გენერალ ჩხეიძის რვაწლიანი დევნილობა და ახალი იერიში ძველ ხელისუფლებაზე

გენერალ ჩხეიძის რვაწლიანი დევნილობა და ახალი იერიში ძველ ხელისუფლებაზე

ვალერი ჩხეიძემ, რომელიც 8 წლის განმავლობაში უცხო მხარეს იყო გადახვეწილი, იძულებითი ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე ხმაურიანი განცხადებები გააკეთა. საზღვრის დაცვისა და დაზვერვის დეპარტამენტების ყოფილი უფროსი და უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი უთუოდ ბევრ ინფორმაციას ფლობს და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პირველივე ინტერვიუებში ნათქვამის გარდა, საზოგადოებას მომავალშიც საინტერესო ცნობებს მიაწვდის...

- "ვარდების ხელისუფლებამ" მალევე გადაუხვია დემოკრატიულ გზას და უღალატა იმ დანაპირებს, რომლითაც ხალხის ნდობა მოიპოვა... სანამ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ინაუგურაცია გაიმართებოდა, მან საზღვრის დათვალიერება ითხოვა. გამოვყავი ვერტმფრენი და ოფიცრები გავაფრთხილე, სააკაშვილისთვის ყველაზე რთული სასაზღვრო ნაწილი ეჩვენებინათ. ის ჩეჩნეთის მონაკვეთზე წავიყვანეთ. ესაუბრა მესაზღვრეებს და თბილისში ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა. იმავე ღამეს დამირეკა. ლამის ყურმილში გამოძვრა - ეს რა კარგი საქმეები გაგიკეთებიათ! რამდენიმე დღეში თქვენი შრომა დაფასდება და დაგაჯილდოებთო.

- და ამას თქვენი დაწინაურება მოჰყვა, არა?

- ეს სულ სხვა ამბავს უკავშირდება. 7-საათიანი ოპერაციის შედეგად, ჩვენს ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შემოჭრილი თურქეთის ორი ხომალდი დავაკავეთ. რამდენიმე დღეში დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ მთავრობის კანცელარიაში დიდი ცერემონია გაიმართებოდა და დამაჯილდოებდნენ. მაშინ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე ვიყავი. მერე ვანო მერაბიშვილი დამიკავშირდა და მითხრა, რომ დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად უნდა გადავსულიყავი და თან უშიშროების მინისტრის მოადგილეც ვიქნებოდი. ჩემი გამოცდილებიდან ვიცოდი და ინტუიციაც მკარნახობდა, რომ ასეთი დაწინაურებები და წახალისებები კარგის მომტანი არ იქნებოდა. უარი ვუთხარი, მაგრამ მერაბიშვილმა მითხრა, რომ ის და სააკაშვილი უარს ვერ მიიღებდნენ... მაშინ უშიშროების მინისტრი ზურაბ ადეიშვილი იყო, მისი ერთ-ერთი მოადგილე კი - ვანო მერაბიშვილის მეჯვარე, ამირან მესხელი, რომელიც ახალციხიდან ჩამოიყვანეს. მას არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ჯარში ნამსახურები იყო და დანიშვნამდე, ახალციხეში სავალუტო ჯიხურში მუშაობდა "ვალუტჩიკად". მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე "პატარა ბიჭუნა" - გიგი უგულავა იყო.

- ამის გამო აგიცრუვდათ გული მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაზე?

- ეს წვრილმანია, იყო სხვა მრავალი ფაქტორი. მოკლედ, მივხვდი, რომ საქმე კარგად არ მიდიოდა. იმ პერიოდში დამიკავშირდნენ კოლეგები სომხეთიდან და გამაცნეს სომხური დიასპორის წინადადება, საქართველოს ენერგეტიკაში მსხვილი ინვესტიციის განხორციელების შესახებ. დავუკავშირდი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას, რომელიც ჩემი ახლობელი იყო. ამ ამბავს სიხარულით შეხვდა და თავისთან თათბირზე დამიბარა, მერე კი ცალკე ვისაუბრეთ. რამდენიმე დღის შემდეგ უშიშროების სამინისტროში თათბირის დროს ამირან მესხელს ისეთი ფრაზა წამოსცდა, მივხვდი, რომ ზურაბ ჟვანიასთან ჩემი საუბრის შინაარსი იცოდა. იმასაც მივხვდი, რომ ზურაბ ჟვანიას ტელეფონსაც უსმენდნენ... მალე ინვესტორები პრემიერ-მინისტრს შევახვედრე. შეხვედრის დასრულების შემდეგ ფურცელზე დავუწერე, რომ უსმენდნენ. იმავე ფურცელზე კითხვის ნიშანი დასვა - ანუ ვინო? ხელით მივანიშნე, - ზედა ეშელონებიდან-მეთქი. ზურაბ ჟვანიამ ამ საკითხთან დაკავშირებით კონფიდენციალური შეხვედრა დააპირა, მაგრამ ეს ვეღარ მოესწრო, რადგან მანამდე მოკლეს.

- დარწმუნებული ხართ, რომ მოკლეს?

- დარწმუნებული ვარ, იოტისოდენა ეჭვიც არ მეპარება.

- პირველ ინტერვიუებში აჭარის მოვლენებს შეეხეთ...

- ეს მოვლენები ფოთიდან იმართებოდა - მთავრობა იქ იყო ჩასული. მე ამ დროს მივლინებაში ვიყავი და როცა დავბრუნდი, ჩემთან მოვიდა ორი პიროვნება და მითხრა, რომ ასლან აბაშიძის რეზიდენციის დაბომბვის ოპერაცია იგეგმებოდა! მაშინვე დავუკავშირდი ზურაბ ჟვანიას. ამ ამბის გამგონე, პრემიერი გაფითრდა - არ იცოდა, რომ ასეთ სერიოზულ საბრძოლო ამოცანას გეგმავდნენ და პრემიერ-მინისტრს საქმის კურსში არ აყენებდნენ. როგორც ჩანს, ეს დაბომბვა სწორედ ზურაბ ჟვანიამ ჩაშალა.

- მაინც, ბოლო წვეთი რა იყო, რომელმაც ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება მიგაღებინათ?

- აჭარის რევოლუციის შემდეგ, ოპერატიულმა მორიგემ დამირეკა და მითხრა, რომ მერაბიშვილის დავალებით, საგარეო დაზვერვის დეპარტამენტი დალუქეს. არც ახსნა, არც განმარტება და არც განცხადება არ უსწრებდა ამ ქმედებას. ეს იმას ნიშნავდა, რომ უნდა დამეწერა განცხადება და გავცლოდი ყველაფერს. ამას წინ უსწრებდა ბინძური ფაქტი, კერძოდ - პრესაში დაიბეჭდა ბინძური სტატია. მერე დაიწყეს ბრიფინგების ჩატარება და იმაზე ლაპარაკი, რომ ჩემს დაქვემდებარებულ უწყებაში ყვაოდა კორუფცია და გრანტებს ვითვისებდი. ეს აბსურდი იყო, ვინაიდან არც თავად ვერეოდი გრანტების განაწილებაში და არც სხვას ვახედებდი: როდესაც ამერიკელებმა მითხრეს, გრანტს მოგცემთ და რაშიც გჭირდებათ, იმაში დახარჯეთო, კატეგორიული უარი ვუთხარი და შევთავაზე, ტენდერიც თავად ჩაეტარებინათ და საჭირო ტექნიკაც თავად შეეძინათ - მე მხოლოდ სია გადავეცი, თუ რა ტექნიკა იყო საჭირო საზღვრის დაცვისთვის. ამერიკელები გაოცდნენ და ჩემმა გეგმამ გაამართლა. სასაზღვრო დეპარტამენტი უცხოური გრანტებით დადგა ფეხზე. ბინძური სტატიების ავტორმა კი ერთ ჩემს თანამშრომელს მოგვიანებით უთხრა, - თქვენც გადაგეხადათ 500 დოლარი და სხვანაირ სტატიას დავწერდიო... მაშინდელ გენერალურ პროკურორს, ირაკლი ოქრუაშვილს მივმართე პატაკით, რომ ამ საგაზეთო სტატიების საფუძველზე აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე.

ამავე პერიოდში, ხელისუფლების ზედა ეშელონებში მოინდომეს, მათი ინტერესების მქონე ხუთ კომპანიას გაემარჯვა ტენდერებში. ამის კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა ჩემი მოადგილე, ვანო ხვიბლიანი. დაიწყეს მისი დევნა, ჩამოაშორეს საქმეს და სამსახურს, შედეგად კი მოხდა ის, რაც უნდოდათ. მერე ჩემი ერთი ნაცნობი დააპატიმრეს...

- ამის შემდეგ წახვედით საქართველოდან?

- წასვლამდე დაიწყეს ჩემი იგნორირება და სატელეფონო ზარებსაც აღარ პასუხობდნენ. 2004 წლის აპრილში გადავწყვიტე, გავრიდებოდი ყველაფერს. პროკურატურაშიც დავრეკე და ვიკითხე, რაიმე კითხვა ხომ არ ჰქონდათ ჩემთან? მითხრეს, თქვენ მიმართ არანაირი კითხვა არ გვაქვსო. ამის შემდეგ წავედი უკრაინაში "პუტიოვკით". 10 დღეში მეუღლემ დამირეკა და მითხრა, შენზე ბინძური პიარი დაიწყო, ხელისუფლება ალაპარაკდა, - ვალერი ჩხეიძემ საზღვარი გაყიდაო...

- უცხოეთში რას საქმიანობდით?

- უკრაინაში კოლეგებისა და მეგობრების დახმარებით, საკონსტრუქტორო კომპანიაში ვმუშაობდი. მერე რუსეთში გადავედი, იქ რუსულ-ბერძნულ კომპანიაში ვმუშაობდი. კომპანიის ხელმძღვანელი ბორჯომელი ბერძენია. მას თბილისის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, ძალიან ნიჭიერი პიროვნება და ბიზნესმენია, რომელსაც უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაში ვეხმარებოდი.

- მიუხედავად ამისა, როგორც ვიცი, 2008 წლის ომის დროს გარკვეული კონსულტაციის გასაწევად, საქართველოში დარეკეთ და ზოგიერთ პიროვნებას რჩევებიც მიეცით, მაგრამ არ გაითვალისწინეს.

- კი, მეგობრებთან დავრეკე და ვთქვი, რომ ფოთიდან საზღვაო კატარღები და ხომალდები თურქეთის ტრავერსში (ტერიტორიულ წყლებში. - ავტ.) გადაეყვანათ, რაც დაშვებულია საერთაშორისო კანონმდებლობით. ეს რომ გაეკეთებინათ, რუსეთი ვერ მოახერხებდა იმის განადგურებას, რაც ფოთის პორტში ააფეთქა და ჩაძირა.

- როგორი აღსაქმელი იყო უცხო ქვეყნიდან, სამშობლოში განვითარებული მოვლენები?

- ჩემთვის და ნებისმიერი ქართველისთვის მძიმე იყო იმის შეფასება, რაც საქართველოში ხდებოდა. მეგონა, უფრო ცუდად დაამთავრებდნენ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება მოღვაწეობას. მადლობა ღმერთს, პოლიტიკურ არენაზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა! როგორც ჩანს, ივანიშვილი სრულად გრძნობს პასუხისმგებლობას არა მარტო საკუთარი თავისა და ოჯახის, არამედ ქვეყნის წინაშეც. ეს ბედნიერებაა. მას არაფერი აკლია ცხოვრებაში, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე.

გიორგი ბერიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა