ალეკო მალხაზიშვილი: "ჩვენ ახალაიას გასართობად არ დავდიოდით თავდაცვის სამინისტროში"

ალეკო მალხაზიშვილი: "ჩვენ ახალაიას გასართობად არ დავდიოდით თავდაცვის სამინისტროში"

წინა კვირას ქართულ ტელესივრცეში ახალი "კომედი არხი" გამოჩნდა, რომლის გენერალურ მენეჯერად ალეკო მალხაზიშვილი დაინიშნა. "კომედი ჯგუფშიც" ცვლილებებია. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი ალეკო მალხაზიშვილი ამბობს, ოპტიმიზაციის პროცესს 20-მდე თანამშრომელი შეეწირა. მათ შორის არიან ცნობილი სახეები - ნიკა გრიგოლია, სიკო ჭუმბურიძე, "ალუბლების ქუჩის" მსახიობები. რატომ დაიხურა სერიალი, რა სიახლეებს გვთავაზობს "კომედი არხი" და რას უსურვებს ჯგუფიდან წასულ იუმორისტებს, ალეკო თავად გვიამბობს.

-  ალეკო, პირველ რიგში ნიკა გრიგოლიასა და სიკო ჭუმბურიძის ბრალდებებს უნდა უპასუხო, რომლებიც "კომედი შოუდან" გაუშვით...

-  ამას ვერ გავექცეოდით, იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმიზაცია ჩავატარეთ. ნიკა და სიკო გუნდში რომ აღარ არიან, იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ცუდი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან. ურთიერთობას ვაგრძელებთ და ჩვენთან მუშაობის პერსპექტივა ორივეს აქვს.

-  პერსპექტივაში რას გულისხმობ?

-  ჯგუფში ვერ დაბრუნდებიან, ჩვენ სხვანაირი, გუნდური სისტემა გვაქვს.

-  ნიკა და სიკო რატომ არ არიან გუნდში?

-  ოპტიმიზაციის დროს შეიძლება კრიზისმენეჯმენტის საფრთხის წინაშე დადგე. შეიძლება ძვირად ღირებული მსახიობი შეცვალო ნაკლებად ღირებულით და ამან გაამართლოს. თუმცა ვიმეორებ, ნიკას და სიკოს აქვთ საშუალება გააგრძელონ ურთიერთობა ჩვენთან, თუნდაც "კომედი არხზე". გუშინაც სიკო იყო ჩემთან გარკვეული შეკითხვებით მოსული. ანუ, ჩვენ მეგობრობა არ გაგვიწყვეტია. მათი "კომედი შოუდან" წასვლა კონფლიქტის საბაბი არ გამხდარა. "კომედი არხზე", რომელზეც უკვე ახალ გადაცემებს ვიწყებთ, შეიძლება ნიკას და სიკოს პროექტებიც ვიხილოთ. ეს მათ სურვილზეა დამოკიდებული. როგორც ვიცი, ორივე მათგანი "რუსთავი 2"-ზე რჩება.

-  ალეკო, მხოლოდ ეს ორი თანამშრომელი შეეწირა ოპტიმიზაციის პროცესს?

-  ორი ცნობილი სახეა, თორემ ოცამდე თანამშრომელი გავუშვით.

-  ისინიც მაღალ ანაზღაურებას ითხოვდნენ და ამის გამო მოყვნენ შემცირებაში?

-  არა, უბრალოდ, ჯობია გაუშვა, ვიდრე ხელფასი დააკლო. დანარჩენები, მაგალითად, "ალუბლების ქუჩის" მსახიობები, ამ პროექტზე მომუშავე "სტაფი", ამ სერიალის დახურვას შეეწირნენ.

-  "ალუბლების ქუჩის" დახურვის მიზეზი რაღა იყო?

-  ისევ და ისევ ცვლილებები ბიუჯეტში, თუმცა ჩვენ ამ მსახიობებს არ ვკარგავთ. ახლა ვაკეთებთ ახალ პროექტს "კომედი არხზე", რომელიც იანვრიდან გავა ეთერში "ალუბლების ქუჩის" მსახიობების მონაწილეობით, თუმცა ყველას ვერ დავაკავებთ. იქ დაახლოებით 12-13 კაცი იყო დაკავებული. აქ 6-კაციანი ჯგუფი იმუშავებს. ეს იქნება რამდენიმე სკეტჩისგან შემდგარი გადაცემა. იქნება მეტი გარეგადაღება, ვიდრე სტუდიური. "პილოტი" უკვე ჩავწერეთ. კარგი გამოვიდა და პროექტი დამტკიცდა.

-  ნიკა გრიგოლიას დავუბრუნდეთ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადრე, როცა ნიკა უდისციპლინობის მიზეზით "კომედი შოუდან" გაუშვით, ის ბაჩო ახალაიამ დააბრუნა თქვენს ჯგუფში...

-  ახალაიასთან მეგობრობა არაფერ შუაშია. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ნიკა "კომედი ჯგუფიდან" გავუშვით, არც მაშინ ვწყვეტდით ურთიერთობას მასთან, როგორც ჩვენს მეგობართან. როცა ამიკო, ფაქო და მჟავია წავიდნენ არხიდან, ნიკა გრიგოლიას დაბრუნების საკითხი დადგა დღის წესრიგში. ეს გადაწყვეტილება ჩვენ და "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ ერთად მივიღეთ. ძალიან გთხოვთ, ნუ აიგივებთ ამ ყველაფერს პოლიტიკასთან. ეს არის მხოლოდ ბიზნესი.

-  თქვენი ბიზნესი ბოლო დროს პოლიტიკასთან ასოცირდებოდა. თქვენ ივენთებს გიკვეთდათ ბაჩო ახალაია. ამაზე ნიკა გრიგოლიამ ისაუბრა ჩვენთან ინტერვიუში...

-  საქართველოში ყველაფერი პოლიტიკასთან ასოცირდება. რა მოხდა მერე. ბაჩო ახალაიას გასართობად კი არ დადიოდნენ ბიჭები... პირველ ეტაპზე ამ ივენთებზე ნიკასთან ერთად ამიკო, ფაქო, თემო მჟავია, ვახო ბიჭიკაშვილიც დადიოდნენ. რადგან ჩვენ "რუსთავი 2"-ზე ვმუშაობთ, ამიტომ ეკითხებით ამ ივენთების შესახებ გრიგოლიას? სხვა პოლიტიკური შეხედულების იუმორისტებსაც ჰკითხეთ, რატომ დადიოდნენ. ეს ბიზნესია, არ არის პოლიტიკა. ფულს ბაჩო ახალაიას გართობისთვის კი არ გიხდიან, არამედ იმისთვის, რომ ქართველ ჯარისკაცებს ერთი დღე შეუმსუბუქო. ჩვენ ციხეებშიც დავდიოდით, სასამართლოც გვიკვეთდა ზოგჯერ "ივენთებს", დღესაც შეუძლიათ დაგვიკვეთონ სახელმწიფო სტრუქტურებმა სხვადასხვა ტიპის "ივენთი". სიამოვნებით გავუშვებთ ხალხს სამუშაოდ. პოლიტიკური მაშინ იქნებოდა ჩვენი საღამოები, რომელიმე პოლიტიკოსის მხარდასაჭერ "ივენთს" თუ მოვამზადებდით. ასეთი რამ არასდროს გაგვიკეთებია.

-  "კომედი არხზე" ჯერჯერობით თქვენი ძველი პროექტები გადის. ამას წინათ ვნახე "ფარული კამერა", რომელიც დავით გოგიშვილს, იმავე ციყვს "გაუჩალიჩეთ", რომელიც თქვენს გუნდში აღარ არის. ეს შეგნებულად ამოარჩიეთ თუ...

-  ეს არის არქივი, რომელიც ჩვენ გვიკეთებია ცხრა წლის განმავლობაში. ფიზიკურად ვერ შეძლებ ცალკეული სიუჟეტის ამორჩევას და მონტაჟს. დავიწყეთ 2003 წლიდან და ვუშვებთ ყველას. დავით გოგიშვილის გარდა ამიკოც იყო, ფაქოც, გოჩა თანდარაშვილიც, რომელიც დღეს მათთან არის...

-  დათო გოგიშვილი "ვანოს შოუშიც" ახსენე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დღემდე კარგი განწყობა გაქვს მის მიმართ...

-  ერთი რამ მინდა გითხრათ, ადამიანები, რომლებიც ჩვენგან მიდიან, არ არიან ჩემი მტრები. შესაბამისად, ვერასდროს ვერ გაიგებთ ჩემგან რომელიმე მათგანზე აუგს. როცა მიდიხარ და მერე ჰყვები ასეთი და ასეთი იყოო, ეს ცოტა პატარა კაცობად მიმაჩნია. როცა ექვსი წელი ადამიანთან ცხოვრობ (ცხოვრება ჰქვია, როცა დღე და ღამე ერთად ვიყავით), არ შეიძლება მერე მასზე ცუდი ილაპარაკო. ასე რომ, ჩემგან ვერავისზე აუგს ვერ გაიგებთ. მე შემიძლია ვილაპარაკო მათ პროდუქტზე, ნახევარი წელი გავიდა და ჯერ არ ჩანს. ეტყობა ჯერ არ სცალიათ, ინტერვიუებით არიან დაკავებული, სადაც წერენ, როგორი ცუდები ვართ ჩვენ. თან გვაშინებენ, კიდევ ბევრს მოვყვებითო. ამიტომაც ვერ მიხედეს დღემდე ტელეპროდუქტს. სიმართლე გითხრათ, მსგავს ინტერვიუებზე არ ვბრაზდები ხოლმე, რადგან შენზე ლაპარაკობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ აქტუალური ხარ. უბრალოდ, ერთი ნიუანსი მომხვდა თვალში, ამბობდნენ, შემოქმედებითი თავისუფლება არ გვქონდაო, ვიზღუდებოდითო. მათი რეკლამა ვნახე, სადაც იმავეს აკეთებენ, რასაც აქ აკეთებდნენ. ამიტომ გამიკვირდა, სად არის სიახლე, შემოქმედებითი თავისუფლება?

-  რაც შეეხება გოჩა თანდარაშვილს, როგორც ვიცი, ის ბევრად ადრე გაუშვით გუნდიდან, ვიდრე ბერას სტუდია და "ჯიდიესი" გაჩნდებოდა ქართულ ტელესივრცეში...

-  მართალია. სხვათა შორის, გოჩა დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობარია. ზუსტად ისე ფიქრობს, როგორც მე. არასდროს არავისზე იტყვის ცუდს.

-  თუმცა ის თქვენს კონკურენტ არხ "ჯიდიესზე" მუშაობს.

-  მე არ მიმაჩნია, რომ ეს არხი ჩვენი კონკურენტია. "კომედი არხი" კომედიური ჟანრის არხია, ის - გასართობი. რადგან პატარა ქვეყანა ვართ, კარგი, ჩავთვალოთ, რომ კონკურენტები ვართ. ერთი კარგი ინფორმაცია მაქვს, ეთერში გასვლის შემდეგ "კომედი არხი" რეიტინგით მესამე ადგილზეა. "რუსთავი 2" და "იმედი" უსწრებს მხოლოდ 3-4 დღეში, თან იმ პირობებში, როცა ჯერ ახალი გადაცემები არ დაგვიწყია, ეს საუკეთესო შედეგია. სხვათა შორის, 9 დეკემბერს ახალი გადაცემა გავა ეთერში. ეს არის მუსიკალურ-იუმორისტული გადაცემა. იქ ნახავთ მუსიკალურ ხუთეულს, ანუ იუმორისტულად გადაკეთებულ სიმღერებს. გადაცემის მთავარი ღირსება ის არის, რომ ერთი ადამიანი აკეთებს, ეს არის მიშა ცინცაძე. თვითონ მღერის, ხმებში შლის, კლიპებს წერს.

-  არაფერს მეუბნება ეს სახელი და გვარი...

-  ახალი ბიჭი გვყავს "კომედი შოუში", ბათუმელი, სათვალიანი, შეამჩნევდით... ისიც მინდა გითხრათ, რომ "კომედი არხს" ორი საუკეთესო რეჟისორი ჰყავს, ირაკლი ცქიტიშვილი, რომელიც ჩვენთან წლების განმავლობაში თანამშრომლობს და დავით გოგოხია, რომელიც ცოტა ხნის წინ შემოგვიერთდა და უკვე საუკეთესო რეჟისორის ტიტული მოიპოვა ჩვენთვის. არხის გენერალურ პროდიუსერად დამნიშნეს და დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ ამ არხს. ვფიქრობ, რომ სწორად გავთვალეთ არხის წამოწყების დრო. ხალხი გადაღლილია პოლიტიკისგან, გართობა, განტვირთვა სჭირდება. ამიტომაც გვაქვს მაღალი რეიტინგი.

-  საახალწლოდ რას აპირებთ?

-  ტრადიციულად, საახალწლო კონცერტებს ვგეგმავთ ფილარმონიაში, არ ვღალატობთ მაყურებელს. 27-28-29 დეკემბერს გვექნება კონცერტები.

-  აქუ რომ არ გეყოლებათ, გრიგოლიას სახით... თუ შეიძლება გყავდეთ კიდეც?

-  არა, აქუ არ გვეყოლება.

-  არც მიშა, გიორგი აფციაურის სახით?

-  არა, არც აფციაური იქნება.

-  დიდი დრო გავიდა მას მერე, რაც შენსა და აფციაურს შორის განხეთქილება მოხდა. იმდენად დიდი, რომ "თქვენი შოუ" დაიხურა კიდეც. მას მერე ამ თემაზე კომენტარი არც ერთს არ გაგიკეთებიათ. იქნებ მოვიდა დრო, თქვა, რა მოხდა რეალურად მაშინ?

-  ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ შენ ჟურნალისტი ხარ, ინტრიგა, სკანდალი გჭირდება, ამიტომაც ხშირად ხმარობ სიტყვებს: ბრალდება, განხეთქილება. მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ეს არ იყო განხეთქილება. ეს არის ბიზნესი, შოუბიზნესი. გიორგი აფციაური ჩვენ მოვიყვანეთ გუნდში. სადიპლომო ნამუშევარი გააკეთა "სხვა კონცერტი", რომლიდანაც გაგვიჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა ამ ტიპის სატელევიზიო გადაცემა. გადავაკეთეთ, დავაფორმატეთ და შევქმენით "თქვენი შოუ". მოხდა ისე, რომ აფციაურს ცალკე გასვლა მოუნდა.

-  მაგრამ ასე ხომ არ ხდება, მომინდა და ჩემს პროექტს თავად ვუხელმძღვანელებო...

-  ამას უფრო ახალგაზრდულ ამბიციას ვაბრალებ. ჩემი აზრების სხვაზე მოხვევა არ მიყვარს. ერთხელ რომ ვიტყვი, დამიჯერე-მეთქი და არ დამიჯერებს, მეტჯერ აღარ გავუმეორებ. თუ ის დისკომფორტს გრძნობს, მიაჩნია, რომ ამა თუ იმ ხუმრობას უკეთ დაანახვებს ხალხს, უკეთ აარჩევს სასაცილო ნომრებს, კამათი არ მიღირს, ამიტომ მოვილაპარაკეთ არხის გენერალურ დირექტორთან და გავუშვით ცალკე. თუმცა მე ვაფრთხილებდი, რომ ასე არ შეიძლება, გადაცემის რეიტინგი დაეცემა, რაც, სამწუხაროდ, გამართლდა კიდეც. სამაგიეროდ, გიორგი აფციაურმა ამბიციები დაიკმაყოფილა და არც ურთიერთობა გაფუჭებულა ჩვენ შორის. მე არ ვარ დიქტატორი.

-  და პირადი ცხოვრებაც აიწყო ამ გადაცემის წყალობით...

-  ჰო, და თქვენი ჟურნალის საშუალებით კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებას ყველას, ვინც ჩვენს ჯგუფში აღარ არის.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"