მთავარი პროკურატურის განმარტებით, სასამართლოსგან ნებართვა არსებობდა არა პიროვნების მოსმენაზე, არამედ სატელეფონო ნომერზე

 მთავარი პროკურატურის განმარტებით, სასამართლოსგან ნებართვა არსებობდა არა პიროვნების მოსმენაზე, არამედ სატელეფონო ნომერზე

ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრის ფარული მოსმენა კანონიერად მოხდა, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილე დავით მჭედლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მჭედლიშვილი საქალაქო სასამართლოს განცხადებას გამოეხმაურა და განმარტა, რომ სასამართლოსგან ნებართვა არსებობდა არა პიროვნების მოსმენაზე, არამედ სატელეფონო ნომერზე. მისი თქმით, სატელეფონო ნომერს, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაზე იყო გაფორმებული, იყენებდა ნიკა გვარამია, რომელიც "თელასთან" დაკავშირებულ ელიტარულ კორუფციაშია ჩართული".

"2012 წლის 8 ნოემბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა, რომ ერთ-ერთი სატელეფონო ნომრიდან გიორგი ნემსიწვერიძეს უკავშირდებოდა ვინმე გიორგი. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული სატელეფონო ნომერი გამოიყენებოდა ნიკა გვარამიას მიერ. სწორედ აქედან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნული ნომრის ფარული ჩანაწერის ნებართვა გასცა. შესაბამისად, ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრის ფარული ჩაწერა ხდებოდა კანონით განსაზღვრულ ვადაში", - განაცხადა დავით მჭედლიშვილმა.

ამასთან, მისი განმარტებით, გამოძიება დაიწყო მანამ, სანამ ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნებოდა. "გამოძიება დაწყებულია 2012 წლის 8 ნოემბერს, ხოლო ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა 14 ნოემბერს", - აღნიშნა დავით მჭედლიშვილმა და განმარტა, რომ გვარამიას დაკავება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა, დამატებითი მტკიცებულების მოპოვების მიზნით.

მჭედლიშვილმა ელიტარულ კორუფციაში მონაწილე სხვა პირების დანაშაულზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სწორედ ამ კორუფციული სქემის საფუძველზე მოხდა ალექსანდრე ხეთაგურის, კახა დამენიას, დევი კანდელაკის, გიორგი ნემსიწვერიძისა და იზაბელა გუტიძის დაკავება. კერძოდ, მათი დაკავება უკავშირდება "თელასში" მიმდინარე კორუფციულ სქემას, რომელზეც გამოძიება გრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ