აჭარის საპატრულო პოლიცია მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

აჭარის საპატრულო პოლიცია მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

აჭარის საპატრულო პოლიცია მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. როგორც ბათუმში, ჟურნალისტებთან საუბრისას აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბათუმის საპატრულო პოლიცია მოსახლეობას შენობების დაცლისკენ მოუწოდებდა, სინამდვილეს არ შეესაბამება. მისივე განმარტებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და მოსახლეობამ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს.

"გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ქალაქ ბათუმში საპატრულო პოლიცია აფრთხილებდა მოსახლეობას მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ და მოუწოდებდა მათ, დაეტოვებინათ მაღალსართულიანი შენობები, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და არის სრული დეზინფორმაცია. პირიქით, მთელი დღის განმავლობაში, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მოუწოდებდნენ მოსახლეობას შეენარჩუნებინათ სიმშვიდე და არ აჰყოლოდნენ პროვოკაციას. მინდა მივმართო აჭარის მოსახლეობას და დავამშვიდო, რადგან პანიკისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს", - აღნიშნა თეიმურაზ კუპატაძემ.

საქართველოში წუხელ მომხდარი მიწისძვრით ბათუმისა და ქობულეთის მოსახლეობაში გამოწვეული პანიკა დღესაც არ ცხრებოდა. მოსახლეობა ქუჩაში გავიდა, ხოლო ბავშვები საბავშვო ბაღების ეზოებში ჩაიყვანეს.

საქართველოში წუხელ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, 5,5 და 5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები შავ ზღვაში, სანაპირო ზოლიდან 29 და 32 კმ-ში 01:44 და 01:55 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა. ბიძგები განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში იგრძნობოდა. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად აჭარაში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ