მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ დავბრუნდებით საკმარისად თავდაჯერებულად

მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ დავბრუნდებით საკმარისად თავდაჯერებულად

ჩვენ ვართ ყველაზე პატრიორტული პარტია საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, "ექსპო-ჯორჯიაში" "ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ დავბრუნდებით საკმარისად თავდაჯერებულად იმისათვის, რომ იმ ხალხთან გვქონდეს დიალოგი, რომელმაც ხმა არ მოგვცა ჩვენი შეცდომების გამო, მაგრამ რომელიც ჩვენს პრინციპებზე დგას, რომელსაც მოსწონდა ჩვენი საგარეო და საშინაო პოლიტიკური კურსი, პრინციპები", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც თანმიმდევრულად, ბოლომდე აყენებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მოდერნიზაციის გზაზე.

"ჩვენ ვართ ყველაზე პატრიოტული პარტია. ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, რა მნიშვნელობის ქვეყანას წარმოვადგენთ. ჩვენ მყარად უარვყოფთ ყველაფერს, რაც ხელს უშლის ჩვენს დამოუკიდებლობას, სვლას ევროკავშირისკენ და ნატოსკენ. ესენიც ამბობენ, რომ ევროკავშირი და ნატო გვინდა, მაგრამ მარტო თქმა არ კმარა", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ოჯახებმა თვითონ უნდა ირჩინონ თავი, "თვითონ გაანძრიონ ხელი, შექმნან ღირსეული პირობები და იმაზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, ერთი კაცი როგორ ხასიათზე გაიღვიძებს და როგორი თვალით შემოგვხედავს".

"არა მგონია, რომ ჭორვილას მოდელი შეესაბამებოდეს მრავალსაუკუნოვან, მრავალკულტურულ ქართულ საზოგადოებას და ეს იყოს ჩვენი გამოსავალი. ღმერთმა დაგვიფაროს საქართველოს ჭორვილიზაციისაგან. ჩვენ უნდა შევქმნათ დამოუკიდებელი, ძლიერი ადამიანებით დასახლებული საზოგადოება და არა ვიღაცის წყალობაზე და ხელის ლოკვაზე დამოკიდებული საზოგადოება. ჩვენ არ გვინდა დავადგეთ ისევ მუქთახორა ბოლშევიკების გზას. ჩვენ გვინდა ილია ჭავჭავაძის გზა. გამოსავალი არის განვითარებაში. თოვლის ბაბუა გამოსავალი არ არის, არც ახალ წელს. თანამედროვე ეკონომიკაში არ არსებობს თოვლის ბაბუა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

პრეზიდენტი ნარკომანიის თემას შეეხო და აღნიშნა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი რუსეთიდან შემოტანილი ე.წ "კროკოდილის" ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.

"თბილისი შპრიცებით გაივსო და ნარკოტიკები ისევ დიდი რაოდენობით შემოდის. ნარკომანიის დასამარცხებლად ვანო მერაბიშვილს დიდი დრო დასჭირდა. დღეს კი მოვიდა ის ხალხი, ვინც თავის დროზე ცნობილი ნარკობარიგა იყო. რუსეთიდან შემოვიდა დიდი რაოდენობით ე.წ "კროკოდილი". მისი მიღების შემდეგ გგონია, რომ წინ მიდიხარ, სინამდვილეში კი იწყებ უკან სიარულს. აშკარად რუსეთიდან შემოტანილი ამ უბედურების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება ქართული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი და ეს სახეებზეც ეტყობათ", - აღნიშნა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა პროკურორებს მიმართა და აღნიშნა, რომ სტალინის ძეგლი ალვანის ცენტრიდან ალვანელმა პეტრე ცისკარიშვილმა მისი დავალებით აიღო.

მისივე თქმით, შეიტყო, რომ სოფლიდან სტალინის ძეგლის აღებასთან დაკავშირებით პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

"როდესაც ევროკავშირსა და ნატო-ზე საუბრობ, არ შეიძლება ალვანსა და გორში სტალინის ძეგლი აღადგინო. ვიცი, რომ ამის თქმა არაპოპულარულია, რადგან ჩვენს ზოგიერთ ამომრჩეველს სტალინი კარგი კაცი ჰგონია. ბაბუაჩემს ბოლო დღემდე სტალინი კარგი კაცი ეგონა. ერთმა ჩემმა მხარდამჭერმა მითხრა, თქვენი ყოფის ტირება მაშინ დაიწყო, გორიდან სტალინი რომ მოხსენითო. იმან დაგწყევლათ და იმიტომ წააგეთ არჩევნებიო. არ შეიძლება, ერთდროულად პატივი სცე ილია ჭავჭავაძეს და იოსებ სტალინს. არ შეიძლება, ერთდროულად მოგწონდეს ჩვენი ეკლესიის უდიდესი მოღვაწე წმინდა გრიგოლ ფერაძე და საბჭოთა მოღვაწეები", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტი რელიგიურ დაჯგუფებებთან დაკავშირებით მიღებული კანონის გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

როგორც მან კონფერენციაზე განაცხადა, მაშინდელმა ხელისუფლებამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რადგან დავით აღმაშენებლის ქვეყანაში ეს კანონი არის სწორი.

"მე ვიცი ბევრი კამათი იყო იმ კანონზე, რომლითაც ყველა რელიგიურ ჯგუფს მივეცით გარანტირებულად საკანონმდებლო უფლებები. რადგან სიმართლის თქმის დროა, ვიტყვი, რომ არასოდეს არ მოვიხდი ამაზე ბოდიშს. ჩვენ გავაკეთეთ სწორი, დავით აღმაშენებლის ქვეყანაში ეს კანონი არის სწორი, რადგან დავით აღმაშენებლი ერთ დღეს ლოცულობდა სინაგოგაში, ქრისტიანულ ეკლესიაში და რა თქმა უნდა მუსლიმანურ ტაძარში და ამით შექმნა მან ძლიერი საქართველო. არ შეიძლება აქედან ერთი ნაბიჯითაც კი გადავუხვიოთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ის არის ქრისტიანი და ყოველდღე ლოცულობს, მაგრამ როგორც ქრისტიანისთვის, მისთვის მიუღებელია, რომ ქართველ მუსლიმანს საქართველოს ტერიტორიაზე, საკუთარ სახლში ლოცვა აუკრძალო.

ამასთან, სააკაშვილის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" დროს როგორი ძლიერი და ერთიანიც იყო ეკლესია, არასოდეს ყოფილა საქართველოში, მრავალი ეპოქის განმავლობაში.

იხილეთ ვიდეო: ჩაცუცქვები ისევ დაიწყო - მიხეილ სააკაშვილი

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა