ვის ისურვებდა მეკვლედ ვანო ჯავახიშვილი

ვის ისურვებდა მეკვლედ ვანო ჯავახიშვილი

ტელეკომპანიები საახალწლო გადაცემებისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. "რუსთავი 2"-ის იუმორისტული გადაცემა "ვანოს შოუს" წამყვანი ვანო ჯავახიშვილი გვესაუბრება, რას გვიმზადებს საახალწლოდ და როგორ ეგებება დამდეგ 2013 წელს:

- საახალწლოდ ვამჯობინებ მსუბუქი, სასაცილო და იუმორით გაჯერებული გადაცემის მომზადებას, არ მიყვარს პომპეზურობა. ამჯერად საახალწლო გადაცემაში სტუმრად გვეყოლება პროდიუსერი გიგა კუხიანიძე და პატარების ჯგუფი, რომლებმაც საბავშვო "ევროვიზია ჯუნიორზე" მეორე ადგილი დაიკავეს. ჩვენი სტუმარი, აგრეთვე, იქნება ილუზიონისტი გია ფარადაშვილი, რომელიც გამაოგნებელ ნომრებს გვიჩვენებს. გარდა ამისა, ჩავწერე სიმღერა, რომელსაც ამ გადაცემაში შემოგთავაზებთ. მე ხომ არაჩვეულებრივად ვმღერი, ა-რა-ჩვე-უ-ლებ-რი-ვად (იცინის).

- ვანო, მეგონა, საახალწლო გადაცემაში რომელიმე პოლიტიკური ფიგურა გეყოლებოდა სტუმრად, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი...

- ვმუშაობთ სააკაშვილის გადაცემაში მოწვევაზე და ვნახოთ... სამწუხაროდ, პროკურატურაში პოლიტიკოსების დაბარებისა და საპროტესტო აქციების ფონზე ბევრმა პოლიტიკურმა ფიგურამ თავი შეიკავა ჩემს გადაცემაში სტუმრობისგან. არადა, ბოლო გადაცემაში მსურდა, მომეწვია როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, დამესვა ერთად და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ვიხალისებდით...

- ბოლო ხანს გადაცემაში "ქართულ ოცნებაზე" უფრო მეტს ხუმრობ, ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობაზე"...

- სად არის ხომ ჩემი ბალანსი (იცინის)?! ბოლო ხანს ბალანსი ნამდვილად "გაგვეპარა", რადგან უფრო სახელისუფლებო თემები იყო აქტუალური და ამჟამინდელ ოპოზიციაზე ხუმრობები ვეღარ იწერებოდა... "ქართულ ოცნებას" უფრო ვუსადაგებდით ხუმრობებს და ამიტომაც დაირღვა ბალანსი.ამის გამო ატყდა მითქმა-მოთქმა, რომ თურმე გადაცემებს მიკვეთენ და ასე შემდეგ, მაგრამ საზოგადოებას დავაწყნარებ: მსგავსი არაფერი ხდება.

- ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სააკაშვილი კვლავ ხმაურით დაბრუნდა ტელეეკრანებზე.

- ჰოდა, ბალანსიც აღდგება (იცინის).

- "ქართული ოცნების" რიგებში კიდევ ეძებ მასხარის ადგილს?

- ეს თემა მაყურებელმა, რამდენიმე პოლიტიკურმა ფიგურამ და ჟურნალისტმა ააგორა და მეც მათგან ავიტაცე (იცინის). სიმართლე გითხრათ, არაფერს არ ვეძებ. ისეთი დრო დადგა, ჯობია, შენთვის, წყნარად იცხოვრო. ხოოო და, მეც ჩემთვის, წყნარად ვარ.

- 2013 წელს მეკვლედ მიხეილ სააკაშვილს ისურვებდი თუ ბიძინა ივანიშვილს?

- სიმართლე გითხრათ, არც ერთის მეკვლეობას არ ვისურვებდი და გეტყვით რატომაც: ვშიშობ, პოლიტიკა არ დამებედოს და მომავალში მოღვაწეობა ამ სფეროში განვაგრძო. მე ხომ ერთი პატარა კაცი ვარ, პატარა სტუდიით (იცინის).

- აბა ვის ისურვებდი მეკვლედ?

- ზაქარია ქუცნაშვილს, თავისი ნატურალური "ქუდით", ძალიან მხიარული წელი მექნებოდა (იცინის).

- სად აპირებ ახალი წლის შეხვედრას?

- შინ შევხვდები ოჯახთან ერთად და მერე დავიძინებ. რა ვქნა, არ მიყვარს ეს კლუბური გართობა და დიდ სუფრებზე ქეიფი. ჩემი გართობა ძილია (იცინის). აბა რაღა დროს ჩემი კლუბში თუხთუხია, ასაკიც აღარ მიწყობს ხელს, უკვე 31 წლის ვარ.

- შენმა შვილმა თუ გაუგზავნა თოვლის ბაბუას წერილი და რა საჩუქრები ჩამოუწერა?

- ჩემმა შვილმა არა, მაგრამ დედამისმა კი საკმაოდ გრძელი სია ჩამოუწიკწიკა თოვლის ბაბუას... მეც ისღა დამრჩენია, დედა-შვილს ყველაფერი შევუსრულო (იცინის). მინდა, "ყველა სიახლის" მეშვეობით დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო სრულიად საქართველოს, ვუსურვო ბედნიერება, წინსვლა და რაც მთავარია, ვისურვებდი, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაისადგუროს მშვიდობამ!

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"