ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური პარტიის "აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმის" ლიდერი რაულ ხაჯიმბა დე-ფაქტო მთავრობას საქართველოსთან მიმართებაში აკრიტიკებს.
როგორც "ამერიკის ხმა" იუწყება, რაულ ხაჯიმბამ "აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმის" ყრილობაზე განაცხადა, რომ "დღეს საქართველოშიც კი უკეთ გაერკვნენ ომის პრობლემატიკაში".
"ჩვენები კი ამ ყველაფერს ივიწყებენ, თუ საიდან და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. დღეს საქართველოს პასუხისმგებლობაზეც კი არ საუბრობენ. ჩვენ თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ ჟენევის მოლაპარაკებების მიმართ. ჟენევაში ჩადიან ე.წ ავტონომიის წარმომადგენლები და ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტი, პოლიტიკური ბომონდი, ამის თაობაზე არაფერს ამბობენ. ახლახანს ბელორუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მიგვითითა, როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა მოიქცეს საქართველო და სად უნდა დააბრუნონ", - განაცხადა ხაჯიმბამ.
ამასთან, ხაჯიმბა კითხვას სვამს - "როგორ იმოქმედებს აფხაზეთზე თუ საქართველო დსთ-ში გაწევრიანდა".
"წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს ისევ შეიყვანენ დსთ-ში. დსთ-ს წევრი ქვეყნებიდან კი ჩვენ მხოლოდ რუსეთმა გვაღიარა. როგორ იმოქმედებს ეს მომავალში აფხაზეთთან მიმართებაში?!", - აღნიშნა ხაჯიმბამ.