პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული ამნისტიის კანონის შესახებ გვესაუბრება ადამიანის უფლებათა დაცვისა და იმუნიტეტის პროცედურის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია:
- ამნისტიის კანონს 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, არ ყოფილა არც ერთი მოწინააღმდეგე. დაახლოებით 3 ათასზე მეტი პატიმარი შეხვდება ახალ წელს საკუთარ სახლში. ამნისტია შეეხო ყველა პატიმარს. გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი და ყველა პოლიტიკური დევნილის მიმართ შეწყდება სისხლის სამართლებრივი დევნა. უამრავ პატიმარს სასჯელი გაუნახევრდება, ხოლო ყველა იმ პატიმარს, ვინც ციხეშია და ამნისტია არ შეეხება, სასჯელის ვადა ერთი მეოთხედით შეუმცირდება. ეს არის საქართველოს ისტორიაში უნიკალური და უპრეცედენტო მასშტაბის ამნისტია. მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონზე მუშაობისას ბევრი ნერვიულობაც გადავიტანე, მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების, რომლებმაც ამნისტიის კანონს მხარი ერთსულოვნად დაუჭირეს. ეს იყო უმრავლესობის მხრიდან ღირსეული გადაწყვეტილება.
- როგორც ვიცით, თქვენს კომიტეტში არაერთი საჩივარი შემოვიდა თანამდებობის პირთა მიმართ. ერთ-ერთია აფრასიძეების ოჯახის საჩივარი გია ბარამიძის წინააღმდეგ. თუ მოახდინეთ მათზე რეაგირება?
- საჩივარი შემოვიდა არა მხოლოდ გია ბარამიძის, არამედ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელ პირთა - ზურაბ ადეიშვილის და ძმებ ახალაიების წინააღმდეგ. აგრეთვე, კონკრეტული პოლიტიკოსების თუ მოსამართლეების მიმართ. ყველა ამ საჩივარზე მოვახდინეთ რეაგირება და გენერალურ პროკურატურას გადავუგზავნეთ. თვე-ნახევრში 2900 განცხადებაა შემოსული. ეს შემაშფოთებელი სტატისტიკაა, როცა წინა ხელისუფლების მმართველობისას, მთელი წლის განმავლობაში, კომიტეტში 1700 განცხადება შემოდიოდა. რაც შეეხება იმას, კონკრეტული დეპუტატების წინააღმდეგ შემოსული საჩივარი გახდება თუ არა მათთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საფუძველი, არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო. ყველა საჩივარი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმართ, გადავუგზავნეთ პროკურატურას და დარწმუნებული ვარ, პროკურატურა კანონის სრული დაცვით მოახდენს რეაგირებას. შემოსული იყო ერთ-ერთი პატიმრის საჩივარი, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატის დედის უკანონო ქმედებებზე იყო ფაქტობრივი მასალა, რომელიც ასევე გადავუგზავნეთ პროკურატურას. უბრალოდ, არ მინდა დავასახელო მათი ვინაობა, გამოძიებას ხელი რომ არ შევუშალო. თუკი ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, რიგით ადამიანს, თანამდებობის პირს თუ პარლამენტის წევრს, კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს. ნურავის ექნება იმედი, რომ ვინმეს დეპუტატის იმუნიტეტი უშველის.
- როგორ აპირებთ ახალი წლის შეხვედრას ახალ, დეპუტატის ამპლუაში, სად შეხვდებით და რა სიახლეებს ელით 2013 წლისგან.
- ჩვენს ოჯახს აქვს ტრადიცია - ახალ წელს ყველანი ერთად, შინ ვხვდებით. მაგრამ ცხოვრებაში პირველად მომიწევს ამ ოჯახური ტრადიციის დარღვევა, გადავწყვიტე ახალ, 2013 წელს ჩემს ფოთელ ამომრჩეველთან ერთად, ქალაქ ფოთში შევხვდე. ვგეგმავთ ფოთში კონცერტის ჩატარებას ადგილობრივი ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის მონაწილეობით და ფოთელ მოსახლეობასთან ერთად ახალი წლის ღამეს ზეიმით და ამაღლებული განწყობით შევხვდებით. აგრეთვე, დაგეგმილი მაქვს საქველმოქმედო ღონისძიებები. მსურს, საახალწლო საჩუქრები დავურიგო დევნილებს, დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად. სოციალურად დაუცველ ოჯახებს კი პირადად გადავცემ საჩუქრებს, დავურიგებთ წიგნებს იმ ბავშვებს, ვისაც ხელმოკლეობის გამო წიგნები დღემდე არა აქვთ. მოკლედ, ასეთი იქნება ჩემი საახალწლო გეგმები. ჩემთვის ყველაზე საყვარელი და პატივსაცემი შობის ბრწყინვალე დღესასწაულია. შობის ღამეს შევხვდები სამების საკათედრო ტაძარში ჩემს საყვარელ პატრიარქთან ერთად. სრულიად საქართველოს ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს, ვუსურვებ ყველას მშვიდობიან და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას!
ინტერვიუ: "უპრეცედენტო ამნისტია"
დარეჯან ლიპარტელიანი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)