კახი კახიშვილი: "სააკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებამდე დაითხოვს მთავრობას"

კახი კახიშვილი: "სააკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებამდე დაითხოვს მთავრობას"

სამხედრო ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, მიხეილ სააკაშვილი სანგრებიდან ამოვიდა და შეტევისთვის პლაცდარმს იმზადებს. დასრულდა ის მცირეხნიანი პერიოდი, როდესაც პრეზიდენტს მხოლოდ უცხოური დელეგაციების ვიზიტისას თუ მოვკრავდით თვალს - სააკაშვილი ქვეყნის შიგნით აქტიურად ხვდება საზოგადოების წარმომადგენლებს. ამ შეხვედრებს, როგორც წესი, მონოლოგის ფორმა აქვს და მისი სამიზნე ბიძინა ივანიშვილის მთავრობაა. სააკაშვილის განცხადებები დღითი დღე მწვავდება. მოკლედ, სახელისუფლებო ცივი ომი ნელ-ნელა ცხელდება და ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ კონფლიქტის მომდევნო ფაზა სააკაშვილის მიერ მთავრობის დათხოვნა იქნება. თუმცა კონტრსვლა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების სახით ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა. ვნახოთ, რამდენად დღეგრძელი აღმოჩნდება ქართული კოჰაბიტაცია. მანამდე კი, თუ სპორტულ ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, ერთით ნოლს "ქართული ოცნება" იგებს. პარლამენტმა ამნისტიის კანონზე პრეზიდენტის ვეტო დასძლია, შესაბამისად, ამნისტია ნებისმიერ შემთხვევაში გამოცხადდება. - თუ სააკაშვილი კანონს ხელმეორედაც არ მოაწერს ხელს, ამ მისიას დავით უსუფაშვილი შეასრულებს. ექსპერტი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ ამნისტიის კანონის ხელმოწერა ნებისმიერ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწევს.

- მიხეილ სააკაშვილი ვერ მოაწერდა ხელს კანონს, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი ხელისუფლების დროს ქვეყანაში პოლიტპატიმრები და პოლიტდევნილები იყვნენ. სააკაშვილი არც ვეტოს დაძლევის შემდეგ მოაწერს ხელს კანონს და ამით ირიბად არ აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას. გარდა პოლიტიკური პატიმრებისა, სააკაშვილი აქცენტს აკეთებს პედოფილებსა და ჯაშუშებზე. მაგალითად, "წუხს", რომ თურმე ჯაშუშებს უშვებენ და გველეშაპთან მებრძოლ ახალგაზრდა დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. ამას, პირველ რიგში, დასავლეთის დასანახად ამბობს. სხვათა შორის, პრეზიდენტს წამოაძახეს, რომ თავად შეიწყალა მძიმე დანაშაულში მსჯავრდადებულები. ასე რომ, მას ამ თემაზე ლაპარაკის მორალური უფლება არ აქვს. საკამათო არ არის, რომ სამშობლოს მოღალატე და ჯაშუში ციხეში უნდა იყოს. ამაზე მსჯელობა მაშინ შეგვეძლება, როდესაც სამართლიანი სასამართლო გვექნება, თუმცა იმ ქვეყანაში, სადაც ფოტორეპორტიორების საქმე "შეკერეს", სასამართლოზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება.

- ბოლო პერიოდში ისევ "ძველი" მიხეილ სააკაშვილი ვიხილეთ. პრეზიდენტი ისევ შემტევი გახდა, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეხვედრაზე მართავს და ახალი მთავრობის მიმართ მწვავე განცხადებებს აკეთებს. როგორ ფიქრობთ, რაიმე საგარეო ან საშინაო ფაქტორი აღიქვა სააკაშვილმა იმის ნიშნად, რომ შეტევის დროა?

- გარკვეული ხნით პაუზის აღება, რომლის დროსაც ის თითქოს მშვიდი და კეთილგანწყობილი იყო, მისი პიარკამპანიის ნაწილია. სააკაშვილს სურდა დასავლეთისთვის ეჩვენებინა, თითქოს ის პროცესების დემოკრატიულად წარმართვას, მშვიდობიან თანაცხოვრებას ცდილობს, ახალი ხელისუფლება კი მხოლოდ რევანშით და დაპატიმრებებით არის დაკავებული. მას ცივილიზებული სახის შენარჩუნება სურდა, თუმცა ნერვებმა უმტყუნა, კოჰაბიტაციამაც თავისი თავი ამოწურა და ის დაუბრუნდა თავის სტილს - აგრესიას და მუქარას.

- ალბათ, მხოლოდ ნერვებთან არ გვაქვს საქმე. "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შეტევის დაწყებას ბევრი ექსპერტი პროგნოზირებდა, თუმცა ამას უფრო მოგვიანებით ელოდნენ.

- მართლაც, მხოლოდ ნერვებთან არ გვაქვს საქმე. სააკაშვილმა თავი ისევ ძლიერ პრეზიდენტად მიიჩნია. "ნაციონალებმა" არაერთხელ განაცხადეს, რომ აუცილებლად დაბრუნდებიან. როგორც ჩანს, სააკაშვილმა ეს ირწმუნა და დაბრუნდა აგრესიული რიტორიკით.

გარდა ამისა, პრეზიდენტის განცხადებები გათვლილია "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებზე. სააკაშვილი ცდილობს, დაარწმუნოს ისინი, რომ ყოფილი მმართველი გუნდი ხელისუფლებაში აუცილებლად დაბრუნდება და არ არის საჭირო სხვა პარტიაში ან ფრაქციაში გადასვლა. ჩემი აზრით, სააკაშვილის გეგმა იყო ძალიან მარტივი. არჩევნების შემდეგ მას ჰქონდა ორი გზა - განეცხადებინა, რომ "ქართულ ოცნებას" არ მოუგია არჩევნები და სპეცრაზმს გაეგრძელებინა საარჩევნო შედეგების შეჯამება, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა რევოლუციური პროცესები ან უნდა ეღიარებინა არჩევნების შედეგები, დრო მოეგო და დაფიქრებულიყო იმის შესახებ, როგორ გამოსულიყო ამ მდგომარეობიდან. სააკაშვილმა მეორე გზა აირჩია. მან აღიარა არჩევნების შედეგები, მოიგო საერთაშორისო ორგანიზაციების გული და პარალელურად გადავიდა საბოტაჟის რეჟიმში. სააკაშვილს ეგონა, რომ აპრილამდე ამ საბოტაჟით მაქსიმალურად შეუქმნიდა პრობლემებს ახალ ხელისუფლებას, პიარმანქანით კი მოსახლეობას დაარწმუნებდა "ქართული ოცნების" უსუსურობაში.

ამავე დროს მუშაობდნენ დასავლეთში, რათა ახალი ხელისუფლება პუტინისგან მართულ ძალად წარმოეჩინათ, რომელიც თურმე ახალგაზრდა დემოკრატიას ებრძვის. აპრილში ეს ყველაფერი მიაღწევდა პიკს და სააკაშვილი დაითხოვდა მთავრობას, მინისტრთა კაბინეტს საკუთარი გუნდის წევრებისგან დააკომპლექტებდა, დაიწყებოდა პოლიტიკური რეპრესიები და ასეთი ფონით მივაღწევდით საპრეზიდენტო არჩევნებამდე. თუმცა თუ ამ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გამარჯვების შანსი კვლავ დაბალი იქნებოდა, მოახდენდა პროვოცირებას, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა და გაეხანგრძლივებინა ხელისუფლებაში ყოფნა. სააკაშვილს მხოლოდ ხელისუფლების უზურპაციის შანსი აქვს, რადგან მინიმუმ ხუთწლიან პერსპექტივაში "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვა.

- თქვენი აზრით, სააკაშვილის ეს გეგმა ჩაშალა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივამ? პარლამენტში დარეგისტრირებული საკონსტიტუციო ცვლილებების არსი იმაში მდგომარეობს, რომ თუ პრეზიდენტი მთავრობას დაითხოვს და ახალ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტი არ დაუმტკიცებს, ამას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მოჰყვება?

- დიახ, ახალი ხელისუფლება ცდილობს ამის პრევენციას, თუმცა საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს, რადგან ინიცირება მიღებას არ ნიშნავს. ამ საკითხის დამტკიცებას თვე და 10 დღე მაინც სჭირდება. ამ პერიოდში როგორ მოიქცევა სააკაშვილი, არავინ იცის, რადგან ძალიან მარტივად შეუძლია, მთავრობა დაითხოვოს და კრიზისი გამოიწვიოს. სააკაშვილმა კარგად იცის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ მას არანაირი პერსპექტივა აღარ ექნება, რადგან რიგგარეშე არჩევნებზე "ნაციონალურ მოძრაობას" 5%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდება.

- ანუ თვე და 10 დღე გადამწყვეტი იქნება. თქვენი პროგნოზით, რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას პრეზიდენტმა ამ მცირე ხნის განმავლობაში?

- ჩემი ვარაუდით, სააკაშვილმა შესაძლოა, დაითხოვოს მთავრობა. საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ მას მთავრობის დათხოვნის სურვილიც აღარ ექნება, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მოჰყვება, რომელშიც "ნაციონალებს" პერსპექტივა არ აქვთ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა