სასწრაფო დახმარების სამსახურის ავტოპარკი 100 პროცენტით განახლდება

სასწრაფო დახმარების სამსახურის ავტოპარკი 100 პროცენტით განახლდება

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრ "112"-ის ხელმძღვანელობის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, განიხილეს სამედიცინო ცენტრში არსებული პრობლემები, მათ შორის სამედიცინო პერსონალის შრომითი პირობების, ავტოპარკისა და ტექნიკური აღჭურვილობის გამართულობასთან დაკავშირებული საკითხები.

"ჩვენ ვაპირებთ სასწრაფო დახმარების სისტემაში ცვლილებების დაწყებას. გარკვეული ცვლილებები უკვე დაწყებული იყო და გვინდა გავაძლიეროთ. ამის მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს გამოძახების ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა. იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება დაგვიანებები. ასევე, ბრიგადის მისვლის შემდეგ მაქსიმალურად კვალიფიციური და სწორი დახმარება უნდა მიიღოს პაციენტმა. ჩვენ უკვე გვაქვს გეგმა. არსებობს სამუშაო ჯგუფი. იმედი გვაქვს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით სასწრაფო დახმარების სისტემა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, უკვე დაიგეგმა გარკვეული ღონისძიებები პრობლემების გადაჭრის მიზნით. არსებობს ორწლიანი სამოქმედო გეგმა და პროცესების მონიტორინგისთვის შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც სამინისტროს, ისე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები.

აღნიშნული მონიტორინგის ჯგუფის შექმნას სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობაც მიესალმება. "გარკვეული პრობლემები არსებობს. დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამის გარკვევას ემსახურებოდა. დაიგეგმა მომავალი ღონისძიებები. უკვე ცნობილია, რომ შემდეგ წელს იგეგმება ხელფასების 20%-იანი ზრდა და ავტოპარკის 100%-ით განახლება. სამინისტროს აქვს თავისი ობიექტური ხედვა ჩვენს სისტემაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ამიტომაც შეიქმნება კომისია, რომელიც არსებულ პრობლემატიკას შეისწავლის", - განაცხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა გიორგი თოდუამ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რომ უახლოეს მომავალში ანალოგიური სამუშაო შეხვედრები რეგიონების სასწრაფო დახმარების ცენტრებსა და ოპერატორი კომპანიების წარმომადგენლებთან შედგება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"