კობა ნარჩემაშვილი - "მინისტრი, რომელიც პოლიტიკური პოლიციის შექმნას ეცდება, განწირულია"

კობა ნარჩემაშვილი - "მინისტრი, რომელიც პოლიტიკური პოლიციის შექმნას ეცდება, განწირულია"

"ქართულ პოლიციაზე მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ლეგენდებს ჰყვებიან" - ასე ახასიათებდა "ვარდების რევოლუციის" დროინდელ პოლიციას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი... ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივ-პოლიტიკურ პროცესებს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი აფასებს.

- ბატონო კობა, რა გახდა ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური ცვლილების ძირითადი მიზეზი? თქვენ იმ მცირერიცხოვან მაღალჩინოსანთა შორის იყავით, ვინც თავიდანვე უპირისპირდებოდა "ვარდების რევოლუციას".

- გარდაუვალი კრახი თვითონ იმ იდეოლოგიაში იყო, რომლითაც "ვარდების რევოლუციის" შედეგად ხელისუფლებაში მოსული გუნდი ქვეყანას მართავდა; ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათი მიზანი კორუფციასთან ბრძოლა და ქვეყნის აყვავება იყო, სინამდვილეში ძალაუფლებით ტკბობისკენ ისწრაფვოდნენ; ეს იყო კორპორატიული, ვიწროგუნდური აზროვნების კლასიკური ნიმუში - ამ მცირერიცხოვანი ჯგუფის მთელი საქმიანობა ორი ნიშნით ხასიათდებოდა - ძალადობა და თვითგამორჩენისთვის ბრძოლა, საზოგადოების დიდი ნაწილი კი მათ ბრმად ემსახურებოდა. ამგვარი აზროვნებისთვის დამახასიათებელია კარჩაკეტილობა, გუნდის სიმცირე, როცა სამთავრობო კარუსელში ერთი და იგივე პიროვნებები მონაწილეობენ და როცა ერთი კაცი, მაგალითად, შაშკინი შეიძლება იყოს სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელი, განათლების, შემდეგ თავდაცვის მინისტრი და ა.შ. ისინი ამბობდნენ, რომ კრიმინალს წარმატებით ებრძოდნენ, ქვეყანაში წესრიგი დაამყარეს, სინამდვილეში კი მთელი ცივილიზებული სამყარო ცნებაში "წესრიგი" სამ პოსტულატს გულისხმობს: სიცოცხლის უზრუნველყოფა, საკუთრების უფლების დაცვა და კეთილდღეობა. ჩვენში კი, ამდენი ადამიანი 1930-იან წლებშიც არ ყოფილა რეპრესირებული, არასოდეს ადამიანის სიცოცხლე ასე გაუფასურებული არ ყოფილა, აღარაფერს ვამბობ კერძო საკუთრების უფლების ფეხქვეშ გათელვის არაერთ ფაქტზე. ან - რა უნდა დანაშაულის "დამარცხებას", როცა არასრული ცხრა წლის განმავლობაში 400 ათასზე მეტ კაცს დააპატიმრებ, ციხეს გამოატარებ, პრობაციონერად აქცევ, როცა ციხეებში საშინელებები ხდებოდა, როცა 10-12 ათასის ნაცვლად საპატიმროებში 30 ათასი კაცი გყავს? დანაშაულთან ბრძოლა მაშინ არის წარმატებული, როცა ის კანონიერების ფარგლებში მიმდინარეობს; ხელისუფლება ხომ ძალის კანონიერი გამოყენებაა.

- რატომ ვერ შეძლო შევარდნაძის ხელისუფლებამ, რომლის შინაგან საქმეთა მინისტრიც იყავით, წინ აღდგომოდა ხელისუფლების არაკონსტიტუციურ ცვლას, რევოლუციას?

- ეს იყო ე.წ. საფეხუროვანი გეგმა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში იყო აპრობირებული; ამ გეგმის განხორციელება 1998 წელს დაიწყო, როცა მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდულმა ფრთამ გადაწყვიტა, ხელისუფლებაში იმაზე ადრე მოსულიყო, ვიდრე შევარდნაძეს უფლებამოსილების ვადა გაუვიდოდა; ამ გუნდმა, რომლის ყველა წევრი შევარდნაძის ხელდასხმული იყო, თანდათან მისგან ხელოვნური დისტანცირება დაიწყო. ცხვარიჭამიას ერთ-ერთ დასასვენებელ სახლში ახალგაზრდულ მოძრაობა "კმარას" ტრენინგები უტარდებოდა, როგორ უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ორგანოების პარალიზება, ხალხის მობილიზება, მასობრივი არეულობის მოწყობა; ქართული "კმარა" სერბული "ოტპორის", უკრაინული "პორას" ანალოგი იყო.

- ყველას გვახსოვს, როგორ აწერდა პოსტებზე მდგომ პოლიციელებს თეა თუთბერიძე ზურგზე "კმარას", რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. სამართალდამცველებს შესაბამისი ინსტრუქცია ჰქონდათ მიღებული?

- კარგად ვიცოდით, რომ მათ პროვოკაციების მოწყობა ჰქონდათ განზრახული და ვცდილობდით, არ ავყოლოდით. ისინი, გამიზნულად მოქმედებდნენ, რომ დაგვერბია, რასაც ძალადობის ტალღა მოჰყვებოდა. ისიც ვიცოდით, რომ არაერთი მაღალი თანამდებობის პირი ე.წ. რეფორმატორთა ჯგუფთან აქტიურად თანამშრომლობდა, რის შესახებაც ქვეყნის პრეზიდენტი ინფორმირებული იყო. ამ შიგა პროცესებმაც დიდი როლი შეასრულა "ვარდების რევოლუციაში".

- თუ არის შესაძლებელი პარალელის გავლება 2003 წლისა და ამჟამინდელ მოვლენებს შორის იმ თვალსაზრისით, რომ ახლაც ლაპარაკობდნენ ძალოვან სამინისტროებში მიმდინარე რღვევაზე, თანამშრომლების გადაბირების მცდელობაზე. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადაყვანა შეცდომა იყო, რომ ბაჩო ახალაიამ ვეღარ შეძლო სამინისტროს გაკონტროლება.

- მთავარი მაინც ის არის, რომ ხელისუფლება, მინისტრი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ პოლიციად ქცევას მოინდომებს, განწირულია. ამ სისტემის ქვეყნის შიგნით, ჟანდარმად გამოყენება ასეთ შედეგს მოიტანს, ვანო მერაბიშვილის გადაყენება კი მხოლოდ დამატებითი ფაქტორი იყო, შესაძლოა, ამან კატალიზატორის როლი შეასრულა. ცვლილება იმ ზღვარგადასულ ძალადობას მოჰყვა, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის წესად აირჩია სააკაშვილის ხელისუფლებამ. ამ შემთხვევაში, პოლიციის მობილიზება, ვერაფერს გიშველის, ჩემი ინფორმაციით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში "ნაციონალებმა" არჩევნები წააგეს, თანამშრომლებმა მათ ხმა არ მისცეს, ესე იგი, რეჟიმის მსახურებმა თვითონ თქვეს უარი მის სამსახურზე, პროტესტის განცდა გაუჩნდათ. 1-ლი ოქტომბერი საარჩევნო რევოლუცია იყო.

- ციხის გახმაურებული კადრებიც ამ სისტემის თანამშრომლებმა გამოიტანეს, ანუ ციხე, ამ შემთხვევაშიც, შიგნიდან გატყდა?

- შექმნილმა ვითარებამ ამ კადრების გამომზეურებას ხელი შეუწყო. სისტემა თავისივე უკანონობის მძევალი გახდა, იმასვე ემსხვერპლნენ, რასაც, თავიანთი აზრით, წარმატებით ახორციელებდნენ და ეგონათ, რომ ეს 20-30 წელიწადს გაგრძელდებოდა.

ვფიქრობ, დღეს ჩვენი საზოგადოება სხვა პრობლემებზე გადაერთო და ძალზე ადრე დაანება თავი იმაზე საუბარს, რა მოხდა 2004-2012 წლებში. ვფიქრობ, ეს მუდმივი განსჯის საგანი უნდა იყოს, რატომ შეგვეყარა ეს სენი, რომ მომავალში მასზე ერთხელ და სამუდამოდ უარი ვთქვათ, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია პროცესის არა მარტო სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური შეფასებაც - "ნაციონალების" იდეოლოგია ისევე უნდა დაიგმოს, როგორც გერმანელმა ხალხმა დაგმო ფაშიზმი. ამ ორმა თვემ, რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, დამარწმუნა, რომ "ნაციონალების" დანატოვარი სისტემური პრობლემები ასე ადვილი დასანგრევი არ იქნება.

- შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გარდამავალ პერიოდში 50 პროცენტით მოიმატა წვრილმანმა დანაშაულმა... რა უნდა გაკეთდეს ამის თავიდან ასაცილებლად?

- მან თქვა, შეიძლება მოიმატოსო. ქვეყანაში დანაშაულის რიცხვს თვალშისაცემად არ მოუმატია. ეს ფაქტები, ვეჭვობ, რომ გარკვეულწილად, საბოტაჟის ნიშნების შემცველი იყო და გარკვეული ჯგუფების მიერ იყო მართული. უახლოეს დღეებში, ამნისტიის შედეგად, ციხიდან ათასობით პატიმარი გამოვა და ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს საგანგებო გეგმა დანაშაულის პრევენციის მიზნით, თუმცა, მცირე პრობლემები იქნება. ყოველდღიური სირთულეების დაძლევის შემდეგ კი შსს-ში აუცილებელია რეორგანიზაციის ჩატარება. ყველაფერი პიროვნებებზე ჩამოკიდებული აღარ უნდა იყოს. პოლიციამ სახელმწიფო ინტერესებსა და ადამიანის უფლებებს შორის ოქროს შუალედი უნდა დაიცვას.

- თუ გაქვთ შეთავაზება ახალი ხელისუფლებისგან და სურვილი, დაბრუნდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში?

- შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ ყოფილა. რაც შეეხება სურვილს, ყველანი ჩვენი პროფესიის ტყვეობაში ვართ. ამჯერად საჯარო პოლიტიკა უფრო მიზიდავს. ჩემს პოლიტიკურ მომავალს სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას ვუკავშირებ, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ვარ, ჩვენი პარტიის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრია და კიდევ უფრო გააქტიურებას ვაპირებთ.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა