რისთვის ხარჯავდა სააკაშვილი ფულს სარეზერვო ფონდიდან

რისთვის ხარჯავდა სააკაშვილი ფულს სარეზერვო ფონდიდან

ბოლო წლებში პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვა გაუმჭვირვალე სფეროდ იქცა. როგორც წესი, აღნიშნული ფონდებიდან ათეულობით მილიონი ლარის ხარჯვა ხდებოდა, თუმცა, საზოგადოებისთვის უცნაური იყო ამ ხარჯების მიზანშეწონილობა. შესაბამისად, თემისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოს 2010-2012 წლების სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის ძირითადი მიმართულებების შესახებ. წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავს პერიოდს 2010-2011 წლებზე სრულად და 2012 წლის პერიოდს­ იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით.

საკითხის შესწავლისა და ანალიზის შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა. კერძოდ:

- 2010-2011 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხებში დიდია ე.წ. უცნობი ხარჯების წილი. 2010 წელს აღნიშნული თანხა შეადგენდა 20,591,792 მილიონ ლარს, რაც მთელი სარეზერვო ფონდის 38% იყო. ხოლო 2011 წელს ანალოგიური ხარჯები 16,571,714 მილიონი ლარი იყო (34%).

- საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვაზე გავლენა მოხდინა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა. კერძოდ, მარტო მიმდინარე წელს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად 33 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. ამასთანავე, უმრავლეს შემთხვევაში, პრეზიდენტის განკარგულებებში არ ყოფილა ასახული გამოყოფილი თანხების კონკრეტული მიზნობრიობა, რაც თვითმმართველ ერთეულებს გამოყოფილი თანხების ხარჯვისთვის მეტ თავისუფლებას უტოვებდა.

- 2010 წელს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ყველაზე დიდი წილი - 12,890,824 ლარი (23,61%), კონცერტების, მუსიკალური კლიპებისა და სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად გამოიყო. ხოლო, 2011 წელს ხარჯების ყველაზე დიდი წილი - 8,080,164 ლარი (16,39%) - საცურაო აუზების, ბულვარების, სტადიონების, პარკებისა და კოტეჯის მშენებლობისთვის.

- 2012 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში პრეზიდენტის განკარგულებების საფუძველზე, სარეზერვო ფონდიდან გაცილებით მეტი თანხის გამოყოფა მოხდა, ვიდრე ეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ცხრა თვის ანგარიშში არის ასახული. კერძოდ, 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესულების ანგარიშის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 40,984,000 ლარი გამოიყო. ხოლო საიასთვის მოწოდებული განკარგულებების მიხედვით, აღნიშნული თანხა 44,612,057 ლარს შეადგენს.

- აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა, სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვისას პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებზე განსაკუთრებულ რეგულაციებს არ ითვალისწინებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ფაქტობრივად, თანხების გამოყოფის პროცესში სრულ თავისუფლებას ანიჭებს.

მომზადებულია საიას ვებგვერდზე

გამოქვეყნებული მასალის მიხედვით

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"