"მხიარული" სამართალი

"მხიარული" სამართალი

ამჯერად, ცნობილ იურისტებს თავიანთი პრაქტიკიდან სახალისო ამბების მოყოლა ვთხოვეთ. ისინი არ დაგვზარდნენ და ჩვეული ენაკვიმატობით, რეალური ამბები გაიხსენეს.

"მე დედა ვარ, დე-და"

ნანა ფრიდონაშვილი რამდენიმე წელია, რაც წარმატებული ადვოკატია, ადრე აქტიური ჟურნალისტი გახლდათ, მაგრამ საბოლოოდ მაინც იურისტობა არჩია და ადამიანების უფლებებს იცავს... ადრე, ტრანსპორტის პროკურატურაში პრესსამსახურის ხელმძღვანელი იყო და პროკურორებსა და მოქალაქეებს შორის კურიოზულ დიალოგებს ხშირად შესწრებია. მან სწორედ ასეთი ამბები გაიხსენა.

პროკურორის კაბინეტში უეცრად ქალი შემოიჭრა:

- მე დედა ვარ! დედა! გესმით, დე-და?! როგორ შევეგუო ამ ამბავს?! ჩემი შვილი... ჩემი ერთადერთი შვილი...

- დავიჭირეთ?! - ჰკითხა გაკვირვებულმა პროკურორმა.

- ნეტავ, დაგეჭირათ... რაღაც იმედი მაინც მექნებოდა!

- უკაცრავად... დაიღუპა?!

- როგორ ვინატრო... ეგ უბედურება... საფლავი მაინც ხომ მექნებოდა?! დავჯდებოდი და ვიტირებდი... არა, ამ ჯოჯოხეთს ყველაფერი სჯობს...

- ქალბატონო, დამშვიდდით და ისე თქვით, რა ხდება.

- დედა ვარ... უბედური დე-და!

- ქალბატონო, მესმის... ძნელია... მაგრამ იქნებ ამიხსნათ, რა ხდება?! რა დაემართა თქვენს შვილს?

- ამაზე მეტი, რა უნდა დამართოდა?! მომტაცეს! დამღუპეს და დამაქციეს!

- შეყვარებულმა მოიტაცა? არ მოგწონთ სასიძო? - გაებადრა სახე პროკურორს.

- სასიძო?! არა, ბიჭი მომტაცეს... ბიჭი... მერე რა, რომ ორმოცდასამი წლის არის... ჩემთვის სულ ბავშვი იქნება...

- ეჭვი გაქვთ ვინმეზე?

- ეჭვი კი არა, დარწმუნებული ვარ, ვინც არის! მთელი წელიწადია მემუქრება, გაგამწარებო და აი, გამამწარა კიდეც!

- შვილის გატაცებით გემუქრებოდათ? რატომ?

- ეგ რომ ვიცოდე...

- ქალბატონო, მორჩით წუწუნს და მითხარით, როდის გაიტაცეს თქვენი შვილი? მშვიდად მიამბეთ, რომ გავიგო, რა მოხდა.

- უკვე ცხრამეტი დღეა, არ ვიცი, რას ჭამს, რას სვამს, სად არის...

- ქალბატონო, დამშვიდდით, - პროკურორსაც აევსო მოთმინების ფიალა.

- მძევლად ჩაიგდო იმ უსინდისომ!

- რატომ?

- არ ვიცი, მაგრამ ჩემი შვილი მძევალია! ვნახე და ვიცი!

- სად ნახეთ? ქალბატონო, რაღაცას ან არ მეუბნებით, ან...

- ქუჩაში შემთხვევით ვნახე... მალე დავბრუნდებიო... ისიც იქ იყო!

- ვინ?

- ჩემი დამაქცევარი! გამტაცებელი! - საკუთარ თავში გასარკვევად დრო მჭირდებაო... ჩამოვყალიბდები და დავბრუნდებიო, - მითხრა ჩემმა შვილმა.

- რა აქვს საკუთარ თავში გასარკვევი? - ვერაფერს მიხვდა პროკურორი.

- არ ვიცი... მგონი, ცოლს ღალატობს... სხვა ქალი შეუყვარდა... რა ვქნა?!

- აგაშენათ ღმერთმა! მადლობა ღმერთს, ცოცხალი და უვნებელი ყოფილა. უკაცრავად, მაგრამ ცოლ-ქმრის საქმეში ვერ ჩავერევით. დამშვიდდით. თავად გაარკვევენ ყველაფერს. ვიფიქრე, მართლა დანაშაული ხომ არ მოხდა-მეთქი?!

- დანაშაული არ მოხდა?! კაცი მძევლად ჰყავს იმ გარეწარს. მაინცდამაინც უნდა მოკლას?! - არ ჩერდებოდა აღშფოთებული ქალი.

- ქალბატონო, თქვენი შვილი კარგად არის, ჭამს, სვამს, ჰაერზე დასეირნობს და, როგორც ირკვევა, ქალებსაც არ იკლებს! ეგ არის მძევალი?! მძევალი მე ვარ, თქვენი მძევალი და თუ შეიძლება, გამათავისუფლეთ! საქმე მაქვს, თან, ძალიან ბევრი!

- ვერაფერი გაიგეთ! თქვენ ხართ პროკურორი?! რომ შემხვდა, ისიც იქ იყო! როგორ ფიქრობთ, გამტაცებელთან ერთად მეტყოდა ჩემი შვილი, მიჭირს და მიშველე რამეო?! მაგრამ, ხომ ვიცი, რაც ხდება?! ჩემს დასამშვიდებლად თქვა, საკუთარ თავში გარკვევა მჭირდება და დავბრუნდებიო, თორემ... საიდუმლოდ გეტყვით, ვალი აქვს!

- ვერაფერი გავიგე! ქალბატონო, რა გინდათ ჩემგან?!

- ჩემს შვილს გამტაცებლის ვალი აქვს. იმანაც, ადგა და გაიტაცა! რა არის გაუგებარი?!

- იცით, სად ცხოვრობს თქვენი შვილის გამტაცებელი?

- რა თქმა უნდა!

პროკურორმა მისი მოყვანის ბრძანება გასცა და ერთ საათში მის კაბინეტში დაბნეული კაცი შემოიყვანეს.

- რად მინდოდა ამ კაცის გატაცება? ხომ არ გაგიჟდით, ახლობელია... კაცურად მთხოვა, ცოტა ხნით სახლიდან უნდა წამოვიდე და შემიფარეო... უარი მეთქვა?!

- შენ დამღუპე და დამაქციე, ახლა თავი ანგელოზად მოგაქვს?! - აქაქანდა ისევ ქალი.

- რას ამბობთ? საიდან მოიტანეთ? ვალისთვის "მძევლად ჩავიგდებდი"? მეცინება, სასაცილოდ თუ მაქვს საქმე...

ამ დროს კაბინეტში შემოვარდა ახალგაზრდა კაცი:

- რა გინდა, დედა, რას მერჩი?! მთელი ცხოვრება, რატომ უნდა ვიყო შენი "სიურპრიზების" მსხვერპლი?!

- დაიჭერენ... მეგონა, გეხმარებოდი...

- ვის დაიჭერენ? რატომ?

- გეხმარებოდი... შენ თავს ვფიცავ...

- ვინ გთხოვა?! რა გინდა?! მაცალე ცხოვრება!

ბოლო ხმაზე ღრიალებდა ახალგაზრდა მამაკაცი. გაირკვა, "გატაცებულს" "გამტაცებლის" ვალი მართლაც ჰქონდა, თანაც საკმაოდ სოლიდური თანხა უსესხია. მიუხედავად იმისა, გამსესხებელსა და მსესხებელს ერთმანეთთან არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ, დედამ შვილის "დახმარება" გადაწყვიტა და გამსესხებელს შვილის გატაცება დააბრალა, - დაიჭერენ და ჩემს შვილს ვალის გადახდას აღარ მოსთხოვსო. პროკურორი ამ უცნაური დედის შემხედვარე გაოგნებული იდგა და ხმას ვეღარ იღებდა.

ბრალდებულის გადაწყვეტილება

ადვოკატი ლილიკო გელაშვილი:

- უაქციზო სიგარეტის თემა, ერთ დროს აქტუალური იყო. ერთი ქალბატონი ამ ბრალდებით გორში დააკავეს, რომელსაც აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. გამოძიება დასრულდა და საქმე სასამართლოში წარიმართა. პროკურორთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი და ამბის გასაგებად ბრალდებულმა ქალბატონმა დამირეკა და ასე ვუთხარი:

- ია, ცუდად გვაქვს საქმე, პროკურატურა შენგან თანამშრომლობას ითხოვს, საპროცესო არ გამოვა; პოლიციასთან თანამშრომლობას არ ვთანხმდები და შენ რას ფიქრობ?

ისიც შეწუხდა და მითხრა, მოვიფიქრებ რამეს და შეგხვდებიო. რამდენიმე დღის შემდეგ ოფისში ის ქალბატონი მოვიდა, ხელში რაღაც საბუთები ეჭირა და შეწუხებული ხმით მეუბნებოდა:

- ბევრი ვიფიქრე და რადგან სხვა გამოსავალი არ არსებობს, გადავწყვიტე, დავთანხმდე, ოღონდ, იქნებ ერთი თხოვნა შემისრულონ და ამაში დამეხმარე: იმ დალოცვილებს აუხსენი, - ოჯახები მათაც ხომ აქვთ, ბავშვების მიტოვება გამიჭირდება და იქნებ გორის ნაცვლად თბილისში დამაწყებინონ მუშაობა, საბუთებიც უკვე მოვიტანე...

- რა უნდა დაგაწყებინონ? - ვერ მივხვდი და დავიბენი.

- რა გაგიკვირდა, შენ არ მითხარი, თანამშრომლობას ითხოვენო? ჰოდა, მეც დავთანხმდები, აი, საბუთებიც, უბრალოდ თბილისში დამაწყებინონ, გორი ჩემთვის შორია.

კიდევ ერთხელ რომ გაიმეორა, მივხვდი, რას ამბობდა. ისეთი სიცილი ამიტყდა, არ დამავიწყდება მისი გაკვირვებული სახე. თანამშრომლობა მან ისე გაიგო, როგორც პოლიციაში სამსახურის დაწყება. თან ამ წინადადებაზეც თავს იკავებდა, ამასთან, საბუთებიც მოიტანა, დრო რომ არ დაეკარგა.

ლამაზი ქალის წონიანი სიტყვა

- არანაკლებ კურიოზული სიტუაციები მექმნება საპროცესო შეთანხმებების დროს. არ გეგონოთ, რომ იქ ნაკლები პრობლემაა. საერთოდ არ მიყვარს საპროცესო შეთანხმებაზე ლაპარაკი, რადგან ეს წმინდა წყლის ვაჭრობაა. მაგრამ ასეთი მოლაპარაკების დროს ხშირად გამმართლებია, რადგან ჩემდამი სიმპათიით განმსჭვალულა პროკურორი და ჩემს წინადადებას საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმებულა. ხშირად ეგონათ, რომ საქმის მოგვარებაში ძმები კუბლაშვილები მეხმარებოდნენ...

ახალგაზრდა ქალმა მომმართა. ამბობდა, რომ გააუპატიურეს და დამნაშავის დასჯა სურდა, თუმცა დაშინებული იყო გლდანი-ნაძალადევის მაშინდელი პოლიციის უფროსის მიერ. ქალმა საჩივარი ახალგაზრდა მამაკაცის წინააღმდეგ სწორედ იმ რაიონის პოლიციაში შეიტანა და მიუთითა, რომ გააუპატიურეს. ბრალდებული მამაკაცი გვარად ახალაია იყო, არ ვიცი, ბაჩო ახალაიასთან ნათესაური კავშირი ჰქონდა თუ არა, მაგრამ ფაქტია, პოლიცია ქალბატონს დაუპირისპირდა და საქმე ისე წარიმართა, რომ ქალს იჭერდნენ.

ყველაფერი ისე მოეწყო, რომ ქალი ფაქტს ვერ ამტკიცებდა, საქმიდან ძალადობის კვალი საერთოდ გააქრეს. ბრალდებული მამაკაცი ამბობდა, იმ ქალს დიდი ხანია, ვხვდები, პრობლემა არ ჰქონდა, უბრალოდ ახლა ჩემგან ფულის გამოძალვა უნდა და ამიტომ მიჩივლაო. ისიც გაირკვა, რომ იმ ქალს მართლა ჰქონდა ვალები და პოლიცია პირიქით, აშინებდა მას. პოლიციის უფროსი პირდაპირ დაემუქრა, ციხეში აღმოჩნდებიო. საქმეში ჩავერთე და ამ საკითხზე ერთ-ერთ პროკურორსა და მაღალჩინოსანს შევხვდი. იმ მაღალჩინოსანს არ ვიცნობდი, მითხრეს, ძალიან მკაცრიაო. ფაქტები რომ გავაცანი, მომიბრუნდა და მითხრა:

- რა ზღაპრებსაც მიყვები, თვითონ თუ გჯერა ამის? გჯერა, რომ ის ძალადობის მსხვერპლია? ქალი ფულის შოვნას ცდილობს, რადგანაც ბევრი ვალი აქვსო...დიდხანს ვიყავი მის კაბინეტში, საქმის დეტალებს ვიხილავდით. მაგრამ მას დავუსაბუთე, რომ ქალი კი არა, მამაკაცი ტყუოდა.

რამდენიმე დღის შემდეგ მიბარებენ და მეუბნებიან, რომ დანაშაული გაიხსნა და მამაკაცმა აღიარა ყველაფერი. სიმართლე თქვა, მაგრამ გვარმა მაინც უშველა, ციხეში არ გაუშვიათ, ქალბატონისთვის ზარალი აანაზღაურებინეს, მას ფული გადაუხადა და საქმეც ასე მოგვარდა.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ