

რატომ "ეწვის კუდი" უგულავას და რაში უნდა შეეჯიბროს მას ხელისუფლება

დენზე მიბმული ნაგვის გადასახადი, მიკროავტობუსების თემა, საქალაქო სამსახურების მუშაობა და თბილისის ბიუჯეტის ხარჯვა - ის თემებია, რის გამოც ქალაქის საკრებულოში სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები ხშირად კამათობენ. ბოლო დროს კი ამ საკითხებით შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო უწყებაც დაინტერესდა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფ შვიდ სამსახურში რევიზია დაიწყო. ყოფილ და მოქმედ ჩინოსანთა დაკითხვა-დაკავების ფონზე, გაჩნდა მოლოდინი, რომ მთავარ პროკურატურაში მალე შესაძლოა, ქალაქისთავიც დაიბარონ...

- კვირა არ გავა ისე, რომ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი არ დაიბარონ მთავარ პროკურატურაში, ზოგს გირაოს საფუძველზე ათავისუფლებენ, ზოგსაც სასამართლომდე წინასწარ პატიმრობას უფარდებენ. ფიქრობთ, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი ქმედება თუ სამართლიანობის აღდგენის გზა?

ჯაბა სამუშია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, "ქრისტიან-დემოკრატების" წევრი:

- ნაციონალური მოძრაობის 9-წლიანი მმართველობის განმავლობაში საზოგადოება ბევრი უსამართლობის მოწმე გახდა. ბუნებრივია, რომ ახლა ამ მოვლენების შეფასება მიმდინარეობს. მხოლოდ თბილისში, უამრავი ფაქტია აღნუსხული, რაც საზოგადოებაში სამართლიან კითხვას ბადებს. ეს არის როგორც ქონების ჩამორთმევის ფაქტები, ასევე ტენდერები, სხვადასხვა ფონდის საქმიანობა და ა.შ. თუ აღმოაჩინეს დარღვევები, რომ ვიღაცამ საზოგადოების ფული "შეჭამა", ის უნდა დაისაჯოს. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ასე ხდება. როგორ წარმოგიდგენიათ, გერმანელი, ფრანგი, ინგლისელი ან ამერიკელი აპატიებს მის წინამორბედ ხელისუფლებას საარჩევნოდ ბიუჯეტის გაფლანგვას? ჰელმუტ კოლს, კაცს, რომელიც იყო ლეგენდა XX საუკუნის გერმანიის პოლიტიკურ სივრცეში, არ აპატიეს ის, რომ პარტიის ბიუჯეტში არამიზნობრივად გახარჯული 1 მილიონი გერმანული მარკა აღმოუჩინეს. 1 მილიონი გერმანული მარკა დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარია, ჩვენს შემთხვევაში კი, მხოლოდ თბილისის მერიის წილად, 73 მილიონი ლარის არამიზნობრივად ხარჯვაზეა საუბარი.

კოკი იონათამიშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა":

- სამწუხაროა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ, მმართველობის პირველი ორი თვის განმავლობაში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას, თავი მხოლოდ დაჭერებით დაამახსოვრა. ბუნებრივია, რომ ჩვენ ამაში პოლიტიკური დევნის ნიშნებს ვხედავთ. და არა მხოლოდ ჩვენ, ეს ცხადია აბსოლუტურად ყველასთვის, როგორც ჩვენი პოლიტიკური მომხრეებისთვის, ასევე მოწინააღმდეგეებისთვის. უბრალოდ, ზოგი ამას გმობს, ზოგიც კი პირიქით, მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ დაკავებულთა რიცხვი უფრო გაიზარდოს. რა თქმა უნდა, არც ჩასაფრებულის პოზიციიდან ვლაპარაკობ და მათგან არც არავინ ითხოვს ერთ-ორ კვირაში დანაპირების შესრულებას, მაგრამ ერთ კონკრეტულ მაგალითსაც ვერ დამისახელებთ დაჭერების გარდა, რითიც მათ საზოგადოებას თავი დაამახსოვრეს.

- შემოსავლების სამსახური თბილისის მერიის რამდენიმე სამსახურის საქმიანობით დაინტერესდა და ფინანსური რევიზიის ჩასატარებლად შევიდა. რამდენად აუცილებელი იყო ფინანსთა სამინისტროს ეს ქმედება?

ჯაბა სამუშია:

- გთხოვთ, ეს ტექსტი უცვლელად დატოვოთ: თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი, ვინც დაიანგარიშა, თუ რა შემოსავალი შეიძლება ჰქონოდა წელიწადში თბილისის დასუფთავების სამსახურს. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მოსახლეობიდან ამოღებული გადასახადიდან ამ უწყებაში წელიწადში დაახლოებით 42 მილიონი ლარი შედის. და არ დაგავიწყდეთ, რომ ამ 42 მილიონში არ არის ასახული დასუფთავების გადასახადის გადამხდელის ორი მნიშვნელოვანი სეგმენტი - კომერციული ობიექტები, სადაც გადასახადის დაანგარიშება ფართობის მიხედვით ხდება და საკმაოდ მაღალია და ტექნიკური, სამშენებლო ნარჩენის გატანის მომსახურება. ჩვენ კი დასუფთავების სამსახური გვიმტკიცებს, რომ მათი წლიური შემოსავალი მხოლოდ 48 მილიონი ლარია, რაც მის გამართულ მუშაობას სჭირდება. აღსანიშნავია, რომ როგორც კი წელს დენზე მიბმული ნაგვის გადასახადი განახევრდა, მაშინვე ბიუჯეტიდან შემცირებული თანხის სუბსიდირება მოხდა. საეჭვოა ისიც, რომ სამსახური, რომელსაც ამხელა ინფრასტრუქტურა აქვს, შემოსავლის ნახევარზე მეტს ხელფასებში ხარჯავს. შესაბამისად, გაჩნდა ეჭვი, ხომ არ იყვნენ დასუფთავების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე გაფორმებული ე.წ. ზონდერები. ერთი წლის განმავლობაში სამჯერ რომ ჩადის ქალაქის მერი ლას-ვეგასში და იქიდან ერთი ფარატინა ქაღალდიც არ ჩამოაქვს ხელმოწერილი, კითხვები არ გაჩნდეს?

კოკი იონათამიშვილი:

- ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ვფიქრობ, არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" მარცხი განაპირობა, ის იყო, რომ ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით უფრო მეტად არ ვიმუშავეთ საზოგადოებასთან. ბევრი თემა, რომელიც ჩავთვალეთ, რომ საზოგადოებისთვის ისედაც ნათელი იყო, სათანადოდ ვერ შეფასდა. მაგალითად, სამარშრუტო ტაქსების ტენდერი - ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, რთული და წარმატებული პროექტიდან მივიღეთ თემა, რომელსაც მუდმივად გვაყვედრიდნენ. ამავე დროს, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები დაინტერესებული იყვნენ, ჩირქი მოეცხოთ ჩვენთვის და ხშირ შემთხვევაში არ ერიდებოდნენ ცალსახა დეზინფორმაციასა და ხალხის მოტყუებას. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ბუნებრივია, მაქვს პოლიტიკური შეფასების გაკეთების უფლება და მინდა გითხრათ, რომ ფინანსური რევიზიის დაწყება მერიის სხვადასხვა სამსახურში საზოგადოებაში აღიქმება, როგორც პოლიტიკური დევნა.

- ქალაქის მერის განცხადებით, ფინანსურმა შემოწმებამ შესაძლოა, საქალაქო სამსახურების პარალიზება გამოიწვიოს. თქვენც ასე ფიქრობთ?

ჯაბა სამუშია:

- როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ფინანსური რევიზია დოკუმენტაციის შესწავლას გულისხმობს. მეეზოვეები თუ ბუღალტრებად ჰყავთ გაფორმებული და ამის გამო ღელავენ, არ ვიცი. სხვა მხრივ კი გაუგებარია, რატომ უნდა შეექმნათ მეეზოვეებს ქალაქის დასუფთავების პრობლემები? როგორც ჩანს, გიგი უგულავას "კუდი ეწვის" და ამიტომაც აკეთებს ასეთ განცხადებებს. სხვადასხვა სამსახურის პარალიზება სწორედ უგულავას ასეთმა არასახელმწიფოებრივმა განცხადებამ შეიძლება გამოწვიოს. XXI საუკუნეში თბილისს მეეზოვეები ცოცხებით ასუფთავებენ, რაც სულ ცოტა, დიდი სირცხვილია. ლას-ვეგასში რომ იყო ჩასული დასუფთავების ხელსაწყოების სანახავად, საინტერესოა, რა ნახა ქალაქის მერმა, რომ მეეზოვეები ცოცხებით დადიოდნენ?

კოკი იონათამიშვილი:

- სხვათა შორის, ქალაქის მერის ამ განცხადებას გარკვეული პრევენციული ხასიათიც ჰქონდა და წინა პირობა იყო იმისა, რომ ქალაქის არც ერთ სამსახურს, სადაც ფინანსური შემოწმება მიმდინარეობს, გამართული მუშაობისას პრობლემა არ შეჰქმნია. ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც ასე იქნება. დასუფთავების სამსახურისთვის ერთი დღით მუშაობის შეფერხებაც საკმარისი იქნება, რომ ჩვენ ყველა ძალიან არაკომფორტულ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ.

- ხშირად ისმოდა კითხვები მერიის მიერ ჩატარებულ ტენდერებზე. არსებობდა და ახლაც არსებობს მოსაზრება, რომ ამ ტენდერებში მერიის მაღალჩინოსნების მიერ ლობირებული კომპანიები იმარჯვებდნენ. მათ შორის იყო სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებული ტენდერი. ფიქრობთ, რომ მერიის მიერ სხვადასხვა დროს გამართული ტენდერები უნდა გადაიხედოს შესაბამისი საგამოძიებო სამსახურების მიერ?

ჯაბა სამუშია:

- მე შემიძლია დაზუსტებით გითხრათ ერთ კონკრეტულ ტენდერთან დაკავშირებით. ეს იყო სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებული ტენდერი, რომლის მონაწილე გახლდით, როგორც კომისიის წევრი და დღიდან მისი ჩატარებისა, აღნიშნული ტენდერის პირობების გადახედვისთვის ვიბრძვი. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო ტენდერი, სადაც თავიდანვე იყო გამოკვეთილი გამარჯვებული. მერიამ ამ ტენდერში გაამარჯვებინა ორგანიზაციას, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის არც გამოცდილება ჰქონდა, არც შესაბამის ავტოპარკს ფლობდა და არც ფულად რესურსს, რაც ბიზნესის შემდგომ განვითარებას სჭირდებოდა. ამის შემდეგ, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ რამდენჯერმე დაარღვია ტენდერით გათვალისწინებული პირობები, მათ შორის ავტომობილების განსაზღვრულ ვადაში შემოყვანა, რაც ამ კომპანიის დაჯარიმების საფუძველი უნდა გამხდარიყო. სხვათა შორის, დღემდე არ არის შემოყვანილი სამარშრუტო ტაქსების ტენდერით განსაზღვრული რაოდენობა. სატენდერო პირობების თანახმად, კომპანია პირობების შეუსრულებლობისთვის 1.300.000 დოლარით უნდა დაეჯარიმებინათ და მხოლოდ 100-ლარიანი ჯარიმა აკმარეს.

კოკი იონათამიშვილი:

- დღეს ყველა ტენდერი მიმდინარეობს ელექტრონულად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მონაწილეობა და შემდეგ სხვისი აპლიკაციების ნახვა. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ ამ სფეროში კორუფციის ნიშნები იკვეთება, გადაჭარბებული მგონია. კიდევ უფრო აქტიურები უნდა ვყოფილიყავით, რომ ეს თემა უფრო ნათელი ყოფილიყო საზოგადოებისთვის. რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსების ტენდერს, ეს თითქოს ყბადაღებული თემაა, მაგრამ ამავე დროს ამ საკითხთან დაკავშირებით არც ერთი კითხვა პასუხის გარეშე არ დარჩენილა. გასაგებია და ბუნებრივიც, რომ თბილისელებს არ მოსწონთ მგზავრობის ტარიფის გაზრდა, მაგრამ ისიც ხომ გასათვალისწინებელია, რომ ეს კერძო ბიზნესია, ახალი ავტომობილი უფრო ძვირი ჯდება და თან, ახლა ეს ბიზნესი გადასახადებს იხდის, რაც ადრე არ ხდებოდა. მე ვიყავი აღნიშნული ტენდერის კომისიის წევრი, ჩემთვის ხელმისაწვდომი იყო ყველა ინფორმაცია და შემიძლია გითხრათ, რომ უსამართლო და არაკანონიერი არაფერი მომხდარა.

- პროკურატურაში ამბობენ, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ კომპრომატები გროვდება. ფიქრობთ, რომ მასაც დააკავებენ?

ჯაბა სამუშია:

- ციხეში მოხვედრას არავის ვუსურვებდი, მაგრამ თუ დადასტურდა, რომ მერიის სამსახურებში მნიშვნელოვან დარღვევებს აქვს ადგილი, ჩემი, როგორც პოლიტიკოსის მოთხოვნა იქნება, რომ უგულავა გადადგეს. როგორ იმოქმედებს პროკურატურა და სამართალდამცავები, ეს მათი უფლებაა და სცილდება ჩემს კომპეტენციას.

კოკი იონათამიშვილი:

- საუბარია ქალაქის არჩეულ მერზე, რომელსაც ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, აქვს საკმაოდ მაღალი მხარდაჭერა. თუმცა, ვერაფერს გამოვრიცხავ და ვერ ვილაპარაკებ აღნიშნული უწყების სახელით. მგონია, რომ დიდი სიფრთხილით მოეკიდებიან ამგვარ საკითხს, რადგან გიგი უგულავას მიმართ ასეთ ქმედებას დიდი რეზონანსი ექნება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საზოგადოებაში. პირადად მე არ ვურჩევდი ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმას.

- კომუნალური გადასახადების შემცირება "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ პირობის შესასრულებლად ბევრი წინააღმდეგობა არსებობს. ფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება დენის, ბუნებრივი აირისა და სხვა კომუნალური გადასახადების მნიშვნელოვნად შემცირება?

ჯაბა სამუშია:

- მიმაჩნია, რომ ამ ყველაფრის დაანგარიშება შესაძლებელია. მაგალითად, წყლის ტარიფის მნიშვნელოვნად შემცირება აბსოლუტურად შესაძლებელია. ამაზე ახალმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს. დასუფთავების გადასახადი განახევრდა, მაგრამ მე მომხრე ვარ, რომ მისი გამიჯვნა მოხდეს ელექტროენერგიის გადასახადისგან.

კოკი იონათამიშვილი:

- გამიხარდება, თუ ასეთი რამ მოხერხდება. იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც მე მაქვს ტარიფებთან დაკავშირებით, შემცირების დიდი რესურსი არ გვაქვს და ეს შეიძლება მხოლოდ რაღაცის ხარჯზე მოხდეს. თუ ეს რაღაც იქნება სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება ან ტარიფში საინვესტიციო შემადგენლის ამოღება, შორეულ პერსპექტივაში ამას უარყოფითი ეფექტი ექნება და ძალიან აზარალებს ქვეყანას. მაგალითად, ელექტროენერგიიდან საინვესტიციო ტარიფის ამოღება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ მშენებარე ჰესების დასრულებას, აშენებას, რაც მომავალში ძალიან გვაზარალებს.

- რა მიგაჩნიათ დღეს თბილისელების უმთავრეს პრობლემად?

ჯაბა სამუშია:

- ეს არის მაღალი კომუნალური ტარიფები, სოციალური და ჯანდაცვის საკითხები. თბილისის ბიუჯეტს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, ეზრუნა რამდენიმე მუნიციპალურ საავადმყოფოზე და ამ სფეროში ადამიანები დაესაქმებინა. მეფის რუსეთის დროსაც კი თბილისის მაშინდელ საკრებულოს სტიპენდიანტები ჰყავდა, რომელთა უცხოეთში სწავლას აფინანსებდა. თბილისის მერს ლას-ვეგასში წინ და უკან სიარულის ნაცვლად, ის თანხა რამდენიმე სტუდენტის განათლებაში ან სხვადასხვა სპეციალისტის უცხოეთში სტაჟირებაზე რომ დაეხარჯა, უკეთესი იქნებოდა. თბილისელებისთვის ასევე დიდი პრობლემაა ავარიული სახლები და მათი ბედი.

კოკი იონათამიშვილი:

- საკრებულოში ახლა თბილისის ბიუჯეტს განვიხილავთ და შესაბამისად, სწორედ ახლა ხდება თბილისელებისთვის ყველაზე მწვავე პრობლემების განსაზღვრა. ეს არის დაუსრულებელი მშენებლობები, სოციალური ფონი, ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ. რა თქმა უნდა, პრიორიტეტული დღეს არის სოციალური საკითხები, მაგრამ ამავე დროს გვსურს, რომ ინფრასტრუქტურა და ეკონომიკური პროექტები იყოს შენარჩუნებული, რადგან ამის გარეშე წარმოუდგენელია თბილისელების კეთილდღეობა.

ემა ტუხიაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა