2012 წლის "ფეოლა", "დურუ ხუნჭუა" და "სულიკო"

2012 წლის "ფეოლა", "დურუ ხუნჭუა" და "სულიკო"

წლის მიწურულს "ყველა სიახლე" ტრადიციულად გთავაზობთ ამა თუ იმ სახუმარო ნომინაციას. ვინაიდან პოლიტიკა 2012 წელს, ისევე როგორც ბოლო 20 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ყველაზე აქტუალური თემა იყო, გამარჯვებულთა შორის ძირითადად პოლიტიკოსები თუ ახალგაპოლიტიკოსებული ადამიანები არიან. მაშ, ასე:

წლის "ფეოლა" უკონკურსოდ გახდა ყველა თამაშის მომგები ბიძინა ივანიშვილი, ხოლო წლის "ხადურის" წოდება, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ერგო.

წლის "მაღალის," "ღრუბელ-ღრუ­ბელ დამალობანას მოთამაშის" და "აღა ყადაღ ხანის" ნომინაციებში უალტერნატივო იყო ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც ნათია მოგელაძე ნომინაციაში "ყადაღ ხანუმი".

ნომინაციაში წლის "დურუ ხუნჭუა" გაიმარჯვა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც კონკურენტი ვერც კი მოვუძებნეთ მას მერე, რაც ცნობილი ფარული ჩანაწერები გამოქვეყნდა, სადაც ბიძინა ივანიშვილის "შვილივით ნაზარდი" ღარიბაშვილის სკაბრეზული მჭევრმეტყველება ყველა მანამდე მოსმენილს აღემატება.

ნომინაციაზე "სადა ხარ, ჩემო სულიკო" წარდგენილი იყვნენ თავდაცვისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრები: დიმიტრი შაშკინი და ზურაბ ადეიშვილი, ასევე კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი სოსო თოფურიძე, თუმცა ამ ნომინაციაში გაიმარჯვება წილად ხვდა ზურაბ ადეიშვილს. უნომინაციოდ არ დარჩენილა დიმიტრი შაშკინი, რომელმაც მოიპოვა წოდება კაცისა, რომელიც "მივლინებაში წავიდა და აღარ დაბრუნებულა".

ნომინაციაზე "ძმები" წარდგენილნი იყვნენ ძმები ახალაიები, ძმები ბერძენიშვილები, ძმები კუბლაშვილები და ძმები დოლიძეები. ამ ნომინაციაში სწორედ ძმებმა დოლიძეებმა გაიმარჯვეს ნეპოტიზმის დახმარებით, ანუ მხოლოდ და მხოლოდ იმ ნიშნით, რომ სტატიის ავტორის მოგვარეები არიან. შეგახსენებთ, ერთი მათგანი - ვიქტორ დოლიძე პარლამენტარია, მეორე, ლევანი კი - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.

ნომინაციაში "წლის შეუმდგარი ჰარაკირი" გაიმარჯვა ნინა წკრიალაშვილმა, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხება კი ძალიან იდარდა, მაგრამ თავი მოსაკლავად მაინც ვერ გაიმეტა.

ნომინაციაში "იგულავა" გამარჯვებული კვლავაც თბილისის მერი გიგი უგულავაა, რომლის წრეგადასული გართობის ფოტოებმა ქართული ინტერნეტსივრცე სწორედ 2012 წელს დაიპყრო.

დასასრულ, წლის "არსენა" გახდა დიდი ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი, რომელიც წინასაარჩევნოდ საქართველოს მოსახლეობას თავს აწონებდა შემდეგი ლოზუნგით: "მდიდარს წავართმევთ, ღარიბს დავუბრუნებთ". არსენას ლექსში ვკითხულობთ, მდიდარს რომ კაცი ართმევს და ღარიბს აძლევს, ღმერთი როგორ წაახდენსო. ღმერთისა რა გითხრათ, მაგრამ ნათელაშვილი არჩევნებმა კი წაახდინა.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"