2012 წლის ყველაზე გამორჩეული წყვილები

2012 წლის ყველაზე გამორჩეული წყვილები

ცნობილი ადამიანები პირად ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს საგულდაგულოდ ასაიდუმლოებენ, თუმცა ინტერესი მათ მიმართ ისე დიდია, რომ შეუმჩნეველი არაფერი რჩება. 2012 წელი ტრადიციული, მოულოდნელი და ხანმოკლე ქორწინებებით დატვირთული იყო.

წლის წყვილი

საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში პარტიის თავმჯდომარე, ამჟამად კი პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გათხოვდა. მისი რჩეული ზაზა გოგიჩაიშვილია. ისინი ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს და შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ბავშვობის სიყვარულზე იქორწინა.

- ერთ ეზოში გავიზარდეთ, კარგი მეგობრები ვიყავით. იყო გრძნობაც, მაგრამ უფრო ზაზასგან. მერე ჩვენი გზები გაიყო და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ოჯახებს­ ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ, ზაზა ოც წელიწადზე მეტხანს არ მინახავს. ის თავისთვის იყო, მე ჩემი ოჯახი მქონდა, ქმარ-შვილი მყავდა, - ამბობს მანანა კობახიძე.

ბავშვობის მეგობრებმა ერთმანეთი ოცი წლის შემდეგ "ფეისბუქის" მეშვეობით იპოვეს, ორთვიანი მიმოწერის შემდეგ კი შეუღლება გადაწყვიტეს. 11 ოქტომბერს ჯვარი მამადავითის ეკლესიაში დაიწერეს, ხელმოწერის ცერემონია კი შინ გამართეს. ჯვრისწერას ესწრებოდნენ მხოლოდ ოჯახის წევრები, მეჯვარეები და ბიძინა ივანიშვილი მეუღლითურთ.

წლის მოულოდნელი ქორწინება

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხშირად ისმოდა კითხვა - როდის თხოვდება ნინი ბადურაშვილი? ამ კითხვით თავად მომღერალსაც ხშირად მიმართავდნენ, რაც მას არაერთ ინტერვიუში დაუჩივლია. ნინი ბევრ პოპულარულ მამაკაცთან დააწყვილეს, მაგრამ მომღერალმა ცხოვრება ქართველი საზოგადოებისთვის უცნობ ირაკლი კუტალაძეს დაუკავშირა.

ირაკლი კუტალაძე პროფესიონალი წყალბურთელია. ის რუსეთის წყალბურთელთა ნაკრების წევრი იყო, ახლა კი საკუთარი ბიზნესი აქვს და მოსკოვში, კოქტეილ-ბარს ხელმძღვანელობს. თავდაპირველად ირაკლი ნინის საქმიანი წინადადებით შეხვდა - უთხრა, რომ კონცერტის გამართვას აპირებდა და მისი მიწვევაც სურდა, მოგვიანებით კი სიყვარული აუხსნა და ცოლობა სთხოვა. წყვილმა 20 ოქტომბერს დაიწერა ჯვარი მცხეთაში, ჯვრის მონასტერში, მერე კი "შერატონში" გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. ნინი ირაკლისთან, მოსკოვში გადასახლდა, თუმცა სიმღერისთვის თავი არ დაუნებებია. რუსეთში მან უკვე რამდენიმე კონცერტი გამართა.

წლის ხანმოკლე ქორწინება

მოულოდნელი იყო მომღერალ ნინა წკრიალაშვილის გათხოვება. იანვარში მან ძალოვანი უწყების თანამშრომელ თენგიზ წივწივაძეზე იქორწინა. ნინამ და თენგიზმა ერთმანეთი შარშან კლაიპედაში (ლატვია) საკალათბურთო მატჩის მიმდინარეობისას გაიცნეს, რამდენიმე თვის შემდეგ კი შეუღლდნენ. შეყვარებული ნინა თავს ბედნიერად მიიჩნევდა. ახალდაქორწინებული მომღერალი იშვიათად ჩანდა ტელეეთერში და ღონისძიებებზე, თავისუფალ დროს ოჯახურ წრეში ატარებდა, მაგრამ ეს ქორწინება სულ რამდენიმე თვეს გაგრძელდა. ყოფილი ცოლ-ქმარი დაშორების მიზეზს არ ამხელს.

წლის რომანტიკული წყვილი

30 წლის ტელეწამყვანმა სალომე გოგიაშვილმა ცხოვრება ბიზნესმენ ვახტანგ ნიკოლეიშვილს დაუკავშირა. სალომესთვის ეს მესამე ქორწინებაა, ვახოსთვის - მეორე. სალომემ თავისი ქორწილის შესახებ სამი საათით ადრე შეიტყო. წყვილმა ხელი სიღნაღში მოაწერა, მერე კი დუბაიში გაემგზავრა.

წლის გაურკვეველი ქორწინება

ვერავინ დაადგინა, ნამდვილად გათხოვდა თუ არა ქეთა თოფურია. ის სამი წელია ხვდება 37 წლის ბიზნესმენს ლევ გეიხმანს, რომელიც თვითმფრინავში გაიცნო.

რუსული პრესის ცნობით, წყვილმა გრანდიოზული ქორწილის გადახდაზე უარი თქვა და მეგობრების წრეში საიდუმლოდ იქორწინა. ამ ინფორმაციას გამოეხმაურა "A სტუდიოს" პრესმდივანი, რომელმაც განაცხადა, რომ ქეთა და ლევ გეიხმანი ერთად არიან, მაგრამ მათი ქორწინების ამბავი ჭორია.

სპორტულ-მუსიკალური წყვილი

წელს გათხოვდა დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა. ქეთის რჩეული მოტომრბოლელი ჯეიმს ტაუზლენდია. ქეთიმ და ჯეიმსმა ერთმანეთი 2011 წლის აპრილში კონცერტზე გაიცნეს. ცერემონია ლონდონის დასავლეთით, სამეფო ბაღში მდებარე კონსერვატორიაში გაიმართა და 200 სტუმარი იყო მოწვეული, მათ შორის ნიდერლანდების პრინცი, მუსიკალური პროდიუსერი უილიამ ორბიტი და კომპოზიტორი მაიკ ბატი. მომღერალს საქორწინო კაბა ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა დიზაინერმა ლაკო ბუკიამ შეუკერა. მანამდე იყო ნიშნობა რომანტიკულ გარემოში, წყვილი მალდივის კუნძულებზე ისვენებდა, სასიძომ მომღერალს ხელი 2011 წლის დეკემბერში სთხოვა. ქეთიმ კი ინფორმაცია დაქორწინების შესახებ გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე გაახმაურა. ჯეიმს ტაუზლენდი სიმღერების ავტორ-შემსრულებელიც გახლავთ. წერს მუსიკას, მღერის და საქველმოქმედო კონცერტებს მართავს.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"