სოფელ ჯანდარაში თავდამსხმელებმა 12 წლის ბავშვს ფეხზე თითი მოაჭრეს

სოფელ ჯანდარაში თავდამსხმელებმა 12 წლის ბავშვს ფეხზე თითი მოაჭრეს

წუხელ გვიან ღამით გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარაში მამედოვების ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ხუთი ნიღბიანი პირი ოჯახში გვიან ღამით შეიჭრა. სახლში ამ დროს ოჯახის უფროსი, მისი მეუღლე და 12 წლის ვაჟი იმყოფებოდნენ.

ოჯახიდან წაღებულია 16 ათასი ლარი, ასევე დიდი ოდენობით ოქროს სამკაულები. როგორც ოჯახის უფროსი აცხადებს, თავდამსხმელებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათ გაყიდეს ხარები და თანხას სახლში ინახავდნენ.

თავდამსხმელებმა ოჯახის ყველა წევრს სკოჩით აუკრეს ხელ-ფეხი და პირი, შემდეგ კი ოჯახის უფროსი და მისი მეუღლე უთოთი აწამეს, ხოლო 12 წლის ბავშვს კი ფეხზე ცერა თითი მოაჭრეს.

ოჯახის წევრების განცხადებით, როდესაც თავდამსხმელებმა მათი სახლი დატოვეს, ბავშვმა მოახერხა სახლის კართან მისვლა და მეზობლებს დაუძახა.

ბავშვის ყვირილის ხმა გაიგო თემურ მამედოვმა. როგორც იგი აცხადებს, ცოტაც რომ დაეგვიანა ოჯახის დიასახლისი გაიგუდებოდა, რადგან მას სკოჩით აკრული ჰქონდა მთელი სახე.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა უკვე მოახერხეს დანაშაულში ეჭვმიტანილი ოთხი პირის დაკავება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ