ბესო ხარძიანსა და ბუბა კიკაბიძეს პროკურატურაში უჩივიან და კუს ტბის "ახევაში" ადანაშაულებენ

ბესო ხარძიანსა და ბუბა კიკაბიძეს პროკურატურაში უჩივიან და კუს ტბის "ახევაში" ადანაშაულებენ

მთავარ პროკურატურაში მალე ახალი საქმის გამოძიებისთვის მასალები შევა. სკანდალი, რომელიც კუს ტბას უკავშირდება, სპეციალური კომისიის შესწავლის საგანი გახდება. ამ მასალების მიხედვით, შესაძლოა, ბესიკ ხარძიანი "ვარდების ხელისუფლებასთან გარიგებასა და წილების მისაკუთრებაში აქეთ დაადანაშაულონ. კუს ტბის ყოფილი მფლობელები ციხიდან ახლადგამოსულ ბესო ხარძიანს კუს ტბის მისაკუთრებასა და მათგან წილების "ახევაში" სდებენ ბრალს. ხარძიანს, რომელიც ახლა უდესიანსა და მის თანაპარტნიორებს კუს ტბის დაბრუნებაში ედავება, სავარაუდოდ, იმ კითხვებსა და დოკუმენტებზე მოუწევს პასუხის გაცემა, რომელიც მალე პროკურატურაში შევა: როგორ გადაიფორმა ხარძიანმა კუს ტბის მფლობელთა აქციები და როგორ იყენებდა ის სააკაშვილის მოსამართლეებს კუს ტბის ხელში ჩასაგდებად? რეალურად, ვისი იყო კუს ტბა? როგორ მიითვისა ხარძიანმა ეს აქციები, სააკაშვილის ხელისუფლების წყალობით და როგორ შეეწირა მესაკუთრის სიცოცხლე ამ უსამართლობას? - ეს ის კითხვებია, რომლის გამოძიებასა და სიმართლის რეალურად დადგენას, ხარძიანი-ბუბა კიკაბიძის ტანდემის უსამართლობის შესწავლას სამართალდამცავებსა და ივანიშვილის ხელისუფლებას ტბის ყოფილი მფლობელები სთხოვენ. ხარძიანს კუს ტბის აქციების მითვისებაში მფლობელთა დიდი ჯგუფი ამხელს და მას ბიზნესში "თაღლითს" უწოდებს. მფლობელთა ჯგუფი აცხადებს, რომ ხარძიანს ივანიშვილის ხელისუფლების შეცდომაში შეყვანა და უდანაშაულოდ "რეპრესირებული" ბიზნესმენის როლის შესრულება სურს, თუმცა ამ საკითხით გამოძიება უნდა დაინტერესდეს, რადგან წილების ამხევი და მიმსაკუთრებელი თვითონაა და ამაზე პასუხი უნდა აგოს.

ექსკლუზიურად, "ვერსიას" კუს ტბის ერთ-ერთი ყოფილი აქციონერის, შვეიცარული კომპანია "თკომპანის" წარმომადგენელი ნუგზარ ჭიჭინაძე და კუს ტბის ერთ-ერთი ყოფილი პარტნიორი, ილია კაკაბაძე ესაუბრებიან.

- ბატონო ილია, როგორც შევიტყვე, კუს ტბის ყოფილი მფლობელები აპირებთ კუს ტბის დასაბრუნებლად ბრძოლას და ხარძიანს ადანაშაულებთ თქვენი წილების მისაკუთრებაში...

- მე ჩამოვაყალიბე კუს ტბის სამეთვალყურეო საბჭო და ხარძიანი მივიღე, როგორც ჯარისკაცი. თავდაპირველად, ჩვენთან ერთად კუს ტბის მფლობელები იყვნენ ექიმთა ჯგუფი "ეი-სი-ტი - ეს ჯორჯია", რომლის პრეზიდენტიც გახლავთ გია წილოსანი, რამაზ გიორგაძე, ალეკო კვასხვაძე, კუს ტბის პროექტის ავტორი თემურ მიქაშავიძე და სხვები. კუს ტბის ლანდშაფტური პირობების განვითარებისთვის გვინდოდა ამერიკული ინვესტიციის მოზიდვა, თუმცა იმ ეტაპისთვის, ეს ვერ მოხერხდა. ამიტომ, რადგან მათ გარკვეული ფინანსები ჰქონდათ, ისინი შემოვიყვანეთ წილში. მაშინ ხარძიანი იხვეწებოდა, როგორც ჯარისკაცი მიმიღეთო და რა აფერა დაატრიალა იქ. მართვისთვის რომ უკეთესი ყოფილიყო, ერთობლივი შეთანხმებით, ორი შპს დავაარსეთ, რათა ქონების ნაწილის მართვა პროპორციულად მომხდარიყო, მაგრამ მალევე ხარძიანი-კიკაბიძის თაღლითური, ოფშორული სქემის მეშვეობით, მოხდა ჩვენთვის ამ ქონების წართმევა.

- ეს "ვარდების რევოლუციის" შემდგომი პერიოდი იყო?

- კი, ზუსტად. ახლა ხარძიანი აცხადებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება სდევნიდა, მაგრამ ფაქტია და ჩვენ ვართ თვითმხილველები - ჩვენს შემთხვევაში ხარძიანი, უშუალოდ, სააკაშვილის მთავრობის მეშვეობით ახერხებდა ამ უკანონო ქმედებების ჩადენას..

- თქვენთან ერთად, სხვა მესაკუთრეებიც იყვნენ, ვისაც წილები აახიეს?

- კი, ესენი იყვნენ რამაზ გიორგობიანი, რეზო სუჯაშვილი და ზემოთ ხსენებული პარტნიორები. ერთ-ერთი პარტნიორის სიცოცხლეც კი შეეწირა ამ უსამართლობას. ამის შემდეგ სასამართლოს მეშვეობით ართმევენ გარდაცვლილი ადამიანის ოჯახს მის კუთვნილ წილს. მალე პროკურატურაში შევა საქმე და იქ დასახელდება იმ მოსამართლეების გვარები, რომელთა მეშვეობითაც ხარძიანისა და კიკაბიძის ტანდემმა კუს ტბის ხელში ჩაგდება მოახერხა. იმედია, ისინი აღიარებენ, რომ სხვისი ქონების მისაკუთრება მოახერხეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეს მიეცემა მსვლელობა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კალანდაძე იყო, თუ არ ვცდები. მოდიოდა ინფორმაცია, რომ უშუალოდ, სასამართლოს თავმჯდომარის, შავლიაშვილის პატრონაჟით მოახერხა ხარძიანმა ამ ყველაფრის ხელში ჩაგდება. სასამართლომ უდიდესი დარღვევებით მოახდინა მათი გამართლება და უპრეცედენტო ფაქტი დაუშვა, ხანდაზმულობიდან გამომდინარე, გაითვალისწინა გარემოებები. ხარძიანი მაშინ კიკაბიძის ხელდასმული და წარმომადგენელი იყო. მართვის პროცესში იყო დაარსებული ორი შპს "კუს ტბა", და "კუს ტბა 21". ორივე შპს ერთი და იგივე იურიდიული პირის მიერაა შექმნილი, შემდეგ კი თავის მიერვე შექმნილ შპს-ებზე ამბობდა, არასამართლებრივიაო. ამ ყველაფერს გამოძიება ახლა გამოააშკარავებს.

კიკაბიძემ მიმართა სასამართლოს იმ მოტივით, თითქოსდა არ იცოდა ამ შპს-ს არსებობა, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან ხარძიანი, როგორც მისი ნდობით აღჭურვილი პირი და წარმომადგენელი, ესწრებოდა და უძღვებოდა პარტნიორთა კრებებს. ეს მათი ერთობლივი აფერა იყო სასამართლოსა და "ნაციონალური" სამთავრობო რესურსის გამოყენებით.

- ბატონო ნუგზარ, როცა ხარძიანმა უდესიანსა და მის თანაპარტნიორებს მიჰყიდა კუს ტბის წილი, დიდ წილს უკვე თავად ფლობდა...

- კი, უკვე მას ჰქონდა ხელში. დიდი პროცენტი მან მიითვისა და ეს სიბინძურე მისი საშუალებით გაკეთდა. ხარძიანს ჰქონდა კიკაბიძის მინდობილობა. რამდენიმე წლის შემდგომ კიკაბიძემ განაცხადა, არ ვიყავი ამის საქმის კურსშიო და ამ მოტივით გააუფასურეს იმ შპს-ს ქონება, რომელშიც ჩვენ ვიყავით და წაგვართვეს ჩვენი საკუთრება. კიკაბიძე მუდმივად იყო აქ და დღესაც არის კუს ტბის ერთ-ერთი მფლობელი. კიკაბიძის წარმომადგენელი მაშინ ხარძიანი იყო. კიკაბიძე აცხადებდა, რომ ამ ახალი შპს-ს დარეგისტრირების საქმის კურსში არ იყო, ასეთ შემთხვევაში კიკაბიძეს უნდა ეჩივლა ხარძიანისთვის, რადგან ის დადიოდა პარტნიორთა კრებებზე, როგორც მისი წარმომადგენელი. კუს ტბის ეს საქმე სასამართლოს იმდენად ნონსენსური გადაწყვეტილებაა, რომ საკმარისი საბაბია შესაბამისი ორგანოების დაინტერესებისთვის.

- ბატონო ნუგზარ, შემდგომ ხარძიანი კუს ტბის წილებს ასხვისებს და როგორც ჩემთან საუბრისას ეს ინვესტორები აცხადებენ, ისინი კუს ტბის მფლობელობაში რამდენიმე მილიონის ინვესტიციას დებენ. ციხიდან ახლახან გამოსული ხარძიანი, რომელიც ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ხელისუფლების ცვლილებისთანავე აცხადებს, რომ ზეწოლის მსხვერპლი გახდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა - მას თავად ადანაშაულებენ კუს ტბის აქციების მისაკუთრებაში..

- ხარძიანის უტიფრობა და უნამუსობა არ გვაკვირვებს, მაგრამ ადამიანი როდესაც აცხადებს, უკანონოდ მომექცნენო, საზოგადოებამაც და სამართალდამცავებმაც უნდა იცოდნენ, თვითონ რის ფასად და რამდენად კანონიერად ჩაიგდო ხელში კუს ტბა. ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ ბოლომდე. მოზიდული გვყავდა შვეიცარიელი ინვესტორები, მაშინ, დიდი ინვესტიცია უნდა ჩაედოთ, მაგრამ ისეთი თაღლითური რაღაცები დაახვედრეს, უცხოელებმა გადაიფიქრეს. პროკურატურისთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს, როგორ მოქმედებდა ხარძიანი-კიკაბიძის ტანდემი, სააკაშვილის მოსამართლეებთან ერთად. ბესო ხარძიანის ნარკოტიკებთან ურთიერთობაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, არ ვიცი, მაგრამ ბიზნესში რა მეთოდებს იყენებდა, ესაა დასადგენი და გამოსაძიებელი. ბიზნესმენი ის ადამიანია, რომელიც კანონიერად შოულობს შემოსავალს. ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ ხარძიანი კანონიერებიდან შორს იყო, ბიზნესში მისი მხედველობიდან და ფულის შოვნიდან გამომდინარე.

იცოდა თუ არა კუს ტბის შეძენის პროცესში, რომ ხარძიანს კუს ტბის საქმეში მოდავეები ჰყავდა, "ვერსია" ამის დასადგენად, კუს ტბის ამჟამინდელ თანამფლობელ გია უდესიანთანაც ცდილობდა დაკავშირებას, თუმცა კონტაქტი ვერ მოხერხდა. "ვერსია" ვერც ციხიდან ახლადგამოსულ ბესო ხარძიანს დაუკავშირდა, თუმცა თუ ხარძიანი არ გაექცევა ჩვენთან ინტერვიუს, მზად ვართ, მისი და ბუბა კიკაბიძის პოზიციებიც დავაფიქსიროთ.

ეკა სეხნიაშვილი

გაზეთი "ვერსია"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"