გელა ნიკოლაიშვილი: "მერაბიშვილის დაკითხვისას გამოჩნდა, ვინ ჰკიდია საზოგადოებას ფეხებზე"

გელა ნიკოლაიშვილი: "მერაბიშვილის დაკითხვისას გამოჩნდა, ვინ ჰკიდია საზოგადოებას ფეხებზე"

გასულ კვირას პარლამენტმა ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - დაამტკიცა პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა 215-კაციანი სია და პირველ მოსმენაზე გაიტანა კანონპროექტი საყოველთა ამნისტიის შესახებ. ამ აქტუალურ საკითხებზე თვალსაზრისს გამოხატავს ერთ-ერთი ლიდერი არასამთავრობო ორგანიზაციისა "ყოფილი პოლიტპატიმრები - პატიმართა უფლებებისათვის", იურისტი გელა ნიკოლაიშვილი.

- ამნისტია ფართომასშტაბიანი არ იქნება. რეალურად, 2-დან 3 ათასამდე ადამიანი თავისუფლდება. როგორც შეწყალებულ, ასევე ამნისტირებულ პატიმრებს შორის, რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანებიც, რომლებმაც საზოგადოებას შეიძლება საფრთხე შეუქმნან, მაგრამ ასეთი 5-10%-ზე მეტი არ იქნება. მათ კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ დანაშაულს თუ ჩაიდენენ, მკაცრად დაისჯებიან. ისე, კარგია, რომ ამნისტია მეტ-ნაკლებად თითქმის ყველას ეხება. ხელისუფლებამ უნდა დაიკისროს პასუხისმგებლობა და ადამიანებს, რომლებიც სადისტურ პირობებში იმყოფებოდნენ, მეოთხედით მაინც შეუმციროს სასჯელი. უვადოდ თავისუფლებააღკვეთილებისთვის რომ სასჯელი ვადიანი პატიმრობით შეეცვალათ, ესეც მისაღები იქნებოდა. ჩვენ თვალწინ არის ცივილიზებული ქვეყნების მაგალითები, როცა თუნდაც ბრეივიკს, რომელმაც 77 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, ნორვეგიის კანონმდებლობით მაქსიმალური სასჯელი, 21 წელი მიუსაჯეს. მართალია, ერთი მხრივ, მას კომფორტულ გარემოში ამყოფებენ, მაგრამ, მეორე მხრივ, სასჯელი არის თავისუფლების აღკვეთა და არა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური წამება. აქედან გამომდინარე, ეს ამნისტია დადებითი მოვლენაა, თუმცა ჩემი ნება რომ ყოფილიყო, კიდევ უფრო გავაფართოებდი შეღავათებს იმ პატიმრების მიმართ, რომლებსაც ეს არ შეეხოთ.

- თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ყველას შეხებოდა შეღავათები, თუმცა შემდეგ ამნისტიის მასშტაბები შეიკვეცა, რასაც პატიმრების იმედგაცრუება მოჰყვა. რა იყო ამისი მიზეზი?

- იმ პირველი კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი მეც ვიყავი. ასე იმიტომ მოხდა, რომ პროკურატურამ და შსს-მ მიიჩნიეს, რომ მზად არ არიან იმ დონის კრიმინალთან საბრძოლველად, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა მასობრივ გათავისუფლებას. თუმცა 25 000 პატიმარი საქართველოსთვის ანომალიაა. ნორმალურია 10-11 ათასი პატ­იმრის არსებობა, ვინაიდან ჩვენ 100 ათას მოსახლეზე, ფაქტობ­რივად, 540 პატიმარი გვყავს და ამ მხრივ ევროპაში სამარცხვინო პირველ ადგილზე გავედით.

- ბატონო გელა, რატომ არ მოხდა შეკრებითობის პრინციპის, როგორც ყველაზე არაჰუმანური მიდგომის გაუქმება და შთანთქმის პრინციპით მისი ჩანაცვლება? ეს ხომ "ქართული ოცნების" მთავარი დაპირება იყო...

- როგორც ვიცი, იუსტიციის სამინისტროს ეს პროექტი მომზადებული აქვს. ცუდია, როდესაც ადამიანებს მოლოდინი უცრუვდებათ. დაპირებები უნდა იყოს მკაფიო და არა ბუნდოვანი... როდესაც ლაპარაკი იყო შეკრებითობის პრინციპის მოხსნაზე, ყველამ წარმოიდგინა, რომ ის სრულად მოიხსნებოდა და თუნდაც 10 მძიმე დანაშაული ჰქონოდა ჩადენილი, ერთი დანაშაული შთანთქავდა სხვებს. ამ კანონპროექტის მიხედვით, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის, გინდაც 10 ასეთი დანაშაული ჰქონდეს ადამიანს ჩადენილი, შთანთქმის პრინციპით, 5 წელზე მეტს არ მიუსჯიან. მძიმე დანაშაულისთვის გათვალი­სწინებულია ნაწილობრივი შეკრება, ხოლო მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის - სრული შეკრება. ანუ იქნება სამივე ვარიანტი - ნაწილობრივი შეკრება, სრული შეკრება და სრული შთანთქმა.

- "პოლიტპატიმრის სტატუსი იყო პოლიტიკური შურისძიება და სამომავლოდ კრიმინალის წახალისება", "შინაურული სია", "პაპუასობა" - ამ ეპითეტებით მოიხსენია უმცირესობამ პოლიტპატიმართა სია, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. არის თუ არა ეს სია სამართლიანი, სრულყოფილი და თქვენ თუ ეთანხმებით მას?

- არსებობს ევროსაბჭოს მიერ დადგენილი პარამეტრები და პოლიტპატიმრების შერჩევა სწორედ მათი მეშვეობით მოხდა. სტატუსი 190 კაცს მიენიჭა, თუმცა ვფიქრობ, საქართველოში გაცილებით მეტი პოლიტპატიმარია. ხელისუფლების პოლიტიკა იყო ისეთი, რომ შეიძლება ადამიანი პოლიტიკურად აქტიური არ ყოფილიყო, მაგრამ ის პოლიტპატიმართა რიცხვში მოხვედრილიყო. გავიხსენოთ იგივე ფოტორეპორტიორები, "ენვერის" ხალხი, მუხროვანის ამბოხების და სხვა ბრალდებულები. შევარდნაძის რეჟიმის ერთ-ერთი აქტიური მოწინააღმდეგე მეც ვიყავი, მაგრამ იმ პერიოდში არც ერთ ქვეყანას საქართველოდან დევნილი ადამიანისთვის თავშესაფარი არ მიუცია. დღეს პოლიტიკური დევნილები გვყავს ამერიკასა და თითქმის მთელ ევროპაში. ანუ დასავლეთი აღიარებს, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა ხდებოდა. მათ დემოკრატიული ქვეყნების მთავრობებმა მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი და რა სინდისით ამბობენ ეს მართლა პაპუასები, რომ საქართველოში პოლიტპატიმრების აღიარება პაპუასობა და კრიმინალის წახალისებაა? ესენი არათუ ახალისებდნენ კრიმინალს, კრიმინალური მმართველობა ჰქონდათ. პაპუასობა სწორედ ის არის, გივი თარგამაძე რომ გამოდის და ამბობს, ვინ არის ნანა კაკაბაძე, საზოგადოებას ის ფეხებზე ჰკიდიაო. ამას ამბობს ადამიანი, რომელიც, არ ვიცი, საერთოდ სად არის ჩარჩენილი და ჰგონია, რომ ნანა კაკაბაძეს ან სხვა უფლებადამცველებს მასზე და მის პარტიაზე დაბალი რეიტინგი აქვთ საზოგადოებაში.

- თარგამაძე განსაკუთრებით აკრიტიკებს პოლიტპატიმართა სიაში მუხროვანის "ამბოხებულების", კერძოდ, კობა ოთანაძის მოხვედრას. მას რუსეთის კაცად და აგენტად მოიხსენიებს და ხელისუფლებას აფრთხილებს, მესამედ თქვენ მოგიწყობთ ამბოხებასო.

- თარგამაძეს ის ალაპარაკებს, რომ ოთანაძის თუ სხვების საქმეების გამოძიების შემთხვევაში თვითონ მას დაემუქრება საბრალდებო სკამზე დაჯდომა. მან არ დაუხვრიტა მაჯები ოთანაძეს და წიხლები არ ურტყა გარდაცვლილ კრიალაშვილს? რა სინდისით გველაპარაკება მორალზე იმ გუნდის წარმომადგენელი, რომელმაც 9 წლის განმავლობაში კოშმარში ამყოფა საქართველო და ფაშისტური რეჟიმი დაამყარა?! ხალხი ყველაფერს ხედავს და საზოგადოებას ფეხებზე ვინ ჰკიდია, კარგად გამოჩნდა - სამდღიანი მობილიზაციის მიუხედავად, მერაბიშვილის მომხრე 50 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეს.

- რას იტყვით სახალხო დამცველზე, რომელიც ახლახან დაამტკიცა პარლამენტმა? ამ პოსტზე თქვენი კანდიდატურაც განიხილებოდა და გული ხომ არ გწყდებათ?

- გული ნამდვილად არ მწყდება... ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ ახალ ომბუდსმენს. იმედი მაქვს, უჩა ნანუაშვილი ამ საპასუხისმგებლო საქმეს წარმატებით გაართმევს თავს. ყველანაირად ვეცდები, დავეხმარო ჩემი გამოცდილებით.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ