ჯარისკაცის მამა - "მე ხომ მამა ვიყავი, რომელსაც, შესაძლოა, რამდენიმე წუთის მერე საკუთარი შვილი მკვდარი ენახა"

ჯარისკაცის მამა - "მე ხომ მამა ვიყავი, რომელსაც, შესაძლოა, რამდენიმე წუთის მერე საკუთარი შვილი მკვდარი ენახა"

ყველა ომს მოაქვს ისეთი ამბები, რომლებიც სამუდამოდ რჩება. აგვისტოს ომის შემდეგაც მეომრები ხშირად იხსენებდნენ ჯარისკაცის მამას, რომელიც ბრძოლის ველზე თავის შვილებს დაეძებდა და ამ დროს ხუთი ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინა... ჩვენ მივაკვლიეთ ამ ამბის მთავარ გმირს, თამაზ მეთაფლიშვილს.

- შეიარაღებულ ძალებში 1996 წლიდან ვმსახურობ. 2002 წლიდან სასწრაფო დახმარების მძღოლად ვმუშაობდი, 2008 წლის აგვისტოში თავდაცვის სამინისტროს მესამე ბრიგადის 33-ე ბატალიონის სასწრაფო დახმარების მძღოლი ვიყავი. ბრიგადა მაშინ ქუთაისში იდგა.

5 აგვისტოს საბრძოლო მზადყოფნის შესახებ ბრძანება მივიღეთ. მანქანებში ჩავსხედით და ბაზის დატოვების ნიშანს დაველოდეთ. ვიცოდით, რომ ცხინვალში მივდიოდით. მოსალოდნელ ომზეც გვქონდა ლაპარაკი, თუმცა რას ვიფიქრებდით, ფაქტის წინაშე თუ დავდგებოდით. ერთმანეთს ვეუბნებოდით, თუ რამე იქნება, უკან არავინ დავიხევთო. 6 აგვისტოს, დილით, ბრიგადამ ბაზის დატოვება ეტაპობრივად დაიწყო. ეს მთელი დღე გრძელდებოდა. გზაზე, ზესტაფონში, ხალხი ქუჩაში იყო გამოსული და გამარჯვების შეძახილებით გვხვდებოდა. ზოგი სიგარეტს გვაწვდიდა, ზოგი მინერალურ წყალს, ყველას უხაროდა.

გზადაგზა ბიჭები მანქანებს აჩერებდნენ, გადმოდიოდნენ, გვესალმებოდნენ, ხელის ჩამორთმევას და გამხნევებას ცდილობდნენ. წინ ერთი მანქანა გადაგვიდგა, იქიდან ხნიერი, მთასავით კაცი გადმოვიდა, ხელები გაშალა, თითქოს მთელი სამხედრო კოლონის გულში ჩაკვრა უნდაო და - თქვენ გენაცვალეთ, ბიჭებოო, დაიგუგუნა. იმ კაცის ხმა ახლაც ჩამესმის. გორში რომ შევედით, ჟრუანტელმა დამიარა - მთელი ქალაქი გარეთ იყო გამოფენილი (მე თავად გორის რაიონიდან ვარ, სოფელ ხიდისთავიდან). ჯარის დანახვაზე ხალხი ტიროდა. ქალები ხმამაღლა გვლოცავდნენ და შინ მშვიდობით დაბრუნებას გვისურვებდნენ, ცრემლმორეული კაცები რომ შევნიშნე, თავი ვერც მე შევიკავე, ჩემს ექიმს რომ გადავხედე, ცრემლი მასაც მორეოდა. ის დღე არასოდეს დამავიწყდება...

ჩემი ორი ვაჟიც ჩემთან ერთად მესამე ბრიგადაში მსახურობდა. ლევანი 31-ე ბატალიონში მეტყვიამფრქვევე იყო, გიორგი - მომარაგების დარგში. გზად ვცდილობდი, ლევანს შევხმიანებოდი, სატელეფონო კავშირი ჭირდა. ბოლოს, გორში რომ შევედით, როგორღაც დავუკავშირდი. მითხრა, - წინ მივიწევთო...

6 აგვისტოს ღამე ცხინვალის მისადგომებთან, ვაშლის ბაღებში გავათენეთ. მთელი ღამის განმავლობაში ოსური მხარე ნიქოზს, შინდისს, ფხვენისს ბომბავდა. ვარიანამდე ყოველი გოჯი მიწა იბომბებოდა, ცა წითლად ვარვარებდა.

გამთენიისას (7 აგვისტო) სოფელ ქსუისში (ოსურ-ქართული სოფელი) დავბანაკდით. ჩვენი ბატალიონის დაზვერვის ოცეული დასაზვერად წავიდა. მათ ცეცხლი გაუხსნეს. ერთი ჩვენი ბიჭი დაიღუპა. ეს იყო პირველი მსხვერპლი ამ ომში. ტყვია თავში მოხვედროდა. ჩემი მანქანით ჩამოვიყვანე ტყვიავამდე. მიცვალებულები ლაზარეთში არ გადაჰყავდათ, გზაშივე სამოქალაქო სასწრაფო დახმარების მანქანებში გადაასვენებდნენ და თბილისისკენ მიჰყავდათ. Mმესამე ბრიგადის სამხედრო ჰოსპიტალი სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლაში იყო გახსნილი და დაჭრილებს პირველად სამედიცინო დახმარებას სწორედ იქ უწევდნენ. უკან, ქსუისში რომ დავბრუნდი, ერთ სახლთან ორი დაჭრილი პირდაპირ მიწაზე ეგდო. ახლოს მივედით.

ოსი ცოლ-ქმარი აღმოჩნდა. ქალი მუცელში იყო დაჭრილი. მანქანაში დავაწვინეთ. კაცს ყუმბარის ნამსხვრევებით მთელი გულ-მკერდი გადახსნილი ჰქონდა, თუUმცა წვეთი სისხლი არ მოსდიოდა (ყუმბარის ნამსხვრევი იმდენად ცხელი იყო, რომ სისხლი შეადედა). პირველად მაშინ ვნახე, როგორ მუშაობს ცოცხლად ადამიანის გული. კაცს ვეხვეწებოდით, - მანქანაში გადაგიყვანთ, საკაცეზე დაწექიო, მაგრამ უარობდა, - დაწოლა არ მინდა, დავჯდებიო. ზორბა კაცი იყო. სხვა რა გზა გვქონდა, დავთანხმდით. ტყვიავში, გზაზე, ჯარისკაცები იდგნენ და სამხედრო სასწრაფო დახმარების მანქანის გამოჩენაზე ყვიროდნენ, - დაჭრილი თუ მკვდარიო. თუU მკვდარს ვეტყოდით, სხვა მიმართულებას გვაძლევდნენ, დაჭრილის შემთხვევაში კი ჰოსპიტალში გვგზავნიდნენ და ისევ ხმამაღლა ყვიროდნენ, - დაჭრილიაო. ყვირილზე სამედიცინო პერსონალი გამორბოდა საკაცით, როდესაც მანქანის კარები გავაღე და ექთანებმა გულგადახსნილი კაცი სკამზე ჩამომჯდარი დაინახეს, ერთს გული შეუწუხდა, გაოცებული ექიმები თვალებს არ უჯერებდნენ და სთხოვდნენ საკაცეზე დაწოლას. დაჭრილი მაინც ჯიუტობდა, - ჩემი ფეხით წამოვალო. მართლაც თავისი ფეხით მივიდა საოპერაციომდე. მერე რა ბედი ეწიათ, არ ვიცი.

ქსუისში მეტი მსხვერპლი არ ყოფილა. ჩვენი ბატალიონი ცხინვალში არ შესულა, მარჯვენა ფლანგზე იყო განლაგებული, თუმცა ინფორმაცია მივიღეთ, რომ 31-ე ბატალიონი, რომელშიც ჩემი ლევანი იმყოფებოდა, ალყაში იყო მოქცეული. ამის გაგონებაზე მუხლები მომეკვეთა... შემდეგ გავარკვიე, რომ ლევანის ბატალიონი სოფელ დმენისში იდგა. იქაც თავმოყრილი იყო ოსური მხარის სამხედრო ტექნიკა. ჩემი ფიქრები სულ იქით იყო მიმართული. ცოტა ხანში ალყაში მოქცეულ ბატალიონთან კავშირი საბოლოოდ გაწყდა. არ ვიცოდი, სად იყო ჩემი მეორე ვაჟი, გიორგი. მოგვიანებით გამაგებინეს, რომ ის ქუთაისში, ნაწილში დაუბრუნებიათ - ერთი ოჯახიდან სამი მამაკაცის ომში ყოფნა არ შეიძლებაო.

8 აგვისტოს ჩვენმა ბატალიონმა უკან დახევის ბრძანება მიიღო. გვითხრეს, - რუსული არმიის ტანკები შემოვიდნენო. როდესაც ცაზე პირველად რუსული თვითმფრინავი დავინახე, თავიდან ჩვენი გვეგონა და სიხარულით ტაში დავცხეთ. პირველად თვითმფრინავმა ოსურ მხარეზე მთებში ჩამოაგდო ბომბი. ვიღაცამ დაიყვირა, - ნამდვილად ჩვენები არიანო. მოულოდნელად თვითმფრინავი შემობრუნდა და ქსუისში რაც კი ტექნიკა გვქონდა, ერთიანად ამობუგა. 5 ბიჭი დაგვეჭრა, მხოლოდ ტყვია-წამლით დატვირთული "კამაზი" გადარჩა. ჩვენმა ერთმა მძღოლმა, ნადირაძემ, - ტყვია-წამალი მტერს რატომ უნდა დავუტოვოთო... გადაბუგულ ქსუისში მიბრუნდა, ტყვიების ცეცხლში "კამაზი" თავის მანქანას ჩააბა და სამშვიდობოს გამოათრია.

ტყვიავისკენ დავიხიეთ. ვერ ვიგებდით, რომელი ნაწილი სად იდგა. ყვიროდნენ, - რუსი მოდისო. იყო პანიკა. ჯარი ქაოსურად იხევდა უკან.

ტყვიავში გავიგე, რომ ჩემი ლევანის ბატალიონი სოფელ ბროწლეთში შესულიყო. პირველად მაშინ გავიღიმე (ისეთი მძიმე სიტუაცია იყო, სიხარულის გამოხატვა ვერ გავბედე). ე.ი ჩემი შვილი ცოცხალი გადამირჩამეთქი - ამ სიტყვებს ხმამაღლა ვყვიროდი, ოღონდ გულში იხილეთ სტატიის სრული ვერსია

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?