ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის ნეშტს დე-ენ-ემ-ის ანალიზი ჩაუტარდება

ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის ნეშტს დე-ენ-ემ-ის ანალიზი ჩაუტარდება

ასტრახანში დაკრძალული ქართველი მეფეების, ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის ნეშტს დე-ენ-ემ-ის ანალიზი ჩაუტარდება.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "კავკასიის ფონდის" პრეზიდენტმა, პროფესორმა გივი ღამბაშიძემ განუცხადა.

ღამბაშიძე რამდენიმე დღის წინ მოსკოვში, ასტრახანიდან ქართველი მეფეების გადმოსვენებასთან დაკავშირებით რუსეთის პატრიარქ კირილის დავალებით შექმნილი კომისიის პირველ სხდომაში მონაწილეობდა.

მისი ინფორმაციით, შეხვედრა მაღალი დონის იყო და ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ, აგრეთვე, მიტროპოლიტი დიმიტრი და გერასიმე.

ღამბაშიძის ინფორმაციით, დასაწყისში საუბარი მიმოხილვითი ხასიათის იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ რუსულ მხარეს 30 წლის განმავლობაში შეგროვილი მასალები გააცნო, საუბარი ქართული მხარის სასარგებლოდ წარიმართა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე რუსულმა მხარემ ასტრახანში კონფერენციის ჩატარება მოისურვა მე-17-18 საუკუნეების რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების სფეროში, რადგან გადმოსვენების საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრიც იყოს მომზადებული. თავის მხრივ, წინადადებას ქართული მხარეც დიდი სიამოვნებით დათანხმდა.

ამასთან, როგორც ღამბაშიძე აცხადებს, მან მოითხოვა დე-ენ-ემ-ის ანალიზის ჩატარება, რადგან ქართველი მეფეების საფლავების ხელყოფა რამდენჯერმე მოხდა. ეს წინადადება რუსულმა ხმარემ კარგად მიიღო და დახმარებაც აღუთქვა ამ კვლევა-ძიებაში. მისი თქმით, ეს დიდი პასუხისმგებლობაა და რაიმე შეცდომა დაშვებული არ უნდა იყოს.

გარდა ამისა, გივი ღამბაშიძის თქმით, ქართული მხარე ამ დღეებში რუსეთის საპატრიარქოდან პირველი შეხვედრის თაობაზე ოქმის გამოგზავნას ელოდება, რომელიც შემდეგ განიხილება და მემორანდუმის სახეს მიიღებს.

"ჩემი დიდი სურვილია, ეს ყველაფერი გაზაფხულისთვის მაინც მოხერხდეს", - აღნიშნა მან.

ქართველი მეფეების, ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის ცხედრების ნაწილების საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული კომისიის პირველი სხდომა 13 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"