ჯუმბერ ლეჟავა მორიგი მოგზაურობისთვის ემზადება

ჯუმბერ ლეჟავა მორიგი მოგზაურობისთვის ემზადება

ჯუმბერ ლეჟავა მორიგი მოგზაურობისთვის ემზადება, რომლის დაწყებას 2014 წლის გაზაფხულზე გეგმავს. ამბობს, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვის არ არის გამიზნული, არამედ იმისთვისაც, რომ თავისი ცხოვრება ახალი მოგზაურობის დროს გადახდენილი მორიგი საინტერესო ფაქტებით შეავსოს. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას საკუთარ თავს თითქმის ყოველ საღამოს "აბარებდა ანგარიშს". ანუ ამბებს ყოველდღიურად იწერდა, ყველაფერს დეტალურად ინიშნავდა - როგორც ფურცელზე, ისე ფოტომასალის სახით. მომავალში სურს, აღნიშნული მასალა წიგნებად გამოიცეს, თუმცა, რასაკვირველია, ეს მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული და დაფინანსება სჭირდება...

დღესდღეობით დღის უმთავრეს ნაწილს ტექნიკურ უნივერსიტეტში ატარებს. მუშაობს, მაგრამ ვარჯიში იქაც არ ავიწყდება. სამუშაო მაგიდის გვერდით გირები და ჰანტელები აწყვია, ხოლო კედელზე გაკრულია რუკა, რომელზეც მის მიერ განვლილი მარშრუტია მოხაზული...

გინესის არაერთგზის რეკორდსმენს მოგზაურობების გრაფიკი 2016 წლამდე უკვე განსაზღვრული აქვს. პირველი ახალი ოდისეა რუსეთის გარშემო, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს მოიცავს, მომდევნო წლის რამდენიმე თვე ირანს, ერაყსა და ავღანეთს დაეთმობა, ხოლო 2015 წელს ჯუმბერ ლეჟავა სამხრეთ პოლუსზე წასვლას აპირებს. სპორტსმენი და მოგზაური 2015 წლის ზაფხულში 75 წლის ხდება და თუ ფიზიკური ფორმა ხელს შეუწყობს, უკრაინელ მოგზაურ ლეონიდ მიკულასთან ერთად სამხრეთ პოლუსზე ველომობილით იმოგზაურებს...

- ჯერჯერობით პირველი მოგზაური ვარ, ვინც ანტარქტიდაზე ველოსიპედით ჩავიდა. იქ ორჯერ ვარ ნამყოფი. მსურდა მომესინჯა ანტარქტიდული პირობები, რომ სამხრეთ პოლუსზე ველოსიპედით ჩავიდე. კვლევამ მაჩვენა, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა ეს დიდი რისკის, ძალისა და გამძლეობის ფასად მოხდება. ეს ექსპერიმენტი 2006 წელს ჩავატარეთ. შეიქმნა კიდეც ველომობილი, რომელსაც "პინგვინი" დავარქვით და უკრაინელ მოგზაურთან ერთად ამ შესანიშნავი მოგზაურობის განხორციელებას ვგეგმავდით, მაგრამ, სამწუხაროდ, მოგზაურობა არ შედგა. მსოფლიო გამოფენაზე "ექსპო 2006" ჩვენმა პროექტმა ოქროს დიპლომები დაიმსახურა, ყველა სადგური მომზადებული იყო ამ ღონისძიების ჩასატარებლად, მაგრამ საქართველომ არ დამაფინანსა. მოგზაურობისთვის საჭირო თანხა 100 ათასი იყო, რაც შუაზე იყოფოდა. უკრაინელი მოგზაური თავისმა ქვეყანამ დააფინ­ანსა. როცა ნახეს, რომ მე დანარჩენ თანხას ვერ ვფარავდი, მითხრეს, იქნებ 25 ათასი მაინც ჩადოთ და დანარჩენ თანხას, ანუ 75 ათასს, ჩვენ დავფარავთო, მაგრამ ამაზეც უარი მითხრეს. ბოლოს უკრაინაში განაცხადეს, რომ მო­გზაურობას მთლიანად დააფინანსებდნენ, თუ მე მასში მონაწილეობას მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის დროშით მივიღებდი, ამაზე უარი განვაცხადე, ვინაიდან მე თავს ვწირავ საქართველოსთვის და არა სხვა ქვეყნისთვის. შემეძლო ჩემი ცხოვრება კარგად ამეწყო. მოგზაურობების პერიოდში არაერთი მსგავსი წინადადება მომისმენია. სხვადასხვა სახელმწიფოს სახელით რომ მემოგზაურა, იყო ლაპარაკი 7, 12 და 25 მილიონზეც, მაგრამ ეს არ გავაკეთე. ჩემი წასვლის მიზანი გამდიდრება არასოდეს ყოფილა, ჩემი მიზანი საზღვარგარეთ საქართველოს სახელის გატანა გახლდათ.

- თუ არ ვცდები, 1993 წელი იყო, როდესაც პირველად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა გადაწყვიტეთ. როდის და რატომ გაგიჩნდათ მოგზაურობისადმი ასეთი სწრაფვა?

- ამ კუთხით ბავშვობიდან ცნობისმოყვარე ვიყავი. სკოლის პერიოდში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ექსკურსიებზე მასწავლებლებს მივყავდით. პირველი დამოუკიდებელი მოგზაურობა XI კლასში მქონდა, როდესაც მეგობრებთან ერთად ხევსურეთი ფეხით მოვიარე. ამგვარი სვლა ინსტიტუტის პერიოდშიც გაგრძელდა და თითქმის მთელი საქართველო ფეხით შემოვიარე. შემდეგ მოტოროლერი შევიძინე და ასე ვმოგზაურობდი. ვსწავლობდი, ვმუშაობდი და შაბათ-კვირას ბუნებაში გავდიოდი. სტუდენტობის წლებში ხშირად ვატარებდი დროს მცხეთის ჯვრის მონასტერთან არსებულ სამიდან ერთ-ერთ, შუა გამოქვაბულში. პარასკევს საღამოს მივდიოდი, შაბათ-კვირას იქ ვრჩებოდი, იქვე ვვარჯიშობდი, ვმეცადინეობდი და ორშაბათ დილას თბილისში ვბრუნდებოდი. მაშინ დედა უკვე გარდაცვლილი იყო, უმცროსი და - გათხოვილი, ხოლო მამა მაშინ დაიღუპა, წლინახევრის რომ ვიყავი. ცუდზე არ ვფიქრობდი და დროს საინტერესოდ ვატარებდი. მოგზაურობამ იმდენად გამიტაცა, რომ მოტოროლერის შემდეგ მოტოციკლი შევიძინე და საბჭოთა კავშირის მასშტაბით მოგზაურობა დავიწყე. მის ფარგლებს გარეთ გასვლა იმ დროს ძალიან იშვიათობა იყო... ინსტიტუტში სწავლის პერიოდში მეუღლე შევირთე. ძალიან ერთგული ადამიანი შემხვდა, რომელიც ყველაფერში მხარს მიჭერდა და მეხმარებოდა.

- თქვენს გატაცებას როგორ უყურებდა?

- ჩემს მეუღლეს ვარჯიშში ხელი არასოდეს შეუშლია, პირიქით. ორი ქალიშვილი შეგვეძინა, სამწუხაროდ, ერთი დაიღუპა და დღეს მხოლოდ ერთი ქალიშვილი მყავს. ჩემი უპირველესი ფუნქცია და საზრუნავი იყო ოჯახი, რომელსაც უყურადღებოდ არასოდეს ვტოვებდი. მეორე იყო სამსახური, ხოლო შემდეგ უკვე - ვარჯიში და მოგზაურობა. მოტოციკლეტის შემდეგ მანქანა რომ შევიძინე, ჩავსვი ჩემი ცოლ-შვილი და მოსკოვში ოლიმპიურ თამაშებზე წავიყვანე. მთელი საბჭოთა კავშირის ევროპული სახელმწიფოები მოვატარე და ძალიან საინტერესო მოგზაურობა გამოგვივიდა. შემდეგ მეუღლე გარდამეცვალა, ბავშვები წამოიზარდნენ, დაბინავდნენ... იმ დროს უკვე ძალიან მაგრად ვვარჯიშობდი. სპეციალობით კიბერნეტიკოსი ვარ და საინტერესო სამუშაოც მქონდა. ჯერ გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში ვიყავი, საიდანაც სხვადასხვა თანამდებობაზე გადავყავდი და ამავდროულად კვლევით სამუშაოებსაც ვეწეოდი.

- 1987 წელს ურთულესი ოპერაცია გადაიტანეთ...

- ჩაფიქრებული მქონდა, ზამთარში უშბაზე ავსულიყავი. საამისოდ დიდი დატვირთვით ვვარჯიშობდი. ერთ კვირა დღეს თავი ძალიან გადავტვირთე. მუხათგვერდში ჩავედი სირბილით და იქიდან ლისის ტბაზე ავედი. ტბაზე გოგირდის აბანო იყო და გახურებული ორგანიზმით ცხელ წყალში ჩავედი. ტემპერატურა 60 გრადუსამდე იქნებოდა, ადვილად კი ავიტანე, მაგრამ ამან კინაღამ დამღუპა. გადახურებამ ნაწლავებისა და კაპილარების მოდუნება გამოიწვია. ნაწლავებმა დამბლა მიიღო, ადგილ-ადგილ გამაგრებული ადგილები გაჩნდა და ამის თანმხლებმა რიგმა პროცესებმა განგრენა წარმოშვა. უჯრედების კვდომის პროცესი სწრაფად წარიმართა. ღამით საოპერაციოდ გამიყვანეს. გაკვეთის შემდეგ ამგვარი ვითარება რომ აღმოაჩინეს, იფიქრეს, რომ დამთავრდა, გარდავიცვალე. გადაწყვიტეს მორგში გადავეყვანე, მაგრამ სანამ ამას იზამდნენ, დარეკეს ქირურგ ზურაბ ცხაკაიასთან და ჩემი ამბავი აუწყეს. ჩვენ კარგად ვიცნობდით ერთმანეთს და მას აუკრძალავს, ასე არ მოიქცეთ, მოვდივარო. ზურაბი მაშინვე საავადმყოფოში მოსულა. ოპერაციაზე სამმეტრ-ნახევარი ნაწლავი ამომკვეთეს და კუჭის კორექტირება მოახდინეს. ჩემს გადასარჩენად ყველანაირი ძალისხმევა ჩადეს, თუმცა ოპერაციის დროს ღვიძლი დამიზიანეს. შემდეგში ისე მოხდა, რომ ყველაფერი, რაც მაწუხებდა, ჩემი მეთოდებით განვკურნე და ვარჯიშით იქამდე მივედი, რომ ხუთი წლის შემდეგ რეკორდების დამყარება დავიწყე ურთულეს სახეობებში, როგორიცაა აზიდვები. 1990-1992 წლებში დავამყარე მსოფლიო და გინესის რეკორდები ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში.

- კვების განსაკუთრებული რა­ციონი და რეჟიმი გაქვთ?

- სამწუხაროდ, კვების რეჟიმს ვერ ვიცავ. დილას 5 საათზე ვდგები. დასაძინებლად 4 საათზეც რომ დავწვე, 5-ზე უკვე ფეხზე ვარ. ვვარჯიშობ, შხაპს ვიღებ, ცოტას შევჭამ და 8 საათზე უკვე სამსახურში ვარ. შინაც და სამსახურშიც ოთახში გირები და ჰანტელები მიწყვია. მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე ვვარჯიშობ, აზიდვებს ვაკეთებ. 10 საათზე მწვანე ჩაის ვსვამ, ან ძალიან იშვიათად - უნალექო ყავას. დღის 1-დან 2 საათამდე რაღაც უნდა ვჭამო. რასაკვირველია, კარგია, სადილობისას პირველი და მეორე კერძი მიიღო, თუმცა მე ამის საშუალება არ მაქვს. სამწუხაროდ, 23 წელზე მეტია მარტო ვარ. საჭმელს არავინ მიმზადებს და გამოსაკვებად ჩემთვის რამეს თავად თუ გავაკეთებ. შინ ღამის 10-11 საათზე ვბრუნდები და მაშინ თუ გავაკეთებ რაღაცას. ძალიან მიყვარს შემწვარი კვერცხი პომიდორით, ბევრი მწვანილითა და ხახვით (იღიმის). მიყვარს ბოსტნეული და ხილი. კერძებიდან - ჩაშუშული კომბოსტო. შემიძლია მთელი დღე ხილზე გადავიდე. ყოველ საღამოს აუცილებლად ვჭამ 1-2 კბილ ნიორს, 10 ცალ თხილს, ან ამდენივე ნიგვზის ლებანს. ცოტა ხნის წინ ვსვამდი უკრაინულ ბალზამს, რომელშიც 25 კომპონენტი შედის. ახლა თავად დავაყენე ბალზამი, რომელშიც 12 კომპონენტი შედის და 60-70-გრადუსიანი არყით მზადდება. არ ვსვამ და სიგარეტს არ ვეწევი, არც გამისინჯავს.

- ნასვამი, ან პირდაპირ რომ ვთქვათ მთვრალი, არასოდეს ყოფილხართ?

- ნასვამი როგორ არა, მხოლოდ ახალგაზრდობაში. ამბობენ, რომ კარგი თამადაც ვიყავი. დალევა მეგობრულ წრეში მიწევდა, მაგრამ სასმელი "ბოროტად" არასოდეს გამომიყენებია.

- მოგზაურობების დროს ალბათ არაერთხელ ყოფილხართ რამდენიმე დღე მშიერი, შიმშილობის შემდეგ როგორ იკვებებით?

- რამდენიმედღიანი შიმშილობის შემდეგ საჭმელს უცბად არ ვეტანებოდი. ხილს ვიღებდი, მსუბუქ საჭმელს, შემდეგ - ცოცხალ ბოსტნეულს. მოგზაურობების დროს სპეციალურად ვეძებდი ხორციან სადილებსაც, რომ ენერგია მომმატებოდა. ყოფილა დღეები, როცა რამდენიმე საათის განმავლობაში მაღალი სიცხის ქვეშ მივლია. ასეთ დროს წონაში 4-5 კილო დამიკლია. მეორე დღეს ისევ ფორმაში უნდა ვყოფილიყავი და საღამოობით ხშირად ვსვამდი უალკოჰოლო ლუდს. ეს ლუდი სპეციალურად მუსლიმანებისთვის მზადდება და მე მას ჩემი უჯრედების აღდგენისთვის ვიყენებდი.

- წარმატებებს გისურვებთ დაგეგმილი მოგზაურობებისას, ბატონო ჯუმბერ...

- დიდი მადლობა (იღიმის).

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"