რას ჩაიფიქრებს ახალი წლის ღამეს დიპლომატი და ვისთან ერთად "ბიჭობს" წლების გასაყარზე

რას ჩაიფიქრებს ახალი წლის ღამეს დიპლომატი და ვისთან ერთად "ბიჭობს" წლების გასაყარზე

წლების გასაყარზე რა ცვლილებები დაეტყო ქვეყანას შინ თუ გარეთ და რითაა მნიშვნელოვანი რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ახლად გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯები, როგორი მამა და ბაბუაა და რა სურვილები აქვს საახალწლოდ? - ცოტა საქმიან და ბევრ საახალწლო-საოჯახო კითხვას გამოცდილი დიპლომატი და მეცნიერი, დღეს უკვე საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ბატონი ზურაბ აბაშიძე პასუხობს.

- ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება და ახალი ხელისუფლების მშვიდობიანად მოსვლა. მართლაც ისტორიული მოვლენა მოხდა: თავი დავაღწიეთ და გამოვედით მოჯადოებული წრიდან, სადაც მუდამ ძალადობითა და რევოლუციებით იცვლებოდა ხელისუფლება. რაც შეეხება ქვეყნის განვითარებისთვის ჩემს სტატუსს, გაგახსენებთ, რომ ახალი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი გუნდის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო რუსეთთან საერთო ენის გამონახვა. ამას საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი და დღევანდელი გამოკითხვებიც ადასტურებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, ცხადია, საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინებით, ძალიან დიდი ნაწილი ემხრობა. დიდი არჩევანი არ გვაქვს: ან მუდმივ კონფრონტაციაში უნდა ვიყოთ რუსეთთან, ან უნდა შევეცადოთ ამ ჩიხიდან გამოსვლას. ჩვენ მეორე გზა ავირჩიეთ. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესი...

- გამოცდილი დიპლომატი ბრძანდებით და იმედია, საქართველოს ძალიან წაადგება თქვენი გამოცდილება, მანამდე კი... ახალი 2013 წელი მოგვადგა კარს. ჩვენს ინტერვიუსაც სწორედ წლების გასაყარზე იხილავს მკითხველი. ასეთი პროფესიონალი შინ როგორი დიპლომატი ხართ, როგორ უძღვებით საოჯახო საქმეებს და კონკრეტულად, რა როლი გაკისრიათ საახალწლო სამზადისში. გცალიათ საამისოდ?

- ჰოოო... გვცალია, უფრო სწორად, მოვიცალეთ წინასაახალწლოდ - ბოლო ერთი კვირაა, თითქმის თავისუფალი ვარ. ოთხი შვილიშვილი მყავს, უფროსი ქალიშვილის, ტატას ორი ვაჟი - ილუშკა და ზუკა და უმცროსი ირინკას ორი გოგონა - ნანუკა და ტატა. დღეს ბავშვები ზოოპარკში გავასეირნე და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. სამწუხაროდ, ახალ წელს ყველანი თავიანთ სახლებში, მშობლებთან ერთად შეხვდებიან, არადა, ძალიან მინდოდა, აქ მოსულიყვნენ და ერთად გვედღესასწაულა ახალი წლის მობრძანება. ვნახოთ, ეგებ რამენაირად შემოვიტყუო კიდეც (იღიმის). რაც შეეხება საახალწლო სამზადისს, ჯერ სიყრმის მეგობრებთან შესახვედრად ვემზადები - ახალი წლის დადგომამდე ერთ შეკრებას კიდევ მოვასწრებთ ბიჭები (ასე ვეძახით ერთმანეთს). მოვილაპარაკეთ უკვე ტელეფონით და სიგნალი გადავეცით: აბა, დროა შევაჯამოთო (ეს სიტყვა ჩვენი პაროლია და შეკრებას ნიშნავს. წესად გვაქვს, ორ კვირაში ერთხელ "ვაჯამებთ" ხოლმე). ქალაქში, სადმე დავსხდებით და გადავხედავთ მოვლენებს, მართლაც შევაჯამებთ, სადამდე მივიდა კაცობრიობა და ასე შემდეგ (იცინის), ერთ-ორ ჭიქას რომ დავლევთ, მართლა ბიჭებად ვგრძნობთ თავს, ცოტას ვტრაბახობთ, ვბაქიბუქობთ და კარგად ვილხენთ ხოლმე ერთად ყოფნით. მერე, მეორე დილით წნევის წამალს ვსვამთ და ასე გამოვდივართ ნაბახუსევზე.

- და გახსენდებათ, რომ მთლად ბიჭებიც აღარ ხართ?

- კი, გვახსენდება... თუმცა მაინც ვბიჭობთ და იმავეს ვიმეორებთ.

- და ალბათ მეუღლეც გსაყვედურობთ, რომ თავს არ უფრთხილდებით. ბატონო ზურაბ, საოჯახო საქმეებში ცოტათი მაინც ეშველებით მეუღლეს? მოდი, მასზეც გვიამბეთ.

- ჩემი მეუღლე ნინო ფალიაშვილია.

- გვარით თუ ვიმსჯელებთ, უეჭველად მუსიკოსი იქნება. რა პროფესიისაა?

- კონსერვატორია აქვს დამთავრებული, მაგრამ დღეს უკვე დიასახლისია. ნინოს მამა იყო ცნობილი დირიჟორი, ვახტანგ ფალიაშვილი. მოკლედ, ნინო ზაქარია ფალიაშვილის შთამომავალია.

- რაკი ქალბატონი ნინო დიასახლისია, საოჯახო საქმეების მთელი ტვირთიც ალბათ მას აწევს. და მაინც, პოლიტიკურ ამინდს ვინ ქმნის ოჯახში?

- მეუღლეს აბარია ფინანსები, საშინაო საქმეები. ის მეთვალყურეობს, ვინ მიდის და მოდის ოჯახში, ვინ, რას და როგორ აკეთებს, დანარჩენი ანუ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული ამბები კი მე მაბარია.

- საგარეო პოლიტიკას ვერც ოჯახში თმობთ?

- არა, არა... ვხუმრობ (იცინის). მთლიანობაში მაინც ისე გამოდის, რომ დირექტორი ნინოა.

- როგორც მითხარით, თქვენი ქალიშვილები ცალკე ცხოვრობენ.

- ქალიშვილებს თავისი ოჯახები აქვთ. ასე რომ, აქ ერთად მე, ნინო და ჩემი სიდედრი - ეთერი ვცხოვრობთ. ქალიშვილები და ბავშვები შაბათ-კვირას მოდიან ხოლმე. დღეს მაგალითად, უფროსი ქალიშვილის ბიჭები გვესტუმრნენ. ჩვენთან კარგად ერთობიან, მაგრამ დღის ბოლოს უკვე ქანცი გვაქვს ხოლმე გაწყვეტილი, ისე ვიღლებით. ძალიან ენერგიულები არიან. განა არ უნდათ გაჩერება, მაგრამ ვერ ჩერდებიან და რა ქნან?

- ნაძვის ხე ბავშვებმა მორთეს თუ თქვენც მონაწილეობდით?

- არც კი ვიცი, ვინ მორთო... აგერ კი დგას და... ალბათ ნინომ მორთო (იცინის)...

- ნაძვის ხის ქვეშ თოვლის ბაბუის საჩუქრები თუ დახვდებათ ბავშვებს?

- თოვლის ბაბუაზე მგონი, ჯერ არ გვიზრუნია. სიმართლე გითხრათ, არაფერი ვიცი, მაგრამ ამ ამბავს აუცილებლად მივხედავთ. თოვლის ბაბუა საჩუქრებით სავსე ხურჯინით ჩვენთანაც უნდა მოვიყვანოთ, ოღონდ ღამით, 12 საათზე კი არ გვესტუმრება, პირველი იანვრის დილას მოვა, რადგან ბავშვებსაც დღისით ველოდებით.

- მახსოვს, რამდენიმე წლის წინ აქ, თქვენს სახლში შეგხვდით პირველად, თქვენი და-ძმა - ქალბატონი ირინე და ბატონი ვახტანგიც იყვნენ. მაშინაც ჟურნალ "გზისთვის" ვამზადებდი სტატიას და სამივენი დიდი ხალისით იხსენებდით ბავშვობას, ახალგაზრდობას, ურთიერთობებს, სახელოვან მამას, პოეტ-აკადემიკოს ირაკლი აბაშიძეს... ირაკლი აბაშიძის ოჯახშიც მოდიოდა ხოლმე ხურჯინიანი თოვლის ბაბუა და გიტოვებდათ საჩუქრებს?

- იმხანად ცოტათი სხვანაირად იყო... თოვლის ბაბუის მოსვლა არ მახსოვს, მაგრამ ჩემი ბიჭები კი ტრადიციულად შემოგვირბენდნენ ხოლმე ახალი წლის ღამეს. სწორედ ის ბიჭები, ვისთან ერთადაც დღემდე "ვაჯამებ" კაცობრიობის პრობლემებს. ცოტა ხანს ჩვენთან ჩერდებოდნენ, მერე სხვა მეგობრებთან მივდიოდით ერთად. მამაც მეგობრობდა ჩემს ბიჭებთან. ასაკში რომ შევიდა, განსაკუთრებით სიამოვნებდა მათთან ყოფნა და საუბარი.

- თქვენ როგორი მამა ხართ?

- დიდი სიმკაცრით არასდროს გამოვირჩეოდი. მით უფრო, რომ გოგონები მყავს და არც საჭიროებდნენ დიდ სიმკაცრეს. ვფიქრობ, ვაჟი უფრო ხათაბალაა. თუმცა ახლა რაღა სიმკაცრეზეა ლაპარაკი, საკუთარი ოჯახები აქვთ. სხვათა შორის, კარგი სიძეები მყავს. ერთი იურისტია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს, მეორე ბიზნესმენია. საქმიანი ბიჭები არიან და ერთმანეთთანაც და ჩვენთანაც კარგი ურთიერთობა აქვთ.

- ბატონო ზურაბ, მეკვლედ ყოფილხართ? იცით, როგორი ფეხი გაქვთ?

- (ფიქრობს) კი, ვყოფილვარ. შარშან მივედი ჩემს ქალიშვილებთან და მგონი, ცუდი წელიწადი არ ჰქონიათ. ე.ი. ფეხიც კარგი მქონია (იღიმის). კარგ წელიწადს რომ ვამბობ, ჩემი ოჯახის წევრების, შვილების, შვილიშვილების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ვგულისხმობ. ჩემი პრინციპიც ესაა: დილით რომ გაიღვიძებ კაცი, ვიდრე პირიდან სადარდებელი ან უმადურება, ან აუგი, ან შურის სიტყვა წამოგცდება, პირველ რიგში, მადლობა უნდა უთხრა ღმერთს, რომ შინ ყველა მშვიდობით გყავს.

- ახალი წლის ღამეს, საათის ისარი რომ თორმეტჯერ ჩამოჰკრავს, ჩაიფიქრებთ რაიმეს?

- ტრადიციულ ცერემონიას შევასრულებ ზუსტად 12 საათზე - მაქვს ჩემი ჩასაფიქრებელი და აუცილებლად ჩავიფიქრებ. მერე კი, მეორე დღიდან, როგორც ხდება ხოლმე, მოვივლით სამეგობროს, სანათესავოს, მივულოცავთ, მოგვილოცავენ... მიყვარს საახალწლო დღეები: გამშვიდებს, გაწყნარებს. კარგია, რომ ისვენებ, დუნდები, ხალათით გადი-გამოდიხარ ოთახებში, ფიქრობ... სოლოლაკში ვცხოვრობ და ჩემი ფანჯრიდან შესანიშნავი ხედი იშლება, თითქოს მთელ თბილისს ხელისგულზე უყურებ. ჩემს ოჯახს, ჩემს თბილისს, ჩემს ქვეყანას სამ რამეს ვუსურვებ საახალწლოდ (კარგი ციფრია, არა, სამი?): ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას... კიდევ ერთხელ, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას... და მესამედაც: ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას!

პ.ს. იმედია, ახალი წლის ღამეს მოთოვს, თოვლის ბაბუაც ხურჯინებით სავსე მარხილით ჩამოსრიალდება მთებიდან და შეიძლება ჯერ სოლოლაკშიც გამოიაროს. ერთ დიდ ხურჯინს უეჭველად აბაშიძეების ნაძვის ხესთან ჩამოცლის. ლამაზი საჩუქრები დახვდებათ პატარებს. ერთ კუთხეში კი ჯადოსნური ყუთი იქნება მთელი ოჯახისთვის. ცხადია, ყუთის გახსნას ვერავინ მოასწრებს ცელქ ბავშვებს. იქიდან კი ულამაზესი "პირველი თოვლის სიმღერა" ამოხტება, აი ის, დიდმა ბაბუა ირაკლიმ რომ დაწერა და წლების შემდეგ თავის საყვარელ ადამიანებს რომ წაუკითხავენ ზამთრის ჯადოსნურ ღამეს:

წუხელ თოვდა,

ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,

გენახე და ძილში

თბილად დაგეხურე...

მე ავდექი პირველ თოვლზე

განთიადში

და ვეძებდი შენს პატარა

ნაფეხურებს.

დაეყარა სახლებზე და ვერის

გზაზე

თოვლი, თეთრად დასახული,

ასე თეთრად, გულუბრყვილოდ

ჰყვავის ასე

იმერეთში ტყემლის ხეზე

გაზაფხული.

ჰყვავის ასე,

და განთიადს

მიხალისებს

ეს ზამთარიც,

დეკემბერში თოვლის ხვავი,

ის თბილისის

ხეივნებში კიპარისებს

იმერულად გამოასხამს

ტყემლის ყვავილს.

დგას ბუჩქები

ვერის ბაღში,

შემკრთალები,

ზედ თოვლია

თუ ფრიალი

ფაფანაკთა?!

ანდა იქნებ ავჭალიდან

თეთრ კარვებით

ადგა ჯარი და

თბილისში დაბანაკდა?!

რა თოვლია!

შენობებს და ბაღში ხარდანს

ფარავს, თეთრად დასახული...

ეს პირველი თოვაც

ისე გამეხარდა,

როგორც გუშინ

მიხაროდა გაზაფხული.

მიხარია,

ცხელ ზაფხულის

დაბრუნებაც,

წვიმაც, ქარიც, უსაქმურად

დანაბერი...

ბევრი კარგი რამ სცოდნია

ამ ბუნებას,

მაგრამ, კარგო,

შენისთანა არაფერი!

ირაკლი აბაშიძე

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა