მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

გაორებული გრძნობა

საქართველოს ახალმა პარლამენტმა ბოლო გადაწყვეტილებებით ორჭოფული გრძნობა დამიტოვა. ერთი მხრივ, გამიხარდა, რომ ბოლო წლებში პირველად შეეწინააღმდეგა პარლამენტი პრეზიდენტს და მისი ვეტო დასძლია. მეტიც, შეეწინააღმდეგა თავისსავე არჩეულ შს მინისტრს, რომელიც ამნისტიის ასეთი ფორმით განხორციელებას არ ეთანხმებოდა. ბოლო წლებში დავეჩვიეთ, რომ პარლამენტი ფაქტობრივად პრეზიდენტის და მთავრობის მონა იყო. ახალი ხელისუფლება ამტკიცებს, გუნდის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა მხოლოდ დემოკრატიული პროცესიაო, თუმცა მეორე მხარეა - მიღებული გადაწვეტილება. პირადად მე ამნისტიის ასეთი სახით გამოცხადება ბევრ კითხვას მიჩენს. აქ არ არის ლაპარაკი პედოფილების გათავისუფლებაზე, როგორც მიშა ამბობს. მძიმე დანაშაულში ბრალდებულებისთვის სასჯელის შემცირების წინააღმდეგი ვარ. ასევე წინააღმდეგი ვარ ჯაშუშობასა და ქვეყნის ღალატში ბრალდებულთა ხელაღებით გამოშვებისა. შეესწავლათ ასეთი პატიმრების საქმე და თუ ვინმე უდანაშაულო იყო, ის გამოეშვათ, თორემ ყველას გათავისუფლება ამგვარი დანაშაულის წახალისებას ნიშნავს. ვშიშობ, პოლიტპატიმრების ეს სია ახალი ხელისუფლების ისტორიაში პირველი შავი ლაქა არ აღმოჩნდეს.

P.S. რადგან პრეზიდენტის ვეტოს გადალახვა ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, გთავაზობთ: "ქართულ ოცნებას" ამის შემდეგ ეწოდოს პოლიტიკური გაერთიანება "მძლეველი".

საით მიექანება მიშა?

მითქვამს და გავიმეორებ, რადგან დღითი დღე უფრო ვრწმუნდები, რომ ეს ასეა: სააკაშვილმა 1-ლი ოქტომბრის არჩევნებზე მიღებული მწარე გაკვეთილით ვერაფერი ისწავლა და ვერაფერს მიხვდა. ამას რამდენიმე კვირაა, ყოველდღე თავისი საქციელით ამტკიცებს. ის კი არა, დღითი დღე ვრწმუნდები, რომ მას პოლიტიკური მომავალი არ აქვს. აქამდე კიდევ ვფიქრობდი, რომ თუ სწორად გათვლიდა ნაბიჯებს, რამდენიმე წლის მერე შეეძლო ისევ მხარდაჭერის მოპოვება, მაგრამ დღეს ისეთი კურსი აირჩია, რომ ამის შანსს ვეღარ ვხედავ. მან აირჩია აგრესიული თავდაცვა, რომელიც თავდასხმაში გამოიხატება. მას არ შეუძლია, გაიგოს და რეალურად აღიქვას, რა განწყობაა დღეს მოსახლეობაში. ბოლო გამოკვლევების შედეგებიც კი მას ვერაფერს აგებინებს. დაუჟინია, წაგების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ხალხს კიდევ უკეთესი მთავრობა უნდოდაო.

ანუ ის კარგი იყო, მაგრამ ხალხს უკეთესის სურვილი გაუჩნდა. ეს რომ მართლაც ასე ყოფილიყო, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა, მაგრამ ხალხმა ამ არჩევნებზე ხმა მისი და "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ უფრო მისცა, ვიდრე "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. თუმცა მას ეს ან არ ესმის, ან დაჯერება არ უნდა, ან ესმის, მაგრამ თავს იტყუებს. იგი ისევ ფიქრობს, რომ მხოლოდ მოწინააღმდეგის გაშავებით, მასზე ტყუილების თქმით დაიბრუნებს მხარდაჭერას. ჰგონია, რაც უფრო ხმამაღლა იყვირებს, უფრო დამაჯერებელი იქნება და ვერ ხვდება, რომ ამით ხალხის უკურეაქციას იწვევეს. იმის მაგივრად, რომ ისე მოქცეულიყო, ხალხს ეთქვა, - რას ერჩი, მიხვდა შეცდომებს, რაღაცები შეუგნია და იქნებ უკეთესიც გახდესო, ცდილობს, ხალხს ისევ ძველი მიშა გაახსენოს. ვარშალომიძე რომ დაკითხვაზე დაიბარეს, გამოვიდა და - როგორ შეიძლება ამ კაცის დაკითხვაზე დაბარება, ბათუმისთვის უამრავი რამ გააკეთაო. თუ ამდენი კარგი რამ გააკეთე, აბა, ბათუმი მურმან დუმბაძემ როგორ მოიგო? თუ ბათუმელები ფიქრობენ, რომ რაც გაკეთდა, მათთვის კარგი იყო, "ნაციონალურ მოძრაობას" ასეთი დიდი "არა" რატომ უთხრეს? მეჩვენება, რომ ამაზე ან არ ფიქრობენ, ან თავს იტყუებენ. ვფიქრობ, სააკაშვილი ასეთი საქციელით პოლიტიკურ სამარეს ითხრის და თუ ასე გააგრძელა, თან თანაპარტიელებიც ამ საქმეში გვერდით დაუდგებიან, თან წაიყოლებს "ნაციონალურ მოძრაობას".

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"