სახალისო ეპიზოდები იურისტთა პრაქტიკიდან

სახალისო ეპიზოდები იურისტთა პრაქტიკიდან

დაბნეული ბადრაგი

ადამიანები მჭიდროდ არიან დაკავშირებული კანონთან და ადამიანებთან, დგანან უფლებების დაცვის სადარაჯოზე და მიუხედავად მძიმე საქმიანობისა, სახალისო თავგადასავლებსაც ვერ გაურბიან.

თამარ აბესაძე, ადვოკატი: - გამომძიებელმა დააკავა ახალგაზრდა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას "შავი ზღვის უნივერსიტეტი" გაქურდა, კერძოდ - კომპიუტერის მეხსიერება მოხსნა და წაიღო. ვიდეოთვალის მეშვეობით გაიხსნა საქმე, ახალგაზრდა დააკავეს და აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდეს. გამომძიებელმა მაჯაზე ბორკილით მიიბა ქურდი და მე-5 საპყრობილეში მიიყვანა. გამოვიდა მიმღები ბადრაგი. პატიმარი სუფთად გამოწყობილი და მოწესრიგებული იყო, გამომძიებელი კი, მისგან განსხვავებით - მოუვლელი, თან ყურში სიგარეტი ჰქონდა გარჭობილი. ამიტომ, ბადრაგმა გამომძიებელი პატიმრად მიიჩნია და იმერული კილოთი მიმართა:

- მეიძვრე ახლა, ბიჭო, მაგი პაპიროსი და შეეთრიე შიგნით!

ატყდა გაწევ-გამოწევა, ბადრაგი ეჭიდავება გამომძიებელს, რომელიც უძალიანდება. ისიც, იმას კი არ უხსნის, ვინ არის, უყვირის, რას აკეთებ, თუ იცი, რას მიბედავო... პატიმარი კი, რომელიც პროფესორს წააგავდა, გატრუნული იდგა და ხალისობდა... ახლა ის მიუტრიალდა ბადრაგს, რატომ ბედავთ ამდენსო და სულ დაიბნა ის საცოდავი. ძლივს გაარკვიეს, ვინ ვინ იყო.

"დამიბრუნეთ მარიხუანა!"

ერთ საქმეს იხილავდა მოსამართლე გოგინაშვილი. ამოღებული იყო ნივთმტკიცება - მარიხუანა. პროცესი დასრულდა და მოსამართლე ადვოკატს ეკითხება, - რა ვუყოთ ამოღებულ ნივთმტკიცებას, პატრონს დავუბრუნოთო? ახალბედა ადვოკატი ხუმრობამ დააბნია, მხრები აიჩეჩა, - რა ვიცი, თუ დაუბრუნებთ... უცებ პატიმარი აყვირდა ადგილიდან: "დამიბრუნეთ, დამიბრუნეთ ნივთმტკიცება!"

"კრიმინალი" უფლებადამცველი

გიორგი თევზაძე, ადამიანის უფლებადამცველი, ადვოკატი: - 1994 წელია. ამოვდივარ მეტროპოლიტენის სადგურ "თავისუფლების მოედნიდან", გამაჩერა პოლიციელმა და მითხრა, იქვე მდებარე პოლიციის განყოფილებაში შევსულიყავი. პოლიციის უფროსმა გამოაღო უჯრა, ამოიღო რაღაც მძივები, ჯინჯილები, ცელოფანში გახვეული ნივთიერება, დანა და მეუბნება, გინდა თუ არა, ეს ნივთები შენიაო. - როგორ მიმტკიცებ, რომ ჩემია, მოწმეები გყავს-მეთქი? - დიახ, გვყავს მოწმეებიო და მოიხმო მეტროპოლიტენის წინ მზესუმზირით მოვაჭრე ქალები. ჰკითხა, - ეს ნივთები ხომ ამ კაცისააო? - კი ბატონო, ამისიაო - დაეთანხმნენ ერთხმად "მოწმეები". პოლიციელი მეუბნება, რომ არ დაგაპატიმროთ, რამდენს გადაიხდიო. ვუთხარი, არაფერსაც არ გადავიხდი, ნივთები ჩემი არ არის-მეთქი. თანამშრომელს გადაულაპარაკა, მაშინ ოქმი გააფორმეო. მომთხოვეს საბუთები. იმხანად ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდის თავმჯდომარე გახლდით. როდესაც პოლიციელმა ჩემს საბუთს დახედა, უფროსს გადაულაპარაკა, შეხედე, ვინ ყოფილაო... უფროსს ჯერ გაეცინა, მერე ნერვიულად გადაიხარხარა, გამოაღო უჯრა და დაიწყო ნივთების ჩაყრა. შევიცხადე, - სად მიგაქვთ, ესენი ხომ ჩემია, დანა მაინც დამიტოვეთ-მეთქი - არა, როგორ გეკადრება, შენი კი არა, ჩემიაო. მაშინ ქალებს შევეკითხოთ-მეთქი. ქალებს­ ვეკითხები, ეს ნივთები ვისია-მეთქი. ერთხმად მპასუხობენ - შენია, შენიაო! პოლიციის უფროსმა ქალები ოთახიდან გაყარა და ყველაფერი სიცილ-ხარხარით და ხუმრობით ჩაამთავრა. სამწუხაროდ, იმხანად ასეთი მიდგომა იყო. კი მივმართე შესაბამის სტრუქტურებს, მაგრამ არაფერი გამოსწორებულა...

ქვეყნის გადამტრიალებელი

ზურაბ როსტიაშვილი, ადვოკატი: რამდენიმე პირს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ედებოდა ბრალი. ყველა მათგანს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. დარბაზში გლოვა და ვაი-ვიში ატყდა. ერთ-ერთი ახალგაზრდა მსჯავრდადებულის დედამ მოსამართლეს სთხოვა, ერთი სიტყვა მათქმევინეო. მოსამართლე დარბაზიდან გასასვლელად ემზადებოდა, მაგრამ ქალს უარი ვერ უთხრა და შეჩერდა. დარბაზი გულის ამაჩუყებელი სიტყვების მოსასმენად მოემზადა.

- ბატონო მოსამართლე, ჩემს შვილს ლოგინში გადატრიალება ეზარებოდა და ახლა ეგ ქვეყანას გადაატრიალებდაო? - ამ ერთი წინადადებით დაასაბუთა შვილის უდანაშაულობა. ხალხს წუთით ყველაფერი დაავიწყდა და დარბაზში ხარხარი ატყდა.

ალერგიული მოსამართლე

ირმა ჭკადუა, ადვოკატი: - გია გვიჩიანს ვიცავთ მე, მალხაზ ჯანგირაშვილი და გელა ნიკოლაიშვილი. მოსამზადებელი სხდომა 3-4 თვეს გაჭიანურდა. ათზე მეტი შუამდგომლობა გვქონდა და მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი ლამის გადაირია, შუამდგომლობები რომ აღარ გამოგველია. რომ ეგონა, ბოლოში ვიყავით გასული, ავდექი და მორიგი შუამდგომლობისთვის მოვემზადე. გამწარებულმა გიგიტაშვილმა იყვირა:

- ირმა ჭკადუა, ალერგია მაქვს შენზე!

მეც სრული სერიოზულობით შევთავაზე მოსამართლეს ანტიალერგიული საშუალებები, რისთვისაც დამაჯარიმა, დარბაზიდან გამაძევა და მალხაზ ჯანგირაშვილი და გელა ნიკოლაიშვილიც უკან მომაყოლა.

ტრანსვესტიტის დამცველი

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პოლიტიკოსი, იურისტი: - იმხანად ადვოკატთა კოლეგიის ვაკის ბიუროში ვმუშაობდი. ჩემთან მოვიდა კოლეგა და მითხრა, ახალგაზრდა ბრალდებულ მამაკაცს სასწრაფოდ სჭირდება ადვოკატიო. ეს ადამიანი ცნობილი იყო დაზარალებულად კონკრეტულ ფაქტზე, შემდეგ კი, შერეული ბრალიდან გამომდინარე, ბრალდებულად ცნეს. დავთანხმდი დაცვაზე და მასთან რომ მივედი, რას ვხედავ - ჩემ წინ დგას მაღალი, ქერათმიანი ქალბატონი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და მინი ქვედაკაბით. ცოტა მანერებმა კი გამაკვირვა... მისი ვინაობა რომ შევიტყვე, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა - ბრალდებული წარსულში მამაკაცი, ტრანსვესტიტი აღმოჩნდა... სრულად დავიცავი მისი უფლებები. სამართალდამცველების დაბნეულობა გამოიწვია იმან, თუ სად მოეთავსებინათ ეს ადამიანი - ქალთა თუ მამაკაცთა დაწესებულებაში. საბოლოოდ კი იზოლირებულ საკანში მოათავსეს და მშვიდობიანად მოიხადა სასჯელი.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ