2012 წლის 25 დეკემბერს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია II-ს აღსაყდრებიდან 35 წელი შეუსრულდა, 2013 წლის 4 იანვარს კი - დაბადებიდან 80 წელი. "კვირის პალიტრა" ულოცავს უწმინდესს და მზეგრძელობას უსურვებს ერის საიმედოდ.
პატრიარქის ინტრონიზაციის 35 წლისთავის აღსანიშნავად ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდა, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში საიუბილეო კონცერტი გაიმართა. 25 დეკემბერსვე უწმინდესი და უნეტარესი მცხეთაში ჩაბრძანდა. პატრიარქმა წირვის შემდეგ მრევლს მიმართა: "საქართველოს დაღუპვა არ უწერია. საქართველო გაბრწყინდება, ის არის ყოვლადწმინდა ღვთისშობლის წილხვედრი. ყოვლადწმინდა ღვთისშობელმა გადააფაროს კალთა საქართველოს და ვერავითარი მტერი ვერ დაამარცხებს მას".
ურთულეს დროს, ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე, როცა საცდური ყოველწამიერად მრავლდება და "შინაურდება", როცა ღირებულებები თავდაყირა დგას, ჩვენ გვაქვს კუნძული, საითაც უნდა გავცუროთ
გადასარჩენად და ამ კუნძულზე შუქურად ანთია ჩვენი სულიერი მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.
35 წელია ფხიზლად და დაუღალავად დასტრიალებს თავს სამწყსოს. ლოცულობს ჩვენთვის, ჩვენი მომავლისთვის, წინაპრებისთვის - მეფეებისთვის, ეროვნული მოღვაწეებისთვის, მათთვისაც, ვინც თითოეული ჩვენგანის უშუალო წინაპარი იყო და ვისი სახელები აღარც კი ვიცით...
ჩვენ, ყველანი, ერთად, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს ვაშენებთ ყოველთვიური 1 ლარის შეწირვის გზით... ჩვენი სულიერი მწყემსი აქაც გვერდით გვიდგას და მისი შესაწირის მეოხებით ეს დიდებული ტაძარი ქართველი მეფეების, კათოლიკოს-პატრიარქების და იმ ქართველების აშენებულიც იქნება, სააქაოს რომ დაუცოტავდათ მახსენებელი...
დიდი მლოცველია ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი! მისი ლოცვა შეგვეწევა და გვამხნევებს, მისი სიყვარული თავშესაფრად გვყოფნის ულმობელ დაპირისპირებათა ეპოქაში მიუსაფრად ქცეულებს.
ძალიან ხშირად, როგორც ურჩი შვილები, ბევრს ვივიწყებთ, "ვცელქობთ", პატრიარქის კურთხევასაც კი ყურად არ ვიღებთ ხოლმე გაკადნიერებულები. ის კი ისევ სიყვარულით გვეძახის და გვხვდება, უკვე მერამდენედ გვიკრავს გულში ძე შეცდომილებს.
არავის გაჰკვირვებია პატრიარქის სულისშემძვრელი მეოთხე საგალობელი: "დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო"...
დავღალეთ მამა - მზრუნველი და მოსიყვარულე... ის, ვინც უფლის წყალობად უნდა მივითვალოთ. მის განსაკუთრებულ ღვაწლს დიდად აფასებენ მსოფლიოში. ამას მოწმობს მსოფლიო საპატრიარქოს, იერუსალიმის, ალექსანდრიის საპატრიარქოების, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთის და თითქმის ყველა მართლმადიდებლური ქვეყნის ჯილდოები. ნიუ-იორკის და კრეტის მეცნიერებათა აკადემიამ მას ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიანიჭა. უწმინდესი და უნეტარესი არჩეულია ინფორმატიზაციის აკადემიის წევრად, მინიჭებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილისა და სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო უნივერსიტეტების საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდებები. მისი ღვაწლი, ხილული და უხილავიც, ერთ მთლიანობად იკვრება და "ჩვენი სიცოცხლე" ჰქვია.
"მზიანი ღამე", - ასე შეაფასა სრულიად უწმინდესმა და უნეტარესმა ერთხელ თავისი განვლილი ცხოვრება. იყო ბევრი სირთულე, მაგრამ მზეც ანათებდაო... იმ ყველა სირთულეში ცხადია, ჩვენ ვერიეთ - ერი, რომლის სამშვიდობოს გაყვანის პასუხისმგებლობა მძიმე ტვირთად აწევს... და ის მზეც არ იქნებოდა ქართველი ერის გარეშე - ხალხისა, რომლის სიყვარულმაც ალბათ ბევრი ტკივილი გადაატანინა... უფლის წყალობით, ცხადია...
უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები და წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი, დაარსდა გაზეთები. მისი თაოსნობით საპატრიარქოსთან შეიქმნა ხუროთმოძღვრების ცენტრი, ხალხური რეწვის და მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, საგამომცემლო და სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრი, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილება, ასევე საგარეო და საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება, საინფორმაციო სამსახური, ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ცენტრი "ძლევაი" ჰუმანიტარული სამსახური, მომლოცველობის სამსახური...
მუხლჩაუხრელ შრომაში ჩაფლულს ერთი წუთით არ დაუკარგავს ის სიწრფელე და სიალალე, რაც ადამიანებთან ურთიერთობაში ბავშვებს ახასიათებთ. ეს მაშინ, როცა მეცნიერს მეცნიერებაზე შეუძლია ელაპარაკოს, ხელოვანს - ხელოვნებაზე, ურთულეს ინტელექტუალურ ლაბირინთშიც კი მოძებნოს გზა და თითოეულს ისე დაელაპარაკოს, როგორც მას უკეთ ესმის. ამიტომაც მისი ბავშვური სიწმინდის იქით ყოველთვის იგრძნობა სიბრძნე... სახარებაშიც წერია: "ვინც არ იქნება ბავშვივით, ის ვერ შევა ცათა სასუფეველში". ეს სწორედ ის თვისებაა, რომელიც ხშირად უადვილებთ ღმერთთან სიახლოვეს და გახსნილი გულით იღებენ ყველაფერს, რაც სახარებაში წერია (ზურაბ ცხოვრებაძე). ეს თვისებები მის ქადაგებაშიც იგრძნობა, მის დაწერილ ხატებშიც, მის საგალობლებშიც. იგრძნობა მაშინაც, როცა უკრავს ან მუსიკას უსმენს. მისეული მუსიკის აღქმა და განცდა გამოცდილ მუსიკოსებსაც კი აღაფრთოვანებს.
პატრიარქის საგალობლები ნებისმიერი ქვეყნის ჰიმნოგრაფიას დაამშვენებდა.
2003 წლის 13 თებერვალს მისი ნაწარმოებები ლატვიაში მოისმინეს. გაოცებული დარჩნენ, - ეს ქართველების სულიერმა მამამ შექმნაო? ყველა აღაფრთოვანა ამ საგალობლებმა. დარბაზი მდუმარედ იდგა ფეხზე. ეს კონცერტი ევროვიზიით გადაიცემოდა 15 ქვეყანაში, 19 ქვეყანაში - რადიოთი. ლატვიელებს თვალზე ცრემლი მოადგათ... გაითვალისწინეთ, ისინი სამხრეთელები არ არიან და ძალიან კარგად მართავენ საკუთარ ემოციებს...
უსასრულოდ შეიძლება ჩვენი პატრიარქის ჰიმნოგრაფიაზე ვისაუბროთ, ისე როგორც მისი ხატწერის ნიმუშები გვაძლევს ღრმა გააზრების საფუძველს.
ხატწერამდე იყო ყმაწვილობაში დახატული მცხეთის ჯვრის მონასტერი, მშობლების პორტრეტი... ფიროსმანისეული უშუალობა და გულწრფელობა იგრძნობა მის ფუნჯში, რომელიც შემდეგ უკვე კანონიკური ხატების წერისას ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ სიღრმეებსაც ჩასწვდა და სარწმუნოებრივი სიმაღლეც გადმოსცა.
"გვახსოვდეს, რომ ადამიანის ცხოვრება უნდა წარმოადგენდეს სულიერ ჯვარს, რომლის ვერტიკალური ძელი ღვთისკენ სწრაფვაა, ხოლო ჰორიზონტალური - სწრაფვა ადამიანებისკენ. ეს არის ყოველი ადამიანის ცხოვრების მიზანი" (ილია II, საკვირაო ქადაგებიდან, 2007 წ).
ამას გვასწავლიდა და გვასწავლის... ჩვენ კი, დაბნეულებს, ძალიან გვიჭირს ამ ჯვრის აღმართვა და ზიდვა...
ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი რევაზ სიხარულიძე იხსენებდა, როგორ ასწავლიდა პატრიარქი მას და მის თანატოლ სხვა სტიქაროსნებს, ჩვენ ყველას, უნდა გვყავდეს ჩვენი ლაზარე, რომელსაც ყოველდღიურად დავეხმარებითო... ერთის "ლაზარეს" თუ საკვებით დახმარება სჭირდებოდა, მეორის "ლაზარეს" შეიძლება მხოლოდ სულიერი თანადგომა მოეთხოვა... მესამისას - გზის გაკვალვაში დახმარება... და ჩვენ იმიტომაც ვართ ადამიანები, რომ ჩვენი ლაზარე გვახსოვდეს მუდამ.
იყვნენ შეჭირვებულები, რომელთანაც საჭმელი თავად მიჰქონდა პატრიარქს, ზოგთან სტიქაროსნებს ატანდა...
თუ გაიგებდა, ვინმეს დიდი უბედურება შეემთხვაო, - აუცილებლად წავიდოდა მასთან. ბევრი მოუბრუნებია ცხოვრებისკენ, ბევრისთვის მიუცია გზა, რომ უდიდეს ცოდვაში - თვითმკვლელობის ცოდვაში არ ჩავარდნილიყვნენ.
ყველა იმ მშობლის სათქმელი, ვინც შვილი დაკარგა და პატრიარქის თანადგომა გამოცადა, მწერალმა გურამ დოჩანაშვილმა გადმოსცა: "დიდი პატივი დასდო ჩემს ოჯახს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. 1990 წლის ოქტომბერში შვილი გარდაგვეცვალა. ჩვენთვის ძალიან მძიმე დროს მიგვიღო, გვანუგეშა, გაგვამხნევა.
თქვენო უწმინდესობავ, უღრმესი მოწიწებით მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ განუზომელი მადლისთვის, შვილმკვდარ მშობლებს ნუგეშით რომ დაგვდეთ. ნუგეში, საბას მიხედვით, გულის დასადებს ნიშნავს, ხოლო თქვენი ვრცელი გულის დადებით რამდენი მშობელი აგვაცდინეთ იმ საშინელებას, სისაზარლეს, თვითმკვლელობა რომაა.