ბიძინა ივანიშვილი: "საზოგადოებამ უნდა ამოისუნთქოს და გაიაფება დაიწყოს"

ბიძინა ივანიშვილი: "საზოგადოებამ უნდა ამოისუნთქოს და გაიაფება დაიწყოს"

პრემიერად დანიშვნის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობის კანცელარიაში პირველად ვხვდებით. "ამ ოთახში ისეთი მძიმე აურაა, ერთი სული მაქვს, როდის გავიქცევი. შევარდნაძის დროიდან რაც იყო, ის ავეჯია. ერთი მაგიდა ჟვანიას ნაქონია. აქ ასევე იდგა ურჩხულივით დიდი სამუშაო მაგიდა და ახალი მოიტანეს. პირველივე მაღაზიაში რასაც შეხვდნენ, ის იყიდეს, 800 ლარი მისცეს", - გვეუბნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

- მთავრობის სათავეში მოსვლის შემდეგ უკეთ გაიგეთ ქვეყნის მდგომარეობა. რას იტყოდით, როგორი მემკვიდრეობა გერგოთ?

- არ მსურს ყველაფერზე ერთბაშად საუბარი. ძალიან ბევრი კითხვაა. საკითხების უმრავლესობა მძიმედაა დაკავშირებული ჩვენს პარტნიორებთან, მეზობელ ქვეყნებთან. არ მინდა ეს ისე მივაწოდო საზოგადოებას, რომ მერე ყველაფერი ჩვენს მეზობლებს ცუდად გადაუთარგმნონ. ძალიან ვცდილობ მაქსიმალურად შევისწავლო ეს საკითხები, პარტნიორებს ავუხსნა, გავაგებინო, რომ ჩვენ სახალხო ხელისუფლება ვართ და სხვა ინტერესები არა გვაქვს. რასაც ვამბობ, შესაძლოა, არ არის საჯაროდ სათქმელი, მაგრამ საკუთარ თავზე ყველა ლამაზად ლაპარაკობს... ძალიან ბევრი კითხვაა და არ მინდა, ყველა კითხვა ერთდროულად დავსვა.

ბევრი პროექტი, რომელიც ქვეყნისათვის საზიანოა, შეიძლება კომერციულად რაღაც ჯგუფისთვის იყოს სასარგებლო საქართველოში და ასევე სასარგებლო იყოს რაღაც ჯგუფისთვის ჩვენი სამეზობლოდან. ამაზე რომ მოუმზადებლად ლაპარაკი დავიწყო, ცუდ ინტერპრეტაციას გაუკეთებენ. ვიზიტები მაქვს დაგეგმილი და შესაძლოა მათ ცუდად მიაწოდონ ჩემი ნათქვამი.

ამ თემების, ამ გაუაზრებელი ქმედებების გამო მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების დადანაშაულება მინდა. საზოგადოება ყველაფერს თანდათან გაიგებს. ოდესმე თქვენთან საუბრისას თუ ჩემს გამოსვლებში გაიგებთ, რაც მქონდა მხედველობაში. ხშირად ბევრი პროექტი ქვეყნის საზიანოდ კეთდებოდა.

- ამ შემთხვევაში ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას ხომ არ გულისხმობთ?

- ვფიქრობ, ამ რკინიგზის მშენებლობა გეოპოლიტიკურად ძალიან სასარგებლოა. პირველ ეტაპზე ეკონომიკურად ეს ქვეყნისთვის ბევრ კითხვას იწვევს. ამაზე ისაუბრეს ექსპერტებმა და მეც მაქვს ჩემი ხედვა. აზერბაიჯანში ვიზიტისთვის ვემზადები და ჯგუფთან მქონდა შეხვედრა, სადაც ამ თემასაც შევეხეთ. გეოპოლიტიკურად კარგია, რაც მეტი ტრანზიტი იქნება საქართველოზე, მაგრამ ეკონომიკურად პირველ ეტაპზე ეს შეიძლება არ იყოს საინტერესო. როდესაც ყარსის რკინიგზა გაიშვება, ჩვენს ძველ რკინიგზაზე, რომელიც აზერბაიჯანიდან მოდის და 2-3-ჯერ გრძელია, ტვირთბრუნვა შემცირდება. ეს დაეტყობა ჩვენს პორტებსაც.

ეს კითხვა ჩნდება, რომელსაც მეც ვიზიარებ. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანთან და ვაპირებ, ეს ძალიან ახლო მეგობრულ ურთიერთობაში გადავზარდო. ისეთ პარტნიორთან, როგორიც აზერბაიჯანია, ვფიქრობთ, რომ ასეთ თემებს დავარეგულირებთ. ეს პროექტი არა მარტო პირველ ეტაპზე, შეიძლება საერთოდაც არ იყოს საინტერესო ეკონომიკურად, თუ ტვირთბრუნვა არ გაიზრდება. ჩვენი ძველი რკინიგზა დაახლოებით 20 მლნ ტონა ტვირთს ატარებს. მშენებარე ყარსის რკინიგზის ტვირთბრუნვა კი 19 მლნ ტონაა. ლომის წილი ტვირთებისა აზერბაიჯანიდან მოდის, კასპიის ზონიდან, და შეიძლება რაღაც ეტაპზე ძველმა რკინიგზამ თავისი სარგებლობის მაქსიმალური რაოდენობა დაკარგოს და ეს დაეტყოს ჩვენს პორტებსაც. ვფიქრობ, აზერბაიჯანთან ამ საკითხის დარეგულირება შესაძლებელია. პირველი ეტაპი შეიძლება დიდხანსაც გაგრძელდეს. თუ ერთი რკინიგზა გადაიტვირთება და ტვირთები გადავა მეორეზე, ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ეს პირველი ეტაპი შესაძლოა 10 წელიც გაგრძელდეს. მიუხედავად ამისა, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის შეჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენი ქვეყნის ვალდებულება უნდა შევასრულოთ და ასეთ საკითხებს პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ, მაგრამ იმ ტარიფებსა და დანაკარგზე, რაც შეიძლება პირველ ეტაპზე იყოს, ვიმსჯელებთ და იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს დავარეგულირებთ.

ქვეყანა რთული სამართავია, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგი გუნდი მოვიყვანე. მკითხეს, საუკეთესო მინისტრები დაასახელეთო?! მერე კალაძესა და კბილაშვილზე დამისვეს კითხვები...

- "კვირის პალიტრის" კითხვაზე, რომელი მინისტრი შეეფერება თავის პოსტს ყველაზე მეტად, რეიტინგში კალაძე ბოლო ადგილზეა, პირველ ადგილებზე კი ალასანია და წულუკიანი არიან.

- ალბათ, იმიტომ, რომ ალასანია დიდი ხანია მთავრობაშია, თორემ მისი გაკეთებულიც რა ნახეს ჯერ. მინისტრების გაკეთებული საზოგადოებას ბევრი არაფერი უნახავს. ჯერჯერობით სამართალდამცავები აქტიურობენ, თორემ ჯერ ვერც ალასანიას გაკეთებულს დაინახავდნენ და ვერც კალაძისას. ჩემი აზრით, ამ გამოკითხვაში მინისტრების დღევანდელ ეფექტურობას კი არ აფასებენ, არამედ გამოცდილებას.

ჯერ საზოგადოებამ არ იცის, ალასანია და კალაძე როგორ ამუშავებენ თავიანთ სამინისტროებს, მაგრამ მე ვიცი. ძალიან ხშირად ვხვდები ყველა მინისტრს და თითოეულთან დიდ დროს ვხარჯავ. კალაძე ალასანიაზე ნაკლები არ არის ეფექტურობით. ალასანია ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ არანაკლებ კარგად მუშაობს კალაძე. ვითვალისწინებ იმასაც, რომ ალასანიას ჰქონდა მთავრობაში მუშაობის გამოცდილება და კალაძე კი ახლა სწავლობს. კალაძემ კარგად აითვისა სამინისტრო. ერთი თვის წინ თუ მოადგილესთან ერთად ვიბარებდი, დღეს კახის ეს აღარ სჭირდება. არც ერთი მინისტრისთვის არა მაქვს სასაყვედურო.

- კახი კალაძე სპორტის მინისტრად რომ დაგენიშნათ, ალბათ, კითხვები არ გაჩნდებოდა. ახლა კი კითხულობენ, სად კალაძე და სად ენერგეტიკაო.

- მთავრობასა და პარლამენტში სხვადასხვა პროფესიის ხალხია. არავინ დაბადებულა რაიმე პროფესიით. ალასანია ვახსენეთ და მასაც არა აქვს სამხედრო განათლება. მას მთავრობაში მუშაობის გამოცდილება აქვს. კალაძე, გარდა იმისა, რომ ვაჟკაცი და პატიოსანი კაცია, ძალიან ნიჭიერიცაა. უნიჭო სპორტსმენი ჩემპიონი ვერ გახდება და დიდ წარმატებას ვერ მიაღწევს. ზოგიერთი სპორტსმენი სამოქალაქო ცხოვრებაში ტრანსფორმაციას ვერ ახერხებს და სპორტსმენად რჩება. კალაძეს ენერგეტიკასთან ბიზნესის კუთხიდან ჰქონდა შეხება. მას ჰქონდა გამოცდილება მენეჯმენტში, ბიზნესში და ეს უკვე კარგი საფუძველი იყო მისი მინისტრის პოსტზე დანიშვნისთვის. როგორ გამოუვა საბოლოოდ საქმე, მომავალში დავინახავთ. მას ჯერ კიდევ არა აქვს თავისი შესაძლებლობები გამოვლენილი. ათბალიანი სისტემის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კალაძეს შეიძლება 7-8 ქულა დავუწეროთ. მინისტრთა კაბინეტში საშუალო ნიშანია 6-8. 2-3 მინისტრია 9-ქულიანი, რომელთაც შეუძლიათ 10 ქულამდეც ავიდნენ. მიმაჩნია, რომ მინისტრთა კაბინეტი სწორად შევარჩიეთ. სულ მეკითხებოდნენ, ცვლილებები თუ იქნებაო. ცვლილებები არ იგეგმება. გაიხსენეთ, წინა ხელისუფლება რამდენ კარუსელს ატრიალებდა მმართველობის პირველ წლებში.

- როდესაც ბრძანეთ, კარგი გუნდის მოყვანას ერთი წელი დასჭირდებაო, გაჩნდა ვარაუდი, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებას აპირებდით.

- ერთი წელი უნდა ამ კაბინეტს, რომ ისწავლოს. ვერტიკალი, ჰორიზონტალი კარგად უნდა მუშაობდეს, მთავრობის წევრებმა თავიანთი საქმე კარგად უნდა იცოდნენ. ამ გუნდიდან მინისტრების უმრავლესობა თანამდებობას შეინარჩუნებს. შეიძლება 2-3 მინისტრი შეიცვალოს, რაც ნორმალურია. ახალშექმნილი მენეჯმენტი ცვლილებებს ყოველთვის განიცდის. ჯერჯერობით პრობლემები არ გვაქვს, პრობლემები რომ იყოს, არ დავმალავდი. მათი ეფექტურობა მოგვიანებით გამოჩნდება და საზოგადოებაც ამის მიხედვით შეაფასებს მათ საქმიანობას. 6 თვის შემდგომ უფრო კარგად გამოავლენენ თავიანთ შესაძლებლობებს და მაშინ ვნახოთ.

- ოპონენტები თქვენს ქმედებებში ხედავენ სურვილს, რომ ყველა სფეროს აკონტროლებდეთ. მაგალითად მოჰყავთ ის, რაც ხდება თვითმმართველობებში, პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოსთვის დაფინანსების შემცირება და ა. შ.

- მინდა ჩემი ქვეყანა წარმატებული იყოს და ამისთვის მოვედი პოლიტიკაში. სავარძლის დაკავების სურვილი არ მქონია. ამას დაინახავს საზოგადოება. თუ ჩემი წარსული ცხოვრებით ვერ აფასებთ ჩემს განზრახვას, მომავალში დაინახავთ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ქვეყანა წარმატებული იყოს. ყველა სფერო მაინტერესებს, ყველა სფეროს ვუყურებ, ყველა კაპიკს ვითვლი და ეს ნუ უკვირთ. 2012 წელს უშიშროების საბჭოს დაფინანსება 24 მლნ იყო. 2013 წლის ბიუჯეტში წინა ხელისუფლებას 30 მლნ ჰქონდა ჩასმული უშიშროების საბჭოსთვის. ჩვენ კი 1 მლნ 200 ათასით დავაფინანსეთ და ხმას არ იღებენ. რა ხდება? შეიძლება, ბიუჯეტის კორექტირება 20-ჯერ და 30-ჯერ? პირიქით, კითხვები მე მაქვს. ზედმეტად არავის გაკონტროლებას არ ვაპირებ. ისედაც ბევრს ვშრომობ, დღედაღამ. ოღონდაც საქმეები ვინმემ ჩამომაშოროს და როგორ ჩავერევი სხვისაში, მაგრამ ეს სახელმწიფოა და ხალხის ფულს გაფრთხილება უნდა.

რაღაც ხარჯებს გრიფი "საიდუმლო" ადევს და დღესაც ბოლომდე ვერ განვიხილავთ ყველა საკითხს. ფინანსთა მინისტრი დაუშვეს უკვე ამ ხარჯებამდე. მან პირველი ციფრები უკვე ამოკრიფა და აღმოჩნდა, რომ უამრავი ნაღდი ფულია გაცემული ლობისტებსა და სააკაშვილის ლობირებაზე. სააკაშვილი ამას წინათ სახელმწიფო დაცვის გამო გაწიწმატდა, რატომ იღებს მთავრობა ყველაფრის კონტროლს, დაცვას აღარ ავიყვან, რადგან არაფრის მეშინიაო. არადა, სინამდვილეში ჟურნალისტებსაც ვერ ხვდება. გამოვიდეს, შეგხვდეთ, ისე თავისუფლად გესაუბროთ, როგორც მე.

მას შემდეგ, რაც მთავრობა ჩამოვაყალიბეთ, ყველა სტრუქტურას ჩვენ ვაკონტროლებთ და გავაკონტროლებთ, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სამსახურსაც. პრეზიდენტს სტრუქტურები აღარა აქვს, მარტოკაცი დარჩა.

ვის ჰბაძავს ეს კაცი? ჩვენზე ამბობდა, კომუნისტური წყობა მოდის, ეგენი უკან იხედებიანო, მაგრამ რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში უშენებენ აგარაკებს მთავრობის წევრებს? რომელ ევროპულ ქვეყანაში გაგიგიათ ეს?

ევროპის რომელი სახელმწიფოს ხელმძღვანელს ეყოლება 3 ათასი კაცი დაცვა? რა ხდება, ეს ქვეყანა ერთი კაცის სამსახურში იყო? რატომ არ მცემს პასუხს, რისთვის უნდოდა 7 რეზიდენცია, სადაც წლის განმავლობაში შესაძლოა ერთხელაც არ შეეხედა.

ამ რეზიდენციებზე უამრავი თანხა იხარჯებოდა. ჩვენი მისამართით ახსენა კორუფცია. უკვე ისე ლაპარაკობს, რომ ნათქვამს ანგარიშს აღარ უწევს, არ მინდა მასთან პოლემიკის გამართვა, მაგრამ რამდენადაც საზოგადოებას აინტერესებს ეს საკითხები, მაინც მიწევს განმარტებების გაკეთება. 80 მლნ შვეულმფრენებისათვის იყო განსაზღვრული თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში. ამისათვის კრედიტებია აღებული ფრანგული ბანკიდან. ამ ყველაფერში მოხვეჭის საოცარი სურვილი ჩანს. რატომ არ პასუხობს ასეთ კითხვებს ან გაძლევთ ასეთი კითხვების დასმის საშუალებას? ის მხოლოდ თავისას ლაპარაკობს. იქნებ გაიხსენოს, რომ კითხვებს ხალხი სვამს და რამდენიც უნდა იყვიროს და დაგვადანაშაულოს, ყველამ ყველაფერი იცის.

- რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა თქვენი გუნდის წევრებს ოროსნები უწოდა, რომელთაც დოლარების თვლის მეტი არაფერი იციან.

- რატომ გვეძახის ოროსნებს? მე წითელ დიპლომზე მაქვს დამთავრებული უნივერსიტეტი. საკანდიდატო და სადოქტოროც გამზადებული მქონდა. გვაჩვენოს თვითონ, რა დაამთავრა წარჩინებით. ლაშა ნაცვლიშვილზეც ილაპარაკა, რომელთანაც ინტელექტით სააკაშვილი ახლოსაც ვერ მოვა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა