ჯერ ორი კვირაც არ არის, რაც უჩა ნანუაშვილი ომბუდსმენი გახდა და მის ოფისში უკვე იმდენი განცხადებაა შესული, მათ გაცნობას ვერ აუდის. თუმცა, იმედოვნებს, რომ მალე ყველაფერი მოგვარდება და მის ანგარიშებს, წინამორბედისაგან განსხვავებით, ყურადღებით მოეკიდება ხელისუფლება.
- უკვე რამდენიმე ფაქტზე დავიწყეთ საქმის წარმოება, ასეთია ახლახან დაკავებული მაღალჩინოსნების და თანამდებობის პირების საქმეები. მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა მომართვა, უშუალოდ ვარ დაინტერესებული ამ საქმეებით. უნდა გავარკვიოთ, რასთან გვაქვს საქმე, კითხვის ნიშნები რომ გამოირიცხოს და ვიცოდეთ სიმართლე. ასეთია გუნავას, კალანდაძის, ახალაიასა და სხვათა საქმეები.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ დაარღვია ადამიანის უფლებები?
- შენიშვნებს მას შემდეგ გავაკეთებ, როცა დეტალურ ინფორმაციას მოვიპოვებთ. გუნავა დააკავეს ისეთი საეჭვო მუხლებით, რომლებიც ყოველთვის ასოცირდებოდა ფალსიფიკაციასთან - იარაღი და ნარკოტიკები. თუნდაც ეს იწვევს ჩემში ცუდ ასოციაციას და ჩნდება კითხვა: ხომ არ არის ეს ძველი პრაქტიკის გადმონაშთი? ამაში რომ დავრწმუნდეთ, უნდა შევისწავლოთ ეს საქმე. მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, რატომ უფარდებენ ზოგიერთ საქმეზე გირაოს, რიგ შემთხვევებში კი - წინასწარ პატიმრობას. რა კრიტერიუმით ხელმძღვანელობს ასეთ შემთხვევაში პროკურატურა.
- ადრე სახალხო დამცველის 600-გვერდიან ანგარიშს არავინ უსმენდა და მით უმეტეს - ითვალისწინებდა. იგივე რომ არ მოხდეს თქვენს შემთხვევაშიც, რით მიიქცევთ ყურადღებას?
- დარწმუნებული ვარ, ამ ეტაპზე სახალხო დამცველის ანგარიშებს მოუსმენენ, ვინაიდან ეს არის ამომრჩევლის და მოსახლეობის შეკვეთა.
- თქვენ ომბუდსმენის უფლებამოსილების გაზრდას მოითხოვთ. რა ფიქრობთ, რომ იქნება ამისი პოლიტიკური ნება და ხელისუფლება მოგცემთ სრულფასოვანი მუშაობის საშუალებას?
- უფლებამოსილების გაზრდა მნიშვნელოვანი საკითხია, ამაზე იწყება დისკუსია და მალე გვექნება კონკრეტული შედეგი. წინააღმდეგი ვარ, რომ ეს ინსტიტუტი გადაიქცეს საგამოძიებო ორგანოდ, მაგრამ კანონში უნდა ჩაიდოს ბერკეტები იმისათვის, რომ სახალხო დამცველის მიერ მოპოვებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე ავტომატურად დაიწყოს გამოძიება და დაისაჯონ ის პირები, რომლებიც იქნებიან, მაგალითად, წამებაში ბრალდებულნი. იმ ფონზე, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა თუნდაც ციხეში, არ მაქვს მორალური უფლება, ეს საკითხები წინა პლანზე არ წამოვწიო, რადგან წლების განმავლობაში სახალხო დამცველის ანგარიშს არავინ უსმენდა. გარდა ამისა, ვფიქრობ, სახალხო დამცველის საქმე არ უნდა იყოს მხოლოდ პატიმართა უფლებების დაცვა. მეტი ყურადღება უნდა მიექცეს შრომის, სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა პრობლემებს. აი, ამიტომ უნდა გაიზარდოს სახალხო დამცველის ფუნქციები.
- პატიმრები ჩივიან, რომ მათ ისევ უსმენენ, ციხეებში არის სათვალთვალო ოთახები, კვლავ პოსტებზე რჩებიან ის ადამიანები, რომლებიც მათ დასჯაში მონაწილეობდნენ...
- მთავარია, გამოვლინდეს კონკრეტული, დადასტურებული ფაქტები. სასჯელაღსრულების სამინისტროში არსებობს გენინსპექცია, რომელსაც ევალება რეაგირება ასეთ განცხადებებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ საკითხებს ჩვენი წარმომადგენლები განიხილავენ. შეუძლებელია, 25 ათასი პატიმრის პრობლემების ერთ დღეში, თუნდაც ერთ წელიწადში მოგვარება, მაგრამ მთავარია, შემუშავდეს სწორი პოლიტიკა და მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს ეს დაწესებულებები. 4-მილიონიან ქვეყანაში 25 ათასი პატიმარი გვყავს, აქედან გამომდინარე, ეს სფერო საქართველოში ყველაზე პრობლემურია.
- ახლახან ორი დღის შეწყალებულმა პირმა ახალგაზრდა გამოასალმა სიცოცხლეს. სუბარმა, რომლის რეკომენდაციითაც გათავისუფლდა ეს პატიმარი, ახსნა, რომ იგი მძიმე ავადმყოფი იყო. ცოტა მეტი სიფრთხილე ხომ არ არის საჭირო ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას. რას იტყვით, იყო ეს ვინმეს მხრიდან ინსპირირებული აქტი, თუ კვლავ მიმდინარეობს "ჩაწყობა"?
- გახლდით იმ საკოორდინაციო საბჭოს წევრი, რომელიც შეიქმნა სასჯელაღსრულების სამინისტროსთან. მსგავსი რამ ჩემთვის უცნობია. პირიქით, სოზარ სუბარი ერიდებოდა პატიმრების გაშვებას, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა რეკომენდაციები და საკმარისი მტკიცებულებები. პირობით ვადამდე მხოლოდ მსუბუქი დანაშაულის ჩამდენ პირებს ათავისუფლებდნენ. ამას, სხვათა შორის, არ ვეთანხმებოდი იმიტომ, რომ თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ ადამიანი გამოსწორდა, აქვს დადებითი დახასიათება და წლებია, სასჯელს იხდის (და თუ არ არის რეციდივისტი), ახალი ცხოვრების დაწყების შანსი უნდა მიეცეს, იმის მიუხედავად, რა დანაშაული აქვს ჩადენილი. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, როგორ მოიქცევიან ეს ადამიანები გათავისუფლების შემდეგ. არ არსებობს არანაირი პროგრამა და ეს ადამიანები რჩებიან ქუჩაში, მათ ან ისევ უნდა ჩაიდინონ დანაშაული, ან წავიდნენ ქვეყნიდან. შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა იზრუნონ იმისათვის, რომ ეს ადამიანები ახალი ცხოვრების დასაწყებად მოამზადონ. საფუძვლიანად უნდა გადაიხედოს სისტემა და პოლიტიკა, რომელიც ძალიან მკაცრი იყო. ეს მდგომარეობა მემკვიდრეობით ერგო ამ ხელისუფლებას და ასე უცებ ვერ გამოსწორდება, თუმცა სწორი პოლიტიკის შემთხვევაში ყველაფერი მოგვარდება.
- თქვენი ომბუდსმენად დანიშვნისთანავე უმცირესობამ გამოაცხადა, "ოცნებამ" ამ პოსტზე "თავისიანი" მოიყვანაო... ვისიანი ხართ, ბატონო უჩა?
- ნებისმიერი პიროვნება, ვინც უნდა დანიშნულიყო, კრიტიკა ასეთივე იქნებოდა. ოპოზიცია ცდილობს (ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც), ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან, მოიპოვოს და წარუდგინოს კონკრეტული ფაქტები და მოითხოვოს მათზე რეაგირება. დღეს, სამწუხაროდ, არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები. ვფიქრობ, როცა ლაპარაკია ნებისმიერის, თუნდაც ჩემი, რომელიმე პარტიის "კუთვნილებაზე", ამისათვის მეტი და მყარი არგუმენტია საჭირო.
ნანა ფიცხელაური
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)