გიორგი მარგველაშვილი: "მე არ ვაპირებ სწავლის საფასურის გაძვირებას და მომავალ წელს ორჯერ მეტ ფულს ჩავდებ განათლებაში"

გიორგი მარგველაშვილი: "მე არ ვაპირებ სწავლის საფასურის გაძვირებას და მომავალ წელს ორჯერ მეტ ფულს ჩავდებ განათლებაში"

"როცა მოვიცლი, დუშეთში, ჩემს სახლში ავდივარ. გარემოს შეცვლა მეხმარება, რომ საკუთარი თავისნაირი ვიყო. თუმცა, დღეს სხვა როლში ვარ, ვიდრე 44 წლის განმავლობაში ვიყავი. მომწონს თავისუფლება, მაგრამ, რადგან ავიღე ვალდებულება და სახელმწიფო მოხელე ვარ, მივიღე თამაშის ის წესებიც, რომ როდესაც სახელმწიფო ძალას წარმოადგენ, ფრთხილად უნდა იყო, რათა ვიღაცას შემთხვევით არ ავნო. როდესაც ძალაუფლება არა გაქვს, თავისუფლება იოლია, მაგრამ თავისუფლება იმ კონტექსტში, როდესაც ძალაუფლება გაქვს, ბევრად რთულია. ვსწავლობ, არ დავკარგო თავისუფლება და ამავე დროს არ გადავიდე ანარქიაში და ვიღაცის უფლებები არ შევლახო", - მეუბნება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი.

- უამრავი პრობლემაა გადასაჭრელი და სერიოზული საქმეები გასაკეთებელი. როდესაც ახალ როლში ხარ, ცდილობ, მას მოერგო, ეს კი თავისუფლებას გიზღუდავს. ტანსაცმელიც კი განსხვავებული მაცვია, ვიდრე აქამდე ვიცვამდი, და ამასაც შეჩვევა უნდა.

- 2004 წლიდან განათლების მინისტრების ცვლილებასთან ერთად იცვლებოდა მათი სამუშაო კაბინეტიც. კახა ლომაიას დროს მინისტრის კაბინეტი იყო სადა. კედელზე თავისი ვაჟის ნახატი ჰქონდა გაკრული, უამრავი კომპაქტდისკი ჰქონდა. მუსიკა უყვარდა და ხშირად უსმენდა; გია ნოდიას დროს მინისტრის კაბინეტიდან კომპაქტდისკები გაქრა. შაშკინმა, გარდა იმისა, რომ კაბინეტი საფუძვლიანად გაარემონტა, მინისტრის ოთახი ძვირფასი ავეჯითაც გააწყო. თქვენ რა შეცვალეთ?

- ხელი არაფრისთვის მიხლია, ყველა სკამი ისე დგას, როგორც იდგა. კაბინეტი დიდია და, ჩემი აზრით, მდიდრული.

- კახა ლომაია ამბობდა, სკოლაში მთავარი მოსწავლეაო, შაშკინის დროს კი გაჩნდა განცდა, რომ სკოლაში მთავარი მანდატური იყო. თქვენთვის ვინ (ან რა) არის მთავარი?

- წლების წინ განათლების სისტემაში იყო ანარქია რეგულირების გარეშე, ნაცმოძრაობის დროს - დიქტატი და ძალიან მკაცრი რეგულირება. ახლა იწყება თავისუფლება, როდესაც კომპეტენტური ადამიანები იღებენ კომპეტენტურ გადაწყვეტილებებს. ჩემი მიზანია ხარისხიანი განათლება, განათლების სისტემის დეპოლიტიზაცია საზოგადოების გააქტიურების ხარჯზე, რასაც დიდი დრო დასჭირდება და მყისიერად ვერ მივაღწევთ. აქამდე სისტემა პოლიტიკური ბერკეტებით მუშაობდა, ადმინისტრაციულ-ბრძანებითი ფორმით და მისი ხერხემალი პოლიტიკური მმართველობა იყო. ჩვენ ამას შევცვლით, მაგრამ როდესაც სისტემის მენეჯმენტს ცვლი, სიცარიელე ჩნდება. ადამიანები შეჩვეული არიან ბრძანებას, ჩვენ ბრძანების გაცემას კი არა, მხოლოდ ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას ვაპირებთ. ასეთ დროს ბევრი რამ დამოკიდებული ხდება აღმასრულებელზე. ადრე თუ სამინისტრო ამბობდა, გაივლი 5 მეტრს პირდაპირ და მერე 3 მეტრს მარცხნივო, ახლა ვეტყვით - ა წერტილიდან B წერტილამდე მიდით და როგორ მიხვალთ, ეს თვითონ გადაწყვიტეთ სისტემის ყველა წევრმა. ამისთვის კი შესაძლოა ადამიანები მზად არ აღმოჩნდნენ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ, რომ არ დაიბნენ და სისტემაში ანარქია არ დაიწყოს. სამინისტროს როლი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ თავისუფლების ხარისხს მოჰყვეს კომპეტენციის ზრდა. ახლა ადამიანებს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, ვიდრე მაშინ, როდესაც მათ სისხლის დალევით ემუქრებოდნენ, როდესაც ეუბნებოდნენ, თქვენს სისხლს დავლევ, თუ სამ ნაბიჯს წინ არ გადადგამთ და 2 ნაბიჯს მარცხნივო. დიქტატიდან თავისუფლებაში გადასვლა სასიამოვნო და იმავდროულად, მძიმეა ჩვენთვისაც და იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ეს უნდა აღასრულოს. მოველი, რომ ის ადამიანები, ვინც ასეთი თავისუფლებისთვის მზად არ არიან, ვისთვისაც თავისუფლება ბუნებრივი არ არის, შეეცდებიან, ეს ყველაფერი ანარქიასა და ქაოსში გადაიტანონ და თქვან, ეს ყველაფერი სისულელეა და ამის გაკეთება არ შემიძლიაო.

ჩვენ არ ვიტყვით, ვისაც რა გინდათ, ის აკეთეთო, არამედ, ვიტყვით, აი, ეს არის მიზანი და თუ სხვაზე უკეთესი ხარ, უკეთ მიაღწიეო. თუ ვერ მიაღწევ და A-დან B პუნქტში მისვლის ნაცვლად სულ სხვა მიმართულებით წახვალ, მაშინ ვერ იქნები სისტემაში.

- მოვისმინე თქვენი განცხადება, საახალწლოდ 500 ლარის დარიგებას არ ვაპირებ და ძვირად ღირებული მანქანა არ შემიძენიაო. მედიიაში გავრცელებულ ინფორმაციას ყოველთვის უპასუხებთ?

- ალბათ, პერიოდულად დამჭირდება პასუხების გაცემა. გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს სტუდენტებისთვის ვაპირებდით 500-500 ლარის დარიგებას, რასაც არ ვაპირებთ. მედიით ასევე გავრცელდა ხმა, რომ ძვირად ღირებული მანქანა შევიძინე და თან თურმე ისეთი შტერი ვარ, მანქანა ჩემს მეგობარზე გავაფორმე. მანქანა არ შემიძენია და არც მყავს. მყავს სამსახურის მანქანა, რომელიც სამინისტროში მისვლისას დამხვდა. არა მყავს მძღოლი და საჭესთან თვითონ ვზივარ. ეტყობა, სამსახურის მანქანაზე რომ დამინახეს, გადაწყვიტეს, რომ ჩემია. ასეთი რამეების დაწერა უხარისხო ჟურნალისტიკაა, თანაც ვარაუდი კი არ გამოთქვეს, მტკიცებითი ფორმით ჰყვებოდნენ, რომ ახალშეძენილი მანქანა მეგობარზე გავაფორმე. ეს უკვე ცილისწამებაა. კერძო პირი რომ ვიყო, ამით არც დავინტერესდებოდი, მაგრამ რადგან გარკვეულ პოლიტიკურ ვალდებულებებს ვატარებ, ამიტომაც გადავწყვიტე ამ ცილისწამების გაბათილება.

- შაშკინს არათუ მძღოლი, რამდენიმე კაცი (სავარაუდოდ, დაცვის წევრები) ახლდა ყოველთვის.

- დაცვა ჰყავდა? არ ვიცოდი. მძიმე ტვირთია, როცა ადამიანს, ვინც არ გიცნობს, ვალდებულება აქვს, დაგიცვას. ისედაც ბევრი რამ შევცვალე ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ რაც სავალდებულო არ არის, ისეთ რამეებს არ შევცვლი. მძღოლისა და დაცვის ყოლა არ არის ის ვალდებულება, რომელიც ავიღე.

- რამდენიმე დღის წინ სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა კალმის სახურავის გადაყლაპვის გამო. ამ შემთხვევამ, ალბათ, გიკარნახათ, რომ ასეთი მოულოდნელობებისთვისაც მზადყოფნაა საჭირო...

- გასული კვირა ძალიან მძიმე იყო. ჯერ პირველკლასელი მოსწავლე გარდაიცვალა იმის გამო, რომ კალმის თავსახური გადაეყლაპა. ამ კოშმარულ ფაქტს მეორე მოჰყვა - მეორეკლასელებთან გაკვეთილზე შესული მასწავლებელი ინსულტით დაიღუპა.

ამ ტრაგიკული ფაქტის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი დამიკავშირდა და მითხრა, - ასეთი შემთხვევებისათვის რომ მზად ვიყოთ, ერთობლივი ღონისძიებებია გასატარებელიო. უახლოეს დღეებში შევხვდები მინისტრ სერგიენკოს და მისგან ველი კომპეტენტურ მოსაზრებას.

- არის მოსაზრება, მანდატურები გადაამზადონ ისე, რომ მათ შეძლონ პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

- მანდატურების გადამზადება ვერ მოაგვარებს ამ საკითხს. სისტემა უნდა იყოს მზად ასეთი შემთხვევების საპასუხოდ.

ასეთი ტრაგედიების წინაშე რომ დავდექი, შოკირებული ვიყავი.

სასიამოვნოა, რომ მძიმე დროს გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც დახმარება შემომთავაზეს. მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრმა კი არა, რამდენიმე ორგანიზაციამ დამირეკა და მითხრა, მზად ვართ ასეთი პრობლემების რეალისტური გადაწყვეტა შემოგთავაზოთო.

თავიდან, როდესაც მანდატურის ინსტიტუტი შემოიღეს, მისი აბრა იყო უსაფრთხო სკოლა, რაც სავსებით მისაღები და გასაზიარებელია, მაგრამ ისე მოხდა, რომ მანდატურის სამსახური გახდა სამინისტროს სადაზვერვო სამსახური სკოლაში. მანდატურები გარკვეულ როლს კი ასრულებდნენ, მაგრამ ძალიან ინტენსიურად ასრულებდნენ მასწავლებლებისა და დირექტორების მიმართ სადაზვერვო-სადამსჯელო ფუნქციას. აღმოჩნდა, რომ ეს იყო კარგი აბრა გამრუდებული შინაარსით. მანდატურს ჩამოვართვით მასწავლებლებზე ზემოქმედების ფუნქცია. ისინი მხოლოდ ბავშვების დაცულობას უზრუნველყოფენ. ამ ინსტიტუტის რეფორმირება დავიწყეთ და ვთქვით, ნამდვილად გვინდა შევინარჩუნოთ უსაფრთხო სკოლა და ამიტომ შევინარჩუნებთ ამ ინსტიტუტს, მაგრამ წინა ხელისუფლების დროს ამ ინსტიტუტის დისკრედიტაცია მოხდა. როგორც კი ვთქვით, რომ ამ ინსტიტუტს ვინარჩუნებდით, წამოვიდა კრიტიკა ლოზუნგებით, სხვა საქმე არა გაქვთ, რომ მანდატურის ინსტიტუტს, რომელიც ცუდია, ფორმას უცვლითო? იმაზე მსჯელობა კი არ დაიწყეს, როგორ აჯობებდა ამ ინსტიტუტის გარდაქმნა, მაგრამ კრიტიკას მოჰყვა შეხედულებები, მოსაზრებები, თუ როგორი უნდა იყოს ეს ინსტიტუტი. ადამიანები ნელ-ნელა სწავლობენ თავისუფლებას და ამ კონტექსტში იღებენ პასუხისმგებლობას, შენთან ერთად როგორ ამუშაონ უკეთ ეს სამსახური. მანდატურები იმ შემთხვევაში დაწერენ ოქმს, როდესაც სკოლაში იქნება კრიმინალური შემთხვევები, ცივი იარაღის გამოყენება, ფიზიკური შეურაცხყოფა ან თუ ვინმე მთვრალი მივა სკოლაში. ასეთ ბავშვებს დირექტორთან შეთანხმებით მისცემენ სიტყვიერ ან წერილობით გაფრთხილებას.

როდესაც სკოლის დამცავ მექანიზმებს ქმნი და საზოგადოება გეხმარება გარკვევაში, რა უნდა გაკეთდეს საამისოდ, ძალიან კარგია. თანდათან მცირდება ისეთი ადამიანების რიცხვი, რომლებიც ლოზუნგური კრიტიკით იყვნენ დაკავებულნი და ამბობდნენ, მეტი საქმე არა გაქვთო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"