ყველაზე მხიარული, დაბნეული, შეშინებული და სხარტი რესპონდენტები

ყველაზე მხიარული, დაბნეული, შეშინებული და სხარტი რესპონდენტები

"ერუდიტი" (როგორც ჩემი რესპონდენტები უწოდებენ, "გზის" ყველაზე "სანერვიულო" რუბრიკა) 6 წლისაა. ამ ხნის მანძილზე 300-მდე ცნობილი ადამიანი მყავს ჩაწერილი და წლის მიწურულს, უკვე მეექვსედ, შემაჯამებელ სტატიას ვამზადებ. ყველა მკითხველსა და რესპონდენტს დამდეგ ახალ წელს გილოცავთ! ალბათ გაინტერესებთ, ვინ გახდა 2012 წლის ერუდიტი? მეც ბევრს აღარ გავაგრძელებ და გასულ სტატიებს თქვენთან ერთად გადავავლებ თვალს. ამასთან, იმასაც გეტყვით, ვინ იყვნენ ყველაზე მხიარული, დაბნეული, შეშინებული და სხარტი რესპონდენტები.

რუბრიკის პირველი სტუმრები "შუა ქალაქში" ვიპოვე. თეკლასა და პეტოს როლების შემსრულებლები, ანი ქურთუბაძე და ნოდარ გურგენაშვილი შეხვედრაზე სიამოვნებით დამთანხმდნენ. სახალისო კითხვარი შევადგინე, სტუდიაში ვესტუმრე და მათ დაბნეულობაზე სამივემ ერთად ვიხალისეთ. დიდხანს იმსჯელეს, რა უფრო სწორია, რომ ვთქვათ 9+7 უდრის 15-ს თუ ტოლია 15-ის? ხოლო კითხვაზე:

- დაასახელეთ ერთმანეთზე მიყოლებული 5 დღე ისე, რომ არ გამოიყენოთ სიტყვები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი... - ნოდარმა ორიგინალური პასუხი მოიფიქრა: - 1-ლი სექტემბერი, 2 სექტემბერი, 3 სექტემბერი, 4 სექტემბერი, 5 სექტემბერი.

"კომედი შოუს" მსახიობმა თათია სულუაშვილმა (59%) მითხრა, რომ ყველაზე დიდი ინტერესით დეტექტივებს ეცნობა. მისი საოცნებო როლი დარეჯანია. მასში რაღაც საერთოს ვხედავდი, ბავშვობაში პუტკუნა და მასავით მსუნაგი ვიყავიო.

მსახიობი კახა ჯოხაძე (68%) შეხვედრაზე სიამოვნებით დამთანხმდა, მაგრამ შეკითხვამ - რა ერქვა ოთარაანთ ქვრივს? ძალიან დააბნია.

- მგონი, ნინო ერქვა, არა?

- ცდები.

- არ შემახსენო, თავად უნდა გითხრა.

- რამდენიც უნდა იფიქრო, ვერ გაიხსენებ, მას სახელი არ ჰქონდა.

- რას დამტანჯე, თავიდანვე ეგრე გეთქვა.

კახასთან ინტერვიუმ მხიარულად ჩაიარა. ამიტომ მას "ყველაზე მხიარულ" რესპონდენტად დავასახელებ.

რუბრიკის სტუმარი "კომედი შოუს" წევრი, ბექა ონიანი (52%) გახლდათ. ის პროფესიით ელექტროენერგეტიკული სისტემებისა და ქსელების სპეციალისტია. ყველა დასმულ კითხვაზე სწორი პასუხი თუ არა, საინტერესო ვერსია მაინც "იცოდა". ბექამ ისიც გამიმხილა, რომ ერთი უცნაური თვისებით გამოირჩევა - ტირილს ყოველთვის სიცილით იწყებს.

როცა მსახიობ ალეკო მახარობლიშვილს (65%) დავუკავშირდი და "ერუდიტისთვის" შეხვედრა ვთხოვე, მტკიცე უარი მითხრა. თუმცა, ამ რუბრიკაზე მუშაობის 6-წლიანმა გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა, მათ შორის - ურჩი რესპონდენტების დათანხმების მეთოდიც (რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს). ბევრს აღარ გავაგრძელებ და გეტყვით, მსახიობმა შინ მიმიპატიჟა. თან გამაფრთხილა, მე-15 სართულზე ვცხოვრობ, არ შეშინდე, ლიფტი მუშაობსო. მის საცხოვრებელ კორპუსთან დათქმულ დროს მივედი, მაგრამ ინტერვიუზე 10 წუთი მაინც დამაგვიანდა. ლიფტი არ მუშაობდა და...

- ფეხით ამოხვედი? - დაღლილობა შემამჩნია ბატონმა ალეკომ, შეწუხდა. - შენთვის გეუბნებოდი, არ გინდა, ნუ მოხვალ-მეთქი, არ დაიშალე და აი, მე ნურაფერს დამაბრალებო.

კინომსახიობთა თეატრის ხელმძღვანელმა, ზურა გეწაძემ (74%) კი თავი კარგი მეხსიერებით მოიწონა. მითხრა, რომ წაკითხული წიგნი, მოყოლილი ამბავი იოლად ამახსოვრდება. მხოლოდ ადამიანის სახეების დამახსოვრება უჭირს. ყველაზე ხშირად პიესებს კითხულობს. წიგნის ქურდობის ამბავიც აღიარა, მაგრამ იმ ადამიანის ვინაობა არ გაამხილა, ვისაც მოჰპარა.

რუბრიკის შემდეგი სტუმარი "ნიკოლშოუს" წევრი, გია ნიკოლაძე გახლდათ. ის ჩემმა კითხვარმა კარგ ხასიათზე დააყენა.

- ვაა! ეს რა კითხვები "გაჩითე", ბევრია?

მან დასმული კითხვებიდან სწორად 65%-ს უპასუხა, დანარჩენი "გაუტყდა".

მუსიკოსმა ბაკურ ბურდულმა (63%) კი მითხრა, რომ წიგნის კითხვის დროს არაერთხელ უტირია: "ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ამის გამხელის არ მრცხვენია. რაც უფრო ემოციური ხარ, მით მეტად ადამიანი ხარ. საბედნიეროდ, შექმნილა და იმედია, მომავალშიც შეიქმნება ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც მკითხველში ასეთივე განცდებს გამოიწვევს.

მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი (43%) შეხვედრაზე ისე დამთანხმდა, არც უკითხავს, რა თემაზე უნდა გვესაუბრა. როგორც კი რუბრიკის დასახელება გაიგო, თავში ხელი შემოირტყა, ბევრს ეცადა, მაგრამ თავიდან ვერაფრით მომიშორა. განსაკუთრებით ლუდის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის არცოდნამ "გაანერვიულა":

- კარგი, რა, კარგი, რა, ეს უსამართლობაა. მე რომ ლუდზე რამეს ვერ გიპასუხებ, შეიძლება? ძალიან მიყვარს.

- რა იყიდება მსოფლიოში ცნობილ "სოთბისა" და "კრისტის" აუქციონებზე?

- (დედას ეძახის) დედაა!!! გააცილე, რა, ჟურნალისტი (იცინის)... სულ ეგეთები უნდა მკითხო? ზუზუს "ყველაზე დაბნეულ" რესპონდენტად დავასახელებ.

"ბავშვობიდან დღემდე დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებები მაინტერესებს. კითხვის დროს თავადაც წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი ვხდები", - მითხრა მსახიობმა ლევან ჯიბღაშვილმა (72%). მისი საყვარელი ავტორი არტურ კონან დოილია. წიგნი, რომელმაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა - "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი". დიდხანს მიმტკიცა, რომ 29 რიცხვი მხოლოდ თებერვალშია და - არც ერთ სხვა თვეში.

მისივე სიტყვებით რომ ვთქვა, "სანერვიულო რუბრიკის" შემდეგი სტუმარი - მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი (77%) გახლავთ. პირველი წიგნი, რომელიც დამოუკიდებლად წაიკითხა, "ბიძია თომას ქოხი" იყო. როგორც ჩანს, დიდად არ აღფრთოვანებულა, გახსენებისას ამოიხვნეშა: "ვაი, იმ წაკითხვას!" სამაგიეროდ, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა დოსტოევსკის "იდიოტმა". ამბობს, რომ როგოჟინს ჰგავს, მასავით ვნებიანია და უსაზღვრო სიყვარული შეუძლია".

რუბრიკაში პროფესიით ფიზიკოსი სტუმარი არასდროს მყოლია, პირველი - გოგა ვეშაპიძე (62%) გახლდათ - "შუა ქალაქის" ცნობილი პროფესორი. პირველი, რაც მისი გაცნობისას თვალში გხვდება, ის არის, რომ ძალიან ჰგავს გმირს, რომელსაც სერიალში თამაშობს. პროფესორივით დინჯი და მშვიდია.

მსახიობმა ლაშა ჯუხარაშვილმა (62%) ინტერვიუს დასაწყისშივე მითხრა, რომ "მისამართი" შემეშალა. ის ამ რუბრიკისთვის შესაფერისი რესპონდენტი არ არის. წიგნებთან წლების წინ "მეგობრობდა", ბოლო დროს - ნაკლებად.

- რისი შიშია გამოფობია?

- არ გამიგია.

- ქორწინების შიშია.

- აი, ეგ შიში კი მაქვს (იცინის). განა მართლა, ვხუმრობ. ახლა ვატყობ, თანდათან შენ მიმართ შიშის გრძნობა მიჩნდება. ეს რა საშინელ კითხვებს მისვამ. ჟურნალისტების შიშს რა ჰქვია, უნდა გავიკითხო.

- გაიკითხე და გამაგებინე.

- რას ამბობ, არ დამირეკო, აღარ შეგხვდები.

ლაშა ჯუხარაშვილს "ყველაზე შეშინებული" რესპონდენტის ტიტულს მივანიჭებ.

პირველი წიგნი, რომელმაც მსახიობი ანი ტყებუჩავა (65%) "გადარია", "დიდოსტატის მარჯვენა" იყო. კონსტანტინე გამსახურდია ის ავტორია, რომელიც დღემდე გამორჩეულად უყვარს. მისი ფრაზები ზეპირად იცის. "წიგნში თუ ჩავიძირე, ყველგან თან დამაქვს, ტრანსპორტსა და ქუჩაშიც ვკითხულობ".

პროდიუსერ გიორგი ხაბურზანიას (70%) კი მხატვრულზე მეტად სამეცნიერო ჟანრის ლიტერატურა იტაცებს. ამ ინტერვიუდან ყველაზე მეტად დამამახსოვრდა კამათი იმის შესახებ, თუ რისი ექიმია თერაპევტი? - ზოგადი პროფილის ექიმია, პირველად თერაპევტთან მიდიხარ. ახლა ოჯახის ექიმსაც უწოდებენ.

- შინაგან სნეულებათა ექიმია.

- სადავო საკითხია, ადამიანი ხელს რომ მოიტეხს, თერაპევტთან არ მიდის?

შემდეგი რესპონდენტი კოალიცია "დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" გამგეობის წევრი, რატი იონათამიშვილი გახლდათ (79%). მოგეხსენებათ, ის 2 პოეტური კრებულის ავტორია. წერის განწყობას ამბოხის შეგრძნება უქმნის. აცხადებს, რომ "ქვეყნად ყველაფერი ღირებული ამბოხისა და სიყვარულის შედეგადაა "დაბადებული". აქტიური ცხოვრება მისი სტიქიაა.

ბიოლოგ-ბოტანიკოს ზურა შევარდნაძეს (59%) ინტერვიუს ჩასაწერად ფერად გარდენიაში ვესტუმრე. 5 წლის იყო, როცა გაუჩნდა სურვილი, ის ეკეთებინა, რასაც ბიძამისი - ნიკო აკეთებდა. მაშინ ამ პროფესიის სახელიც კი არ იცოდა. როცა წამოიზარდა, კარგად გაერკვა, თბილისში ჩამოვიდა და ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. ბავშვობის სურვილი აისრულა, თბილისის გარეუბანში ოცნების ბაღი გააშენა, სადაც 4200 მცენარესთან ერთად, თავადაც ხარობს. მასავით ბედნიერი ადამიანი იშვიათად შემხვედრია.

ჩემი შემდეგი რესპონდენტი ნატიონალ გეოგრაპჰიც ქართული გამოცემის მთავარი რედაქტორი ბიოლოგი ლევან ბუთხუზი (82%) გახლავთ. ის ყოველთვის საინტერესო მოსაუბრეა. ამბობს, რომ გრძნეული და მაცდური კლეოპატრას "გელფრენდი" იქნებოდა, მაგრამ მუდმივ პარტნიორად მის მსგავს ქალს არ ისურვებდა. ლევანთან ინტერვიუ იმაზე 2-ჯერ მოკლე დროში ჩავწერე, ვიდრე სხვა რესპონდენტებთან მჭირდება. ამიტომ მას ყველაზე "სხარტ რესპონდენტად" დავასახელებ.

დიზაინერი თეა ლომიძე (82%) პროფესიით ქიმიკოსია, მაგრამ სპეციალობით ერთი დღეც არ უმუშავია. ბავშვობაში ექიმობაზე ოცნებობდა. წლების მანძილზე გულდასმით ეცნობოდა სამედიცინო ლიტერატურას. მართალია, ექიმი ვერ გახდა, მაგრამ წაკითხული ცხოვრებაში გამოადგა. რუბრიკის სტუმარი გახლდათ პარლამენტის წევრი ელისო ჩაფიძე (70%). ის პოლიტიკოსთა ავტობიოგრაფიებითაა დაინტერესებული. მისი ფავორიტი ვაცლავ ჰაველია.

საუკეთესო რესპონდენტი იყო რეჟისორი გოგა ხაინდრავა (83%). არადა, როცა დავურეკე და "ერუდიტში" სტუმრობა ვთხოვე, მიპასუხა, - რომელი ერუდიტი მე მნახეთო?! სანამ გააცნობიერებდა, წიგნი რას ნიშნავდა, სათამაშო ნივთად აღიქვამდა, მერე კითხვა ისწავლა და...

- ფამუქმა გამაოცა. ბოლო წლებში ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა ფამუქმა მოახდინა. სიტყვის დიდოსტატია. ის ძალიან გულწრფელად წერს, - ამბობს გოგა ხაინდრავა.

"რამდენიმე დღეა, განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობა დავიკავე და დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო, წიგნებს ცოტათი დავშორდი. საკუთარ თავთან მარტო დარჩენის დროც კი აღარ მაქვს. იმედია ყველაფერი მალე დალაგდება და ლიტერატურის წასაკითხი დროც მექნება", - მითხრა დავით ზურაბიშვილმა (76%). ინტერვიუს დასაწყისში გამაფრთხილა, ძალიან ცოტა დრო გვაქვსო, მაგრამ კითხვებმა ისე გაიტაცა, "კუთვნილი" წუთების "გაორმაგება" არც კი გაუპროტესტებია.

მომღერალმა რატი დურგლიშვილმა (57%) კი მითხრა, რომ აკრძალულ ხილს გემოს არ უსინჯავს. ნაწარმოებისგან, მუსიკისგან, მხატვრობისგან თუ სიამოვნება არ მიიღო, ძალდატანებით ვერც წაიკითხავს, ვერც მოუსმენს და ვერც დაათვალიერებს.

პაროდიის თეატრის მსახიობი მერაბ გეგეჭკორი (62%) დუმბაძის ზურიკელას ბიოგრაფიასა და საკუთარ წარსულში ბევრ მსგავსებას ხედავს. ბავშვობიდან გამორჩეულად უყვარს პოეზია. ზეპირად ბევრი ლექსი იცის, მაგრამ ქალი ლექსით არასდროს "შეუბამს".

"მთელი ჩემი ცხოვრება წიგნებს ვკითხულობ, სათვალის ტარებაც ნაადრევად ამიტომ დამჭირდა. არ არსებობს, დღე ისე გავიდეს, რამე არ წავიკითხო", - მითხრა პარლამენტარმა გია ცაგარეიშვილმა. დიდი ხანია, ეს სიტყვები რესპონდენტებისგან აღარ მომისმენია. მან დასმული კითხვების 86%-ს უპასუხა და ამ შედეგით "2012 წლის ერუდიტი" გახდა.

ვულოცავთ ბატონ გიას ამ წარმატებას და "პალიტრამედიის" სახელით, საჩუქრად "საქართველოს ისტორია", ოთხტომეული გადავეცით.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"