ისრაელის ელჩს დაივინგი იტაცებს

ისრაელის ელჩს დაივინგი იტაცებს

ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი ცხრამეტი წელია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობს. საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელშიც ის ელჩის სტატუსით იმყოფება. უმაღლესი განათლება ისრაელსა და გერმანიაში ისტორიისა და ფილოსოფიის განხრით მიიღო. ეს პროფესია მოსწონდა და შეეძლო თავისი სპეციალობითაც ემუშავა, მაგრამ გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არაერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ცვლილება მოხდა, ძალაუნებურად პოლიტიკით დაინტერესდა და გაუჩნდა სურვილი, საკუთარი შესაძლებლობები ამ სფეროში გამოეცადა. იმ პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოცხადებულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა და, აუცილებელი პროცედურების შემდეგ, ამავე სამინისტროს თანამშრომელი გახდა. როგორც ამბობს, კმაყოფილია, რომ მისი ცხოვრება ასე წარიმართა და იქვე მიზეზსაც ხსნის: "მომხდარით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან აქ ყოფნით ვხედავ დიდ შანსებს, არა მხოლოდ ორი ქვეყნის - ისრაელისა და საქართველოს ურთიერთობებს დავეხმარო და გავაღრმავო, არამედ, უბრალოდ, ადამიანები დავაახლოოთ ერთმანეთს", - აღნიშნა საუბრისას ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმა.

-  1961 წელს ხაიფაში დავიბადე. ჩემი მშობლებიც ამავე ქალაქში დაიბადნენ. დედას წინაპრები, კერძოდ ექვსი თაობა, ისრაელში ცხოვრობდნენ. გალილეის მთებთან პატარა ქალაქი ცფათია და ისინი იქიდან იყვნენ. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. ვთამაშობდი ფეხბურთს. დღემდე ხაიფის გუნდის დიდი გულშემატკივარი ვარ. გატაცებული ვიყავი მუსიკით, თინეიჯერობის წლებში ვუსმენდი "პინქ ფლოიდს", "როლინგ სტოუნზს", ისრაელ მომღერლებს. სამი წლის განმავლობაში სამხედრო სამსახურში ვიყავი, მომდევნო ერთი წელი კიბუცში ვცხოვრობდი. უმაღლესი განათლება ჯერ იერუსალიმის უნივერსიტეტში, შემდეგ გერმანიაში მივიღე. მას შემდეგ ცხრამეტი წელიწადია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ვთანამშრომლობ. მამაჩემი ხაიფის თეატრში მუშაობდა, დედა ტექნიონის უნივერსიტეტში ასწავლიდა, მანამდე კი მუნიციპალიტეტში მუშაობდა. მამა თეატრის პროდიუსერი და მმართველი გახლდათ. ის იმ ადგილას თეატრის გახსნის დღიდან პენსიაში გასვლამდე მუშაობდა. ხაიფის თეატრი 1961 წელს გაიხსნა, მანამდე მამა ერთ-ერთი ფაბრიკა-ქარხნის დირექტორად მუშაობდა.

-  მამას სამსახურში ხშირად დაჰყავდით? ვგულისხმობ, თეატრში დიდ დროს თუ ატარებდით?

-  დიახ, თეატრში ძალიან დიდ დროს ვატარებდი.

-  იმ დროს არ გიფიქრიათ, მსახიობის ან რეჟისორის პროფესიას დაუფლებოდით?

-  არა, რადგან საკმაოდ მორცხვი ვიყავი (იღიმის). თეატრი ძალიან მიყვარდა, მომწონდა კულისებში ყოფნა, ვიცნობდი თეატრის პერსონალს, მხატვრებს, რეჟისორებს, მაგრამ ჩემთვის თეატრთან ყველაზე ახლო შეხება ის იყო, როცა გერმანულიდან ორი პიესა ვთარგმნე. მაშინ დაახლოებით 30 წლის ვიყავი. მახსოვს, ერთი ავსტრიელი, ხოლო მეორე გერმანელი დრამატურგი იყო.

-  უცხო ენები როდის შეი­ს­წავლეთ და რამდენ ენას ფლობთ?

-  სკოლაში ინგლისურს ვსწავლობდით. VII-VIII კლასში არაბულსაც ვსწავლობდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არაბულად კითხვა და ლაპარაკი არცთუ კარგად შემიძლია. უნივერსიტეტში ფრანგული და გერმანული ენები შევისწავლე. ჩეხეთში ყოფნისას მცირე დოზით ამ ენასაც დავეუფლე. საუბარი და წერა შემიძლია რუსულ ენაზეც. ეს ენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოსკოვში ყოფნისას შევისწავლე.

-  სამუშაო ოთახში ბურთს ინა­ხავთ. თქვით, რომ ფეხბურთითაც იყავით გატაცებული. რამდენ ხანს გასტანა და რატომ დასრულდა თქვენი ამ სპორტით დაინტერესება?

-  ბავშვობისას ჩემი ოცნება იყო, ფეხბურთელი გავმხდარიყავი. თუმცა ჩემს მშობლებს ეს არ სურდათ და, სამწუხაროდ, ფეხბურთელი ვერ გავხდი. სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი უნდა გავიხსენო, როდესაც საქართველოში დიპლომატიური მისიით ჩამოვედი, რამდენიმე დღეში საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს ხვდებოდნენ. ამ შანსს ხელიდან ნამდვილად არ გავუშვებდი და მატჩს დავესწარი. შესანიშნავი თამაში იყო. სამწუხაროდ, საქართველო ბოლო წუთებში დამარცხდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ მოწინააღმდეგეს ხვდებოდა, მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონ ნაკრებს, მაშინ ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ესპანელებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს.

-  თუ გახსოვთ, საქართველოზე პირველი ინფორმაცია როდის და რა თემაზე მოიპოვეთ?

-  ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ამ მომენტში მახსენდება რამდენიმე შემთხვევა, რომელიც საქართველოს უკავშირდება. პირველი ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება იყო 2011 წლის დასაწყისში, როდესაც პირველად ჩამოვედი საქართველოში. რამდენიმე ადამიანი თავისუფლების მოედნის ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროში ვიყავით გაჩერებული. თბილისის ქუჩებში რომ გამოვედით და დავათვალიერეთ, რამდენიმე ევროპული ქალაქი მომაგონა. მათ შორის - პრაღა და მაშინ ვიფიქრე, კარგი იქნება, თუ მომავალში ამ ქალაქში ჩემს ოჯახთან ერთად ცხოვრება და მუშაობა მომიწევს-მეთქი. ბედნიერი ვარ, რომ ეს სურვილი ამიხდა (იღიმის). რამდენიმე წლის წინ მოსკოვში ისრაელის საელჩოში ვმუშაობდი. შორიახლოს რამდენიმე ქართული რესტორანია და ერთ-ერთს, რასაკვირველია, "სულიკო" ჰქვია. რესტორნის ხშირი სტუმარი ვიყავი და იმ დროს გავიცანი ქართული სამზარეულო: ფხალი, ხინკალი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ხაჭაპური (იღიმის). კიდევ ერთი შეხვედრა ქართულ კულტურასთან იყო 2010 წელს, როდესაც საქართველოს პირველი ლედი, ქალბატონი სანდრა რულოვსი გახლდათ ისრაელში ჩამოსული. მქონდა პატივი, მისთვის ორი დღის განმავლობაში კომპანიონობა გამეწია და იმ დროსაც ძალიან ბევრი რამ შევიტყვე თქვენი ქვეყნის შესახებ. გამომგზავრებამდე ქალბატონმა სანდრამ ერთი ბოთლი ქართული ღვინო დამიტოვა. ქართული ღვინო მართლაც შესანიშნავია.

-  რამდენიმე ენას ფლობთ, ქართული ენის შესწავლაც ხომ არ გიცდიათ?

-  სამწუხაროდ, ამისთვის დრო არ მაქვს. რამდენიმე სიტყვა ვიცი: "გამარჯობა", "მადლობა" და ა.შ. იმედია მომავალში ამის საშუალება მომეცემა. ასევე შემიძლია ვთქვა: "მე მინდა ნაყინი".

-  ნაყინი გიყვართ?

-  დიახ, ძალიან, განსაკუთრებით ვანილის ნაყინი (იცინის).

-  ოჯახიც გაგვაცანით...

-  ჩემი მეუღლე სანდა კიშინიოვში დაიბადა. მისი ოჯახი ისრაელში იმ სხვა ადამიანებთან ერთად ჩამოვიდა, რომლებმაც ქვეყანა 1990-იან წლებში დატოვეს. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში საბჭოთა კავშირიდან ძალიან ბევრი ებრაელი მიემართებოდა ისრაელისკენ და სანდას ოჯახიც გამონაკლისი არ ყოფილა. ის ბევრი საქმით არის დაკავებული და ბევრი ინტერესი აქვს. დიზაინერია, არაჩვეულებრივი კულინარი და ამავდროულად ერთ-ერთ რუსულ გამოცემაში კულინარიის განყოფილებას უძღვებოდა. ის მოსკოვში დიზაინის სკოლა "დეტალის" დაარსებაშიც მონაწილეობდა, სადაც დიზაინთან ერთად კულინარიის შემსწავლელი მასტერ-კლასებიც არსებობს.

სამი შვილი გვყას - ერთი გოგონა და ორი ბიჭი. ერთი პრაღაშია დაბადებული, მეორე - ბერლინში და მესამე - იერუსალიმში. საქართველოში აგვისტოს ბოლოს ჩამოვედით. მოგვწონს საქართველო და როცა საშუალება გვეძლევა, სხვადასხვა კუთხის დასათვალიერებლად დავდივართ. ვნახეთ ყაზბეგი, ბათუმი და ბევრი სხვა, მაგრამ კიდევ უამრავი ადგილი გვაქვს დასათვალიერებელი.

-  სადღესასწაულო დღეებ­ის გატარებას როგორ აპირებთ? ახალ წელს საქართველოში იქნებით თუ ისრაელში?

-  საქართველოში ვრჩებით. ამ პერიოდში ბევრი სამუშაო გვექნება, მაგრამ იმედი მაქვს, მოვახერხებთ და სათხილამუროდ გასვლას შევძლებთ საქართველოს რომელიმე სამთო-სათხილამურო კურორტზე. ასევე ძალიან მიყვარს დაივინგიც და ზაფხულში შავ ზღვაში ცურვასა და ყვინთვას ვაპირებ (იღიმის).

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა