"ჩემს ასაკამდე ჯანმრთელი სხეულითა და საღი გონებით მოგეყაროთ"

"ჩემს ასაკამდე ჯანმრთელი სხეულითა და საღი გონებით მოგეყაროთ"

ჩემი რესპონდენტი საუკუნის ტოლი ქალბატონი, სონა ცერცვაძე გახლავთ. ის ყველაზე "ახალგაზრდა" პარტიის - "ქართული ოცნების" უხუცესი წევრია. წარმოშობით ზესტაფონიდან არის, ზამთრის ცივ დღეებს კი წოდორეთში, ქალიშვილთან ატარებს. ჩვენი შეხვედრა სწორედ ამ სოფელში მოხდა. ოჯახში შესულს სონა ბებო ღიმილით შემომეგება. ისე მხნედ გამოიყურება, ძნელია დაიჯერო, რომ უკან საუკუნე მოიტოვა.

ბავშვობის გახსენება არ უყვარს. თერჯოლის რაიონის სოფელ სკანდეში კერძო სკოლაში სწავლობდა, მეოთხე კლასი რომ დაამთავრა, მიწისძვრა მოხდა და ყველა ბავშვი და მასწავლებელი რომელიც შენობაში იმყოფებოდა, დაიღუპა. ამ საცოდაობის გახსენებაზე ახლაც თვალზე ცრემლი ადგება. სხვაგან სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო. 20 კილომეტრი ფეხით ვეღარ ვიარე და უსწავლელი დავრჩიო, - ამბობს დანანებით.

- რომ წამოვიზარდე, მშობლებმა კერვა მასწავლეს. მერე საკერავი მანქანა მიყიდეს. კარგად ვკერავდი და ოჯახსაც ამ საქმიანობით ვინახავდი.

ოჯახი კი 16 წლისამ შექმნა. თერჯოლიდან ზესტაფონში გათხოვდა.

- მეუღლემ მშობლების სახლიდან რომ წამომიყვანა და ზესტაფონს მოვუახლოვდით, "ელექტრონები" (განათება) დავინახე, გამიკვირდა, ცოტა შემეშინდა კიდეც, ხანძარი ხომ არ არის-მეთქი? ამაზე ჩემმა მეუღლემაც და მაყრიონმაც ბევრი იცინა... კარგ ოჯახში შევედი. დედამთილმა საკუთარი შვილივით მიმიღო. ერთმანეთს კარგად გავუგეთ. გათხოვებიდან მალე ჩემი მეუღლე 2 წლით ჯარში გაიწვიეს. სანამ ის არ დაბრუნდა, დედაჩემის სახლში მარტო არ წავედი.

- რამდენი შვილი გყავთ?

- დალი, მათიკო, მზია და ნიკოლოზი. ბევრი შვილიშვილი და შვილთაშვილი მყავს, ვეღარც კი ვითვლი, მე-5 თაობას მოვესწარი. 2 წლის იყო ნიკოლოზი, როცა მეუღლე სამამულო ომში წაიყვანეს. მას შემდეგ მამას შვილები აღარ უნახავს.

სონა ბებომ 4 შვილი მარტომ გაზარდა.

- მეუღლე თქვენც აღარ გინახავთ?

- ახალ ათონში იყო და იქ ჩავაკითხე. მარტო წავედი. ჩასვლა როგორ მოვახერხე, ახლაც მიკვირს. რუსული ენაც არ ვიცოდი. ღამის 2 საათზე მივედი, სამხედროების მანქანამ წამიყვანა. ჩემოდანი გავხსენი, ჯარისკაცებს ჩურჩხელები და არაყი მივაწოდე. სულ არ გამომართვეს, დანარჩენი ქმარს წაუღე, მასთან ცარიელი ხომ არ მიხვალო?

სონა ბებო მორწმუნე ადამიანია. სიხარულით მეუბნება, რომ ძალიან ბევრ ეკლესიაშია ნამყოფი და რისი საშუალებაც ჰქონდა, ყველგან თანხა აქვს შეწირული. ცხოვრება შრომაში გალია, მაგრამ განვლილი 100 წლის მანძილზე, ერთი კვირა დღეც კი არ ახსოვს, ემუშაოს.

- კვირა უფლის დღეა, შაბათს საღამოს 5 საათიდან აღარ ვმუშაობდი. 1937 წელს ბოლშევიკების დავალებით ვიღაც კაცები ფურცლებით დადიოდნენ, შენი სახელი და გვარი უნდა დაგეწერა და მიგეთითებინა, იყავი თუ არა მორწმუნე. ხალხი შეშინებული იყო, ყველა წერდა, არ ვარ მორწმუნეო. მე არ შემშინებია და დავწერე, რომ ღმერთის, ეკლესიის მწამდა. ეს ქაღალდი უფროსობამ ნახა. იქ ჩვენი ოჯახის ნაცნობი იყო და მისთვის უთქვამთ, სონა ცერცვაძეს იცნობო? - ამ ქალს კაცის გული ჰქონიაო. ვიცოდი, მაშინ ამისთვის ხვრეტდნენ. დამხვრეტენ და დამხვრიტონ-მეთქი, - ვიფიქრე, მაგრამ გადავრჩი. ღმერთის მწამდა და საწინააღმდეგო როგორ დამეწერა, სარწმუნოებას ხომ არ უარვყოფდი? ეჰ! ცხოვრებაში ბევრი გაჭირვება მაქვს ნანახი, - იმდენი სიხარული რომ მენახა, გავგიჟდებოდი.

სონა ბებო, მთელი ცხოვრება მარხულობს. "ვერავინ შემაცდენს, - მარხვის დროს გულს არაფერი ეკარება", - ამბობს და მოძღვრისგან კურთხევის მიუხედავად, რძის პროდუქტის მიღებაზეც კი უარს აცხადებს. ერთ ბავშვობის დროინდელ ამბავს იხსენებს: სკოლის ეზოში ეკლესია იყო. ბოლშევიკები მოვიდნენ და სამრეკლო მოანგრიეს. ალიოშა ლოლაძე (ვის ეზოშიც სკოლა და ეკლესია იყო) დღე და ღამე ხის ბარით იდგა ეკლესიასთან და იცავდა. ასე გადაარჩინა ტაძარი დანგრევას. იმ კაცის ოჯახში, რომელმაც სამრეკლო ჩამოანგრია, დიდი საცოდაობა დატრიალდა, - ყველანი დაიხოცნენ...

ჩემი ხანდაზმული რესპონდენტი წუხს, რომ ბოლო დროს ქართველები ძალიან შეიცვალნენ; კრიტიკულად არის განწყობილი წინა ხელისუფლების მიმართ და მეკითხება:

- სააკაშვილი რომ აირჩიეს, მაშინ მოგწონდა მისი საქციელი?

- მაშინ ბევრს მოსწონდა სააკაშვილი, თქვენ - არა?

- რათი მომეწონებოდა? ეტყობოდა, რაც იქნებოდა... მოხუცებული ქალი ვატყობდი, რომ საქმე ცუდად მიდიოდა. დადიოდა გაუთავებლად ბათუმსა და თბილისს შორის. რა იყო ამდენი საფრენი იქ? ამდენი "დაჩები" რაისთვის უნდოდა? ვინ იცის კიდევ, რას მოიმოქმედებდა, მაგრამ ივანიშვილმა არ დააცადა, მაგას ვენაცვალე! ქართველი კაცი მოვიდა ხელისუფლებაში, ჩემი არც ბიძაშვილია, არც მამიდაშვილი, მაგრამ ზესტაფონში ხალხს რომ ხვდებოდა, მეც წავედი იმ შეხვედრაზე. ტრიბუნიდან ჩამოხტა და მაკოცა.

- რა გითხრათ?

- ბებია, ღმერთმა გაგახაროსო. მადლობა, რომ მოხვედიო. დავლოცე, დედაშვილობის გამჩენმა გამარჯვებული გამყოფოს-მეთქი. ღმერთმა ყველა კარგად უმყოფოს. ეგ რომ არ გამოჩენილიყო, ახლა დაღმართზე ვიქნებოდით დაშვებულები, ერთი ჩასრიალება გვაკლდა და წყალი წაგვიღებდა...

- რას ურჩევთ ივანიშვილს?

- მან ჩემზე კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს. ღმერთმა კარგად გვიმყოფოს, რომ ქართველი ხალხი წაღმა წამოვიდეს და გაიხაროს!

- ბევრი მოხუცებული ბრაზობს, პენსიის გაზრდას დაგვპირდნენ და რატომ არ გვიზრდიანო?

- რომ გაეზარდათ, კარგი იქნებოდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამას მალე გააკეთებენ. გოგი ქავთარაძე ჩემი ნათესავია. არჩევნებამდე ჩვენთან იყო მოსული და მკითხა: როგორ ფიქრობ, გავიმარჯვებთო? - რას ლაპარაკობ, აბა, რას ვიზამთ-მეთქი? მაშინ გავწევრდი "ქართულ ოცნებაში".

- ტელევიზორს უყურებთ?

- "კავკასიას" ვუყურებ, აქუბარდიას გადაცემა მომწონს, სიმართლეს ლაპარაკობს ეს კაცი. მასთან ნაირ-ნაირი სტუმარი მიდის და ისიც ლაპარაკობს, მაგრამ ვერავის ვერაფერი შეასმინა. აქუბარდია კარგი კაცია!

- თქვენს ახალგაზრდობაში შობა-ახალ წელს როგორ აღნიშნავდით?

- 6 იანვარს ღორს ვკლავდით და სანამ არ გახსნილდებოდა, ხორცს პირს არ ვაკარებდით. შობას, დილით, ეკლესიაში მივდიოდით, სანოვაგეც მიგვქონდა, მოძღვარი გვიკურთხებდა და მერე მივირთმევდით. ღმერთმა გაუმარჯოს კაცის მარჯვენას, ხარის ქედს, დედამიწის მოსავალს, ცის ნამს! - ასე იტყოდა ხოლმე ბაბუაჩემი. უსწავლელი იყო ბაბუაჩემი, წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ 15 წელი სოფლის მამასახლისი იყო... ადრე ჭამა-სმაც ზომიერი იცოდნენ. "მე ხომ მღებავი არა ვარ,/ რომ მოგიტანო ლილაო,/ ღმერთმა ბევრი გაგვითენოს შობა-ახალ წლის დილაო!/ დიდება ღმერთსა კიდევ დავლევ ერთსა,/ ღმერთმა ყველას გაუმარჯოს სტუმარ-მასპინძელსა", - იტყოდნენ სუფრასთან და მერე კაცი ღვინოს აღარ დალევდა.

- მხნედ გამოიყურებით, კარგი მეხსიერება გაქვთ, რაში მდგომარეობს თქვენი მხნეობის საიდუმლო?

- უფლის რწმენაში, ლოცვას დიდი ძალა აქვს. ჩემი გოგოც ხელს ძალიან მიწყობს. ახალგაზრდობაში ბევრს ვშრომობდი: ხარებს ვუძღვებოდი, ვთოხნიდი, ვბარავდი, ვაზს ვუვლიდი, ხეხილს ვამყნობდი, აბრეშუმი მომყავდა...

ჩემს შვილებს ვასწავლე და მინდა, ყველამ იცოდეთ, მიწაზე მუშაობით რომ დაიღლებით, ხეს მიეყრდენით და ის ბეჭებიდან "შეგატყობინებს" რომ ძალას გაძლევს. ამის ახლა ნაკლებად სწამთ, შეიძლება ვინმეს გაეცინოს კიდეც, მაგრამ სიმართლეა!

- ძალიან საინტერესოდ ლაპარაკობთ, მაგრამ არ მინდა, გადაგღალოთ. ბოლოს, რას გვეტყვით?

- ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! აწი ჩვენი საქმე სულ წაღმა წასულიყოს. საქართველოს გაძლიერების და გამთლიანების წელი დამდგარიყოს. ყველანი ჩემს ასაკამდე ჯანმრთელი სხეულითა და საღი გონებით მიგეღწიოთ.

- ჩვენც გილოცავთ და მხნეობას გისურვებთ!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"