"მიხეილ პრარაბი", ბუჩქებში დამალული საბანკო ასოციაცია და ბრძოლა თეფშების წინააღმდეგ

"მიხეილ პრარაბი", ბუჩქებში დამალული საბანკო ასოციაცია და ბრძოლა თეფშების წინააღმდეგ

2012 წელს საქართველოში ვინ იცის, რა აღარ მოხდა - ხელისუფლების ცვლილებით დაწყებული, ყბადაღებული "კოაბიტაციით" დასრულებული... უფრო მეტიც, 21 დეკემბერს ლამის ნახევარი საქართველო სამყაროს აღსასრულს ელოდა, საბედნიეროდ, მაიას ტომის წინასწარმეტყველება არ ასრულდა და გადავწყვიტეთ 2012 წლის მნიშვნელოვანი მოვლენების შეჯამება ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ლადო პაპავას ვთხოვეთ:

- 2012 წელი იყო ძალიან მძიმე წელი ჩვენი ეკონომიკისათვის: წინასაარჩევნო პერიოდი, პოლიტიკური ბატალიები და ორხელისუფლებიანობა თავისთავად აისახა ქვეყნის ეკონომიკაზეც. განსაკუთრებით მძიმე იყო გასული წელი საბანკო, ქვეყანაში ყველაზე განვითარებული და ფაქიზი სექტორისთვის, საუბედუროდ, 2012 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გამოუცხადა "ქართუ ბანკს". თანაც, ეს იყო ძალიან ბინძური ომი, დაწყებული საკანონმდებლო ცვლილებით, რომელმაც საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ ერთ ბანკს, არამედ მთლიანად საბანკო სისტემას. ბუჩქებში დაიმალა საბანკო ასოციაცია, რომელიც, წესით, უნდა გამოხატავდეს და იცავდეს ბანკების ინტერესებს. მე მგონი, დროა საბანკო ასოციაციაში სერიოზული რეორგანიზაცია დაიწყოს, ბანკებმა კი მომავალში უფრო მეტი ერთიანობა შეძლონ. კიდევ უფრო მძიმე შესაფასებელია ის ფაქტი, რომ "ქართუ ბანკში" დროებითი მმართველი შევიდა და ამ ბანკის შეგნებულ გაკოტრებას მიჰყო ხელი. ეს იყო, ჩემი აზრით, ყველაზე სერიოზული ეკონომიკური დანაშაული, რომელიც 2012 წელს იქნა ჩადენილი.

- საზოგადოებამ კარგად იცის, რომ სხვა დანაშაულებიც ხდებოდა.

- დიახ. ეკონომიკური დანაშაულის სფეროს განეკუთვნება ბრძოლა სატელიტური თეფშების წინააღმდეგ. ერთი შეხედვით, ეს მედიის პრობლემა იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ეკონომიკურ დანაშაულთანაც გვქონდა საქმე: სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ვითომ ვერ გათვალა, რა სარგებელი უნდა ენახა კომპანიას, რომელიც ამ თეფშების შემოტანითა და დისტრიბუციით იყო დაკავებული, სასამართლომ კი მცდარი, უფრო სწორად, დანაშაულებრივი გადაწყვეტილება მიიღო.

2012 წელი ასევე გამორჩეული იყო ფაქტებით, როდესაც საზოგადოებამ შეიტყო, რა დანაშაულს სჩადიოდა "ნაციონალური" მთავრობა. შევიტყვეთ, რა ძვირი უჯდებოდა ქვეყნის პრეზიდენტისა და მისი თვითმფრინავების შენახვა, აგრეთვე, ძალიან ბევრი ფაქტი, რომლის გამოც რამდენიმე მაღალჩინოსანი პასუხისგებაშიც არის მიცემული. შეუძლებელია არ შევეხო ყველაზე ნაღვლიან მოვლენას, რომელიც ნაწილობრივ არის დაკავშირებული ეკონომიკასთან: ბატონი სააკაშვილი, რომელსაც ძალიან უნდოდა, ყოფილიყო აღმაშენებელი, სამწუხაროდ "პრარაბობას" ვერ გასცდა. რატომ? - ჩვენი ერისათვის ცნება "აღმაშენებელი" არ ნიშნავს მარტო მშენებლობას. აღმშენებლობა ნიშნავს ქვეყნის გაძლიერებას, მის გამთლიანებას და სახელმწიფოდ ქცევას. მიხეილ სააკაშვილმა კი ქვეყანა კრიტიკულ ზღვრამდე მიიყვანა - ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა, ხოლო ქვეყნის შიგნით უდიდესი განხეთქილება გამოიწვია. ამიტომ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანას არაერთი ახალი შენობა-ნაგებობა შეემატა, თუმცა ზოგიერთი უფუნქციო, უხარისხო და უგემოვნოა, აღმაშენებელი მაინც ვერ გახდა. ალბათ კურიოზია, მაგრამ ფაქტია, რომ "მიხეილ აღმაშენებლის" ნაცვლად "მიხეილ პრარაბი" მივიღეთ.

- რას მიიჩნევთ ეკონომიკაში 2012 წლის კურიოზად?

- რაც შეეხება 2012 წლის კურიოზს, ალბათ, გახსოვთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნების" ლიდერებმა რომ განაცხადეს, ეკონომიკურ ბლოკში დასანიშნი ხალხი არ გვყავსო და ამ ხალხის საზღვარგარეთ ძებნა დაიწყეს. კიდევ კარგი, რომ ბოლოს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ბლოკის ძირითადი ავტორები, ბატონები ნოდარ ხადური და დავით ნარმანია მთავრობაში მიიწვიეს.

- ბატონო ლადო, რა არის ქართულ ეკონომიკისათვის ყველაზე დიდი საფრთხე?

- 2012 წელი გამოირჩეოდა ინვესტიციების კლებით, რაც ბუნებრივი მოვლენაა იმიტომ, რომ ეს იყო პოლიტიკური დაპირისპირების პერიოდი, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მე ამ ინვესტიციების შემცირებას ოპტიმისტურად ვუყურებ: ეს ინვესტიციები ძირითადად ორიენტირებული იყო უძრავ ქონებაზე და არა ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზე. ალბათ, ინვესტიციები მომავალ წელსაც მცირე იქნება იმიტომ, რომ ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა, წინ კი საპრეზიდენტო არჩევნები გველის. ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც ქვეყანაში 2012 წელს ჩამოყალიბდა, ეხება როგორც ქართულ ეკონომიკას, ასევე მთლიანად სახელმწიფოს - ეს საფრთხე პრეზიდენტ სააკაშვილის საკუთარი ხალხის ოპოზიციაში გადასვლა და მის მიერ ორხელისუფლებიანობის გამოცხადებაა. ახლახან ამერიკაშიც ჩატარდა არჩევნები, დემოკრატი ობამა ისევ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი და კონგრესში ჰყავს უმრავლესობა რესპუბლიკელების სახით. როგორ, ამერიკა ორხელისუფლებიანი სახელმწიფოა და ობამა ოპოზიციაშია? ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობა და ე.წ. ორხელისუფლებიანობა ინიცირებულია სწორედ სააკაშვილის მიერ. თანაც, ის აკონტროლებს ისეთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ბერკეტებს, როგორიც არის ეროვნული ბანკი, აუდიტის სახელმწიფო სამსახური, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები და საელჩოები, რომლებიც ვითარებას ძაბავენ. ამიტომ, 2013 წელს ვუახლოვდებით საფრთხით, რომელსაც ორხელისუფლებიანობა ჰქვია.

- რა მიგაჩნიათ 2012 წლის ყველაზე დადებით მოვლენებად?

- 2012 წლის წარმატებულ ეკონომიკურ პროექტად შეიძლება მივიჩნიოთ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება. ბატონმა ნოდარ ხადურმა, შესანიშნავმა ეკონომისტმა, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ, მოახერხა 5-6 დღეში შეესრულებინა სამუშაო, რომელსაც, წესით, 6-7 თვე სჭირდება. 2013 წლის ბიუჯეტი ხარვეზებისგან დაზღვეული არ არის, მაგრამ მთავარია, რომ ბიუჯეტი გახდა უფრო გამჭვირვალე: ის მუხლები, რომლებსაც ერქვა ე.წ. სხვა ხარჯები და ეს პრაქტიკულად კორუფციული ნაწილი იყო, უკვე დანართებში ცხრილების სახით არის გაწერილი. ასე რომ, ვფიქრობ: 2013 წლის ბიუჯეტის მიღება არის საკმაოდ დადებითი ნაბიჯი ეკონომიკური თვალსაზრისით. ყველაზე სამხიარულო რა იყო? - ალბათ ის, რომ 2012 წელს ქვეყანას ჰყავდა სამი პრემიერ-მინისტრი. 2012 წლის დასაწყისის პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ტრაბახობდა, ექსპორტი იზრდებაო, მაგრამ არასოდეს უთქვამს, რომ ექსპორტის 30 პროცენტი იყო ავტომობილები და ჯართი, რაც ქვეყნის ეკონომიკის ზრდას სულაც არ ნიშნავს. ალბათ, არანაკლებ ღიმილისმომგვრელი იყო ის, რომ მეორე პრემიერ-მინისტრს, ანუ ვანო მერაბიშვილს, ქვეყნის პრეზიდენტმა "გაღლეტილი" უწოდა. ეტყობა მან კარგად არ იცის, რომ გაღლეტილი ქართულად მარტო ღარიბს არ ნიშნავს. ეს ნიშნავს ადამიანს, რომელიც "ქვიდან ზეთს გამოადენს", ამ "გაღლეტილი" პრემიერ-მინისტრის ისტორიული ფრაზა კი ასეთი იყო: - "რამდენადაც ფულს სუნი არ ასდის, ამიტომ რუსულ კაპიტალს ჩვენს ქვეყანაში მივესალმებითო".

- შარშან კურიოზად დაასახელეთ ის, რომ საქართველოში "შუქი ნაგავს წერს", ეს უცნაური მოვლენა წელსაც დარჩა.

- დიახ, ეს კურიოზი ქვეყანაში დარჩა. პარლამენტს უნდა მიეღო ცვლილება, რომლითაც ეს უცნაურობა აიკრძალებოდა, მაგრამ ეს არ გაკეთდა და ჩვენს ქვეყანაში შუქი დღემდე წერს ნაგავს, ოღონდ ქალაქის საკრებულოს "შევეცოდეთ" და ზამთრისთვის დასუფთავების ტარიფი შეგვიმცირა.

- დასასრულ, 2013 წლის პროგნოზი, თუ შეიძლება ვივარაუდოთ რა მოხდება ქვეყანაში?

- 2013 წელი საკმაოდ მძიმე იქნება. ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა, სააკაშვილი იმუქრება, რომ მალე შეცვლის ვითარებას და ამის დასტურია დასავლეთში აგორებული შავი პიარი ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილი რევანშისთვის ემზადება. აშკარაა, რომ ის ეცდება საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვოს. ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ ეიფორიაშია და ჰგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა, შეიძლება არჩევნებზე არც მივიდეს, "ნაცმოძრაობა" კი სრულ მობილიზებას გამოაცხადებს - ამის რეალური საშიშროება არსებობს. ჩვენ უკვე ვიცით, რომ სააკაშვილის მთავრობა არის კრიმინალური მთავრობა, მაგრამ დასავლეთისათვის ძნელია იმის აღიარება, რომ მთელი 9 წლის განმავლობაში კრიმინალს უჭერდა მხარს. ამიტომ, საკითხავია - რატომ გაწყვიტა ივანიშვილმა კავშირი ლობისტურ კომპანიებთან და რატომ დაუთმო ბურთი და მოედანი სააკაშვილს, მით უმეტეს, რომ საელჩოებში ისევ ის ხალხი ზის, რომელიც სააკაშვილისთვის მუშაობს? აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2013 გველის წელია, გველი კი სიბრძნის სიმბოლოა, შესაბამისად, მომავალ წელს უნდა ვიყოთ ბრძენნი იმიტომ, რომ ჩვენი მტერი საკმაოდ ძლიერი და ცბიერია. დასასრულ, არ შემიძლია არ გამოვყო 2012 წლის სიტყვა, რომელიც, ჩემი აზრით, არის ე.წ. კოჰაბიტაცია. სხვათა შორის, ამ სიტყვას შეცდომით გამოთქვამენ - სინამდვილეში ეს არის "კოაბიტაცია". თანაც, ამ სიტყვას ყველაზე ხშირად ის ხალხი იყენებს, რომელმაც საყველპურო ინგლისურიც კი არ იცის - ალბათ, ესეც თავისებური კურიოზია, არა ეკონომიკური, მაგრამ მაინც...ქართულად უნდა ვიმეტყველოთ და ეს უბედური "კოაბიტაცია" ქართულად - "თანაცხოვრებაა"!

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა