საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებულ კანონს პლენარულ სხდომაზე კენჭი კანონის პრეზიდენტისეული ვარიანტის ჩაგდების შემდეგ უყარეს. ვეტოს დაძლევას მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი პარლამენტის 24 წევრი წავიდა.
როგორც კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განმარტა, გადაწყვეტილების მიუხედავად, კანონი ძალაში შესული ჯერ კიდევ არაა.
"დღეს მიღებული გადაწყვეტილება ვეტოს დაძლევის თაობაზე ისევ უნდა მიეწოდოს პრეზიდენტს და მან კანონზე ხელი 7 დღის განმავლობაში უნდა მოაწეროს. თუ ის გადაწყვეტს, რომ კვლავ არ მოაწეროს მას ხელს, მაშინ ამას უკვე პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებს. სწორედ იმ მომენტიდან იქნება კანონი მზად, რომ გამოქვეყნდეს და მას შემდეგ შეიძენს იურიდიულ ძალას", - განაცხადა უსუფაშვილმა და აქვე განმარტა, რომ თუ პრეზიდენტი უარს იტყვის, ის კანონს ხელს აუცილებლად მოაწერს.
"ამნისტიის შესახებ კანონის" მიღებით პარლამენტმა რიგგარეშე სესია დაასრულა.