რა ტრადიციები შემორჩათ ლაზებს საუკუნეების შემდეგ

რა ტრადიციები შემორჩათ ლაზებს საუკუნეების შემდეგ

როგორ ხვდებიან ლაზები ახალ წელს, შობასა და ძველით ახალ წელს, "კუჩხას", რა ტრადიციები შემორჩათ საუკუნეების წინანდელი წინაპრებისგან, რას მოერია და რას ვერ მოერია დრო, რას ნიშნავს თურქეთის მიწაზე მცხოვრები ქართველებისთვის ეს დღესასწაულები? - ის კითხვებია, რაზეც პასუხი რწმენაშეცვლილ, მაგრამ ქართველობაშენარჩუნებულ ლაზებს აქვთ. ისინი ყველაზე დიდ მნიშვნელობას ძველით ახალ წელს, "კუჩხას" ანიჭებენ და ამას გარკვეული აზრი აქვს - ჩიჩილაკის თავზე გაკეთებული ხის ჯვარი უბრალოდ, მათ ეროვნულობას უსვამს ხაზს. მეკვლეობის დღე ყურძნის წვენში გაზავებული წყლის გარეშე არ შეიძლება, რაც პირდაპირ მიანიშნებს, რომ ქართველი კაცის გენში ჯვრისა და ვაზის სიყვარული რაღაც ფორმით მაინც ცოცხლობს.

ახალი წელი ყველა ქართველური ტომისათვის ოდითგანვე ძალზე მნიშვნელოვანი დღესასწაული იყო და ნაყოფიერების ღვთაებას უკავშირდებოდა. ბევრი რამ არ ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ აღნიშნავდნენ ქართველები ახალ წელს წარმართობის ხანაში, მაგრამ შესაძლოა, დაახლოებით მაინც აღვადგინოთ იმ დროის სურათები, თუ დავუკვირდებით იმ წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ჩვენს ხალხს უძველესი დროიდან შემოუნახავს. საქართველოს ერთ-ერთ უძველეს კუთხეში - ლაზეთში ახალ წელს იანვარში ზეიმობდნენ და ეს წესი მის რამდენიმე რაიონში არც იძულებითი გამუსლიმების შემდეგ აღმოფხვრილა.

ადგილობრივ ენაზე ახალ წელს "აღანი წანა" ეწოდება, იანვარს კი - "წანაღანი" ანუ ლაზები ძველად ქრისტიანობას აღიარებდნენ და ახალ წელსაც ამ დროს დაარქმევდნენ. სხვა შემთხვევაში ისინი "წანაღანს" მარტის თვეს უწოდებნდნენ (მუსლიმანები ახალ წელს მარტში დღესასწაულობენ).

აღსანიშნავია, რომ ეს წეს-ჩვეულებები წმინდა ქართული ფორმითაა შემონახული და ისლამის გავლენა მათ თითქმის არ შეხებია. ისინი ახალ წელსა და შობას - "ქრისტანა" ზოგჯერ ერთდროულადაც აღნიშნავდნენ, რადგან თურქები მათ ქრისტიანული დღესასწაულების აღნიშვნას უკრძალავდნენ.

თანდილ მელუ შამრა-ოღლი ლაზეთში შემონახული ძველი ტრადიციების შესახებ მოგვითხრობს. ამბობს, რომ მას წინაპრებმა საუკუნეების წინანდელი "აზნობის" (აზნაურობის) გვარი - მელუა შემოუნახეს. თანდილა საქართველოში საახალწლოდ ჩამოვიდა, რათა დღესასწაულს ქართველ მეგობრებთან ერთად შეხვდეს.

- ბებიაჩემის მამა მოლა იყო. მის გვარს ლაზეთში უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს, ამიტომ არ უნდოდა, ბებია ახალჩამოსახლებული ლაზისთვის მიეთხოვებინა, მაგრამ ბაბუაზე უგონოდ შეყვარებული ბებია შუაღამეს მის მოსატაცებლად ცხენით მოსულ ყაბალახიან "ყაძახს" (ლაზურად - "მამაკაცი") მაინც გაჰყვა. მამამისს ისე შეუძულებია შვილი, როგორც მკვდარს, ისე გლოვობდა, თურმე. მომაკვდავს მამაჩემი - მისი პირველი შვილიშვილი დაუბარებია და უთქვამს, - დედაშენს გადაეცი, წყევლას "ვხსნიო" - ანუ ურჩი ქალიშვილი დაწყევლილი ჰყოლია და წყევლა მხოლოდ სიკვდილის წინ "ახსნა".

- თანდილ, ახალი წლის ტრადიციებზე მოგვიყევით...

- საახალწლო სამზადისი ლაზურ ოჯახებში პირველ იანვრამდე რამდენიმე დღით ადრე იწყება: ქალები "ჯანჯუხაფებს", თქვენებურად - ჩურჩხელებს აკეთებენ, დამარილებულ ქაფშიას (ხამსას) და ე.წ. "ქაფჩონი ჭკიდეფეს" აცხობენ. ეს არის მჭადი, რომელსაც შიგთავსის სახით ჩადებული აქვს გადაზელილი მარილიანი თევზი ქაფშია, ლაზურად "ქაფჩა". როგორც ჩვენებური მოხუცები აღნიშნავენ, ასეთ მჭადს ჭამის დროს ყველის მიტანება არ სჭირდება და სამგზავროდაც გამოიყენება. ბებიაჩემი წინასაახალწლო სუფრისთვის "თერმონსაც" ამზადებდა, რომელსაც სიმინდის ფქვილის, თაფლისა და სურნელოვანი მცენარეებისგან აკეთებდა, ახლა კი თითქმის დავიწყებულია. "თერმონს" ხოფელი, არქაბელი, სარფელი და ათინელი ლაზები სხვადასხვანაირად აკეთებდნენ; ყველანაირი გემრიელი იყო. დედა აცხობს ლაზურ ხაჭაპურსაც, რომელიც აქ, ქართულ რესტორნებში მომზადებულისგან სრულიად განსხვავებულია. ჩვენებური ხაჭაპური უფრო მაღალია, ზემოდან გახეხილი ყველია მოყრილი და შიგთავსში, ყველთან ერთად, ათქვეფილი კვერცხი და ერბოც აქვს. საახალწლო სუფრაზე ასევე აუცილებლად უნდა იყოს "მჟაშ მოჟონომე" - ანუ არაჟანი და "კაიმაღი" ანუ ნაღები; აგრეთვე, ქათმის ან ბატის ხორცი და თაფლი, რაც ძველი წლის ტკბილად გაცილების სიმბოლოა.

- ვიცი, რომ ბოლო დროს ლაზურ სუფრას თურქული კერძები და ტკბილეული ამშვენებს...

- დიახ, ახლა უკვე წინასაახალწლო სუფრაზე აუცილებელია რახათლუჰუმი, ფლავი და ბრინჯისგან მომზადებული სხვადასხვა კერძი. ამასთან, დედა და ბებია ამზადებდნენ ძალიან ცხარე საწებელს - "ჯიკაპურპოლს". სასმელებიდან სუფრაზე მხოლოდ შერბეთი ანუ თაფლიანი წყალი უნდა ყოფილიყო. სანამ ლაზი ქალები საახალწლო სუფრის სამზადისში არიან, მამაკაცები, კონკრეტულად კი ოჯახის უფროსი, თხილის ან, ქუჩზუღას რომელიმე რბილი ჯიშის ხისგან ჩიჩილაკს თლის, რომელიც თხმელისა და სუროს ტოტებით ირთვება. მეზობელი თურქები ამ სამზადისს "გურჯულ" ბაირამობასაც უწოდებენ. ხის ჯვარზე კი ხილი, უმთავრესად - ვაშლი და მანდარინი მაგრდება. სხვები ბურბუშელაში ფულსაც ამაგრებდნენ - ბარაქის ნიშნად. ძველად ეს საახალწლო სიმბოლიკა ერთ მეტრამდე სიმაღლის იყო, ახლა მათი ზომები შემცირდა. ლაზეთის რამდენიმე სოფელში მას შინდისფრადაც კი ღებავდნენ, მაგრამ ამას რა დატვირთვა აქვს, არ ვიცი.

- ჩიჩილაკის ოჯახის უფროსის მიერ გამოთლას რა დატვირთვა აქვს?

- ეს ტრადიცია ადრე იყო - ახლა მისი გამოთლის უფლება ყველას აქვს, მაგრამ მაშინ, გადმოცემის მიხედვით, ჩიჩილაკი თავის "მაგიურ ძალას" - ავი სულებისგან სახლის დაცვის უნარს დაკარგავდა. ძველად თურქები ჩვენს წინაპარ ლაზებს ჩიჩილაკის გაკეთებას სასტიკად უკრძალავდნენ, - ვისაც მას უპოვიდნენ, სიკვდილით სჯიდნენ. ამის მიზეზი კი ჯვარი იყო, რომელსაც ლაზები ჩიჩილაკს წვერზე უკეთებდნენ.

- ჯვარი ახლა აღარ უკეთდება?

- კი, რამდენიმე სოფელში დღემდე შემორჩა. ხელმძღვანელობა ყველგან ვერ მოერია მას, მაგრამ ჩვენთვის უკვე აღარ აქვს ის დანიშნულება, რაც მართლმადიდებლური სამყაროსთვის. უბრალოდ, მშობლიურთან გვაკავშირებს და მხოლოდ ხვავისა და ბარაქის ნიშნად ვიყენებთ. როცა დედა პურს აცხობდა, ცომს ზედ ჯვრის გამოსახულებას უკეთებდა. ჩემს ბავშვობაში სახლის შესასვლელ კარზეც ჯვრები იყო გამოსახული, ავი თვალისგან იცავსო. მე - არა, მაგრამ მამაჩემს ახსოვს, ბებიაჩემი მარჯვენა მაჯაზე მომცრო ზომის, ხელით შეკერილ ტყავის ნივთს უკეთებდა, რაზეც ჯვარი იყო ამოქარგული... ბაბუაჩემის მამა ჩვენი სოფლის მოლა იყო, მაგრამ ჯვრის მიმართ რიდი და მოკრძალება მაინც იყო ჩვენს ოჯახში. ეს უფრო წარსულისადმი პატივისცემა იყო, ვიდრე რწმენა.

- მეკვლის ტრადიცია შემორჩენილია?

- რამდენიმე სოფელში - კი, მაგრამ იქ, სადაც თურქული მოსახლეობა ახლოს არის, მეკვლეობა აღარ ხდება... ადრე ახალი წლის ღამეს მეკვლე უმეტესად, ოჯახის უფროსი იყო. როდესაც საათი თორმეტჯერ ჩამოჰკრავდა, ის სხვებისთვის შეუმჩნევლად, გარეთ გავიდოდა, თან სურსათ-სანოვაგით სავსე კალათას და ჩიჩილაკს გაიტანდა, სახეზე ყაბალახს აიფარებდა და კარზე დააკაკუნებდა. "მინ ორერ?" ("ვინ ხარ?"), - შეეკითხებოდნენ თურმე შიგნით მყოფნი. "აღანი წანა თქვანი კაი იყვას, პოტე კაი ძირათ დო ხელება დო კაიობათე დოსქიდათ! ირიაშ ხვამ ყოფედას და ირიაშ ჯგირობუა" ("ახალი წელი თქვენთვის კარგი იყოს, სულ სიკეთე გენახოთ და სიხარულითა და სიკეთით იცხოვრეთ! სულ დალოცვილები იყავით და კარგად იყავით"), - პასუხობდა მეკვლე გარედან. მერე მას კარს გაუღებდნენ და სახლში შემოიყვანდნენ. მეკვლე ჩიჩილაკის დადგმამდე იკითხავდა: "ოხორმანჯე სორენ?" ("ოჯახის პატრონი, უფროსი კაცი სად არის?") ამ დროს მას ოჯახის უფროს ვაჟიშვილზე მიუთითებდნენ და ისიც ჩიჩილაკს მას გადასცემდა. თუ ოჯახში ვაჟი არ ჰყავდათ, მეკვლეს ასე ეტყოდნენ: "ოხორმანჯე ვარ მუხთიმუნ, ლაქინ კულანი ჰაქ მიონუნან" ("ოჯახის უფროსი არ მოსულა, ქალიშვილი კი აქ გვყავს"). მეკვლე ანუ იგივე ოჯახის უფროსი, ქალიშვილს დალოცავდა და ოჯახს ვაჟიშვილის გაჩენას უსურვებდა. შემდეგ მამაკაცები ზღვაში საბანაოდ მიდიოდნენ, რათა ახალი წლის შემობრძანებას სუფთად დახვედროდნენ. ეს ტრადიცია ახლაც არის, მაგრამ ახლა ქალებიც მიდიან, ოღონდ საბანაოდ ცალ-ცალკე ადგილს ირჩევენ. ძველი ტრადიციების შესახებ ბებიასგან ვიცი. ის ახალი წლის წინა დღეებში ფანდურზე ძალიან ტკბილ, ახალი წლის შესაგებებელ სიმღერებსა და "ოდაბადეშ ობირეშებს" ("სიმღერა სამშობლოზე") მღეროდა. ბევრი რამ ბავშვობიდან შემორჩა ჩემს მეხსიერებას და ბუნდოვნად მახსოვს, რადგან ჩემს ბავშვობაში ამ ტრადიციას ბებია-ბაბუა საგანგებოდ, ჩემთვის ასრულებდნენ... სამწუხაროდ, იმ ლაზებს, რომლებიც თურქეთში ან თურქებთან ახლოს ცხოვრობენ, ჩვენებური წეს-ჩვეულებების შესახებ არც კი სმენიათ. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდებს ეხებათ. თუმცა მათი ბრალიც არ არის: როდესაც გაიზრდებიან, სწავლასა და თვითრეალიზაციას დიდ ქალაქებში - ტრაპიზონში, სამსუნში, სტამბოლსა და ანტალიაში ცდილობენ.

- ვიცი, რომ ლაზები სხვა ეროვნების ადამიანთან ოჯახის შექმნას ერიდებიან. რატომ?

- მიზეზი ისევ და ისევ, განსხვავებული ტრადიციებია. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ხელმძღვანელობა საუკუნეების განმავლობაში გვებრძოდა, ტრადიციები ბოლომდე მაინც ვერ მოგვაშლევინა. ჩვენმა წინაპარმა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფაშის მმართველობას გაუძლო და თვითმყოფადობა შეინარჩუნა. ახლა კი უფროსი თაობა იმაზეც წუხს, რომ გლობალიზაციის პირობებში ისინი თანდათან აითქვიფებიან. არადა, მრავალეროვან თურქეთში ყველაზე დაფასებული - გურჯები და ლაზები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი, საქართველოდან თურქეთში სამუშაოდ გადმოსული ქართველი ისე იქცევა, რომ საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში გვაგდებს, მაგრამ რას ვიზამთ. ეს თქვენთვისაც არ არის ახალი და ამიტომ ნუღარ ვილაპარაკებთ მათზე.

- წინაპრები შორეულ წარსულზე თუ გიყვებოდნენ?

- დიახ. ამას თურქული ხელმძღვანელობა უკრძალავდათ, მაგრამ საქართველოს შესახებ ინფორმაციამ რაღაც დოზით მაინც მოაღწია ჩვენამდე. ერთადერთი, რაზეც საუბარს ერიდებოდნენ, ეს რელიგია იყო... შემდგომ, როდესაც დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოვყალიბდი, თავად მოვისურვე საქართველოს დათვალიერება. პირველი შთაბეჭდილება აქაურ ბუნებასთან მსგავსება იყო. ქართველები ძალიან ჰგვანან ლაზებს. ახლა ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში ვმუშაობ და ჩემი წინაპრების სამშობლოში საკმაოდ ხშირად ჩამოვდივარ, თუმცა ახალი წლის დღესასწაულს პირველად დავესრები.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"