"ოჯახში აუცილებლად ღერღილი, ფქვილი და ხურდა ფული უნდა იყოს"

"ოჯახში აუცილებლად ღერღილი, ფქვილი და ხურდა ფული უნდა იყოს"

შობა-ახალი წლის დღესასწაულის შესახვედრად ყველა განსაკუთრებულად ემზადება. ზოგი სტუმრად მიდის, ზოგიც თავად ელოდება სტუმრებს. ყველა ოჯახს თავისებური საახალწლო ტრადიცია აქვს... ამ თემაზე რამდენიმე ცნობილ ადამიანს ვესაუბრეთ.

გიორგი შენგელაია, კინორეჟისორი:

- როგორც ყველა, ჩემი ოჯახიც ახალ წელს ტრადიციულად ხვდება. მაგრამ ამ ტრადიციაში არაფერია განსაკუთრებული... დღეს რატომღაც, მოდაში შემოვიდა ახალი წლის შეხვედრა საზღვარგარეთ, რაც მიუღებლად მიმაჩნია. საახალწლო ტრადიცია იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა ეს დღესასწაული მშობლებთან, მეუღლესთან, შვილებთან და რაც მთავარია, უფროსებთან ერთად (ბებია-ბაბუა) უნდა გაატაროს. ჩემი მშობლები ახალ წელს ყოველთვის ბებიასთან და ბაბუასთან (როცა ცოცხლები ჰყავდათ) ატარებდნენ და ჩვენც ასე მიგვაჩვიეს...

- ბებიათქვენი პოლონელი თავადის ქალი იყო. მას ამ დღესასწაულის აღნიშვნის რამე განსაკუთრებული ტრადიცია ხომ არ ჰქონდა?

- არა. პაპაჩემმა ცოლად რომ მოიყვანა, მაშინვე ქართული ტრადიციები აითვისა. საერთოდ ასეა, ქალი რომ გათხოვდება და ოჯახში შევა, იმ ოჯახის ტრადიციები უნდა შეითვისოს, ბებიაჩემიც ასე მოიქცა - ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც ქართველ ქალს შეეფერებოდა... პაპაჩემის ტრადიცია ის იყო, რომ შობის ღამეს ეკლესიაში ატარებდა. ბებიაც ასე იქცეოდა.

- თქვენი მშობლები (ნატო ვაჩნაძე და ნიკოლოზ შენგელაია) როგორ აღნიშნავდნენ ახალ წელს?

- დედა სადღესასწაულო სამზადისს 31 დეკემბერს იწყებდა, რადგანაც მანამდე მუშაობდა ხოლმე. მაგრამ ოჯახში გვყავდა დამხმარე რუსი ქალი, რომლიც ბაბუაჩემმა რუსეთიდან ჩამოიყვანა. ბაბუა სამხედრო პირი გახლდათ და საქართველოში ოჯახთან ერთად რომ დაბრუნდა, დუნიაც (ასე ერქვა იმ ქალს) ჩამოიყვანა. მისი გაზრდილია დეიდაჩემი, კირა ანდრონიკაშვილი. ოჯახში ყველანაირ საქმეს დუნია გვიკეთებდა... ახალ წელს ჩვენთან დედაჩემისა და მამაჩემის მეგობრები იკრიბებოდნენ. სტუმართა შორის ქართველი მწერლები იყვნენ. მახსოვს, ერთ წელიწადს ჩვენი მეკვლე პოეტი გიორგი ლეონიძე გახლდათ... იშლებოდა დიდი სუფრა და დროს სასიამოვნოდ ატარებდნენ. მათი თავყრილობა ნამდვილ ზეიმს ჰგავდა.

- მეკვლეს საგანგებოდ თუ ირჩევდით?

- მეკვლე საგანგებოდ არასოდეს აგვირჩევია... მაშინ ისე იყო მიღებული, რომ მეკვლე უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომელიც ოჯახში სიხარულსა და სიკეთეს შემოიტანდა. ახლა კი მეკვლედ მდიდარ ადამიანს ირჩევენ ანუ მატერიალურ მხარეს მეტ ყურადღებას აქცევენ...

- თქვენ თუ მიდიხართ ხოლმე მეკვლედ?

- ისეთ ასაკში ვარ, რომ ახალ წელს აღარსად არ მივდივარ. თან, ნახევარზე მეტი მეგობარი გარდაცვლილი მყავს და წასასვლელიც არსად მაქვს. ბოლო დროს ახალ წელს შედარებით ხელმოკლედ ვხვდები. საშუალება არ მაქვს, რომ სტუმრები დავპატიჟო... ჩემი მეკვლეები კი ჩემი შვილები და შვილიშვილები არიან.

- საახალწლო სუფრას თვითონ აწყობთ?

- კი. წელს საახალწლო სუფრისთვის გოჭის ნაცვლად, ინდაური შევიძინე. ინდაური ხომ საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია. ყოველ წელიწადს საახალწლოდ, სოფელ ჭერემში (გურ-ჯაანის რაიონი) ვყიდულობ ინდაურს, იქაური მოსახლეობა ბალახით ზრდის მას. ასეთი ინდაური კი ძალზე გემრიელია.

- სოფელ ჭერემში თავად მიდიხართ თუ სხვას ჩამოჰყავს თქვენთვის ინდაური?

- კახეთში ვენახი მაქვს. ვინც ჩემს ვენახს უვლის, ის ყიდულობს ინდაურს და მერე მიგზავნის.

გიგა ლორთქიფანიძე, რეჟისორი:

- ჩემთვის ახალი წელი ყველაზე დიდი დღესასწაული იყო. წელს საუბედუროდ, ახალ წელს ლოგინში ვხვდები. ადრე, სანამ ჯანმრთელობა მიწყობდა ხელს, მთელი ოჯახი ჩემთან იკრიბებოდა (შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები. 4 შვილთაშვილი მყავს), ტრადიციად იყო ქცეული, რომ 31 დეკემბერს ყველა ჩემთან უნდა მოსულიყო... ბავშვობაშიც ასეთი ტრადიცია გვქონდა, მთელი ნათესაობა ჩვენს ოჯახში იყრიდა თავს (დედაჩემი მიქელაძის ქალი იყო და მას უფრო დიდი სანათესავო ჰყავდა, ვიდრე მამას). იშლებოდა დიდი სუფრა და 12 საათისთვის ყველა ერთად მივუსხდებოდით ხოლმე მას. ვმღეროდით, ვცეკვავდით, ვუკრავდით... ახალი წელი ეს არის სიყვარულის, იმედისა და ახალი ცხოვრების დაწყების დღესასწაული. ახალ წელს ადამიანი მუდმივად იმას ფიქრობს, რომ მის ცხოვრებაში ახალი ფურცელი გადაიშლება და უკეთესი ცხოვრებით იცხოვრებს...

- ახალი წლის ღამეს სტუმრად არ მიდიოდით?

- თუ საქართველოში ვიყავი, ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდებოდი. მიუღებლად მიმაჩნდა და დღესაც ასე მიმაჩნია, ყველა ადამიანი ახალ წელს საკუთარ სახლში უნდა შეხვდეს. აუცილებლად დავილოცებოდი ჩემს ოჯახში და მერე, 1-ლი საათისთვის მე და ჩემი მეუღლე სტუმრად მივდიოდით. ახალი წლის სუფრასთან ყოველთვის თამადა ვიყავი. ძალიან დიდი სამეგობრო წრე მყავდა და შესანიშნავ დროს ვატარებდით. "დროს ტარებაში" არ იგულისხმებოდა "გაძღომა" და "დათრობა". წარმოუდგენელი იყო, რომელიმე ისე დავმთვრალიყავით, რომ ადამიანის სახე დაგვეკარგა... ახლა არ მინდა, ვინმეს საახალწლო განწყობილება გავუწბილო, მაგრამ ქვეყანაში არც ისეთი სახარბიელო მდგომარეობაა, რომ მთელი ყურადღება ზეიმზე გადავიტანოთ. ძალიან მეშინია, სიტუაცია არ დაიძაბოს და რაიმე ცუდი არ მოხდეს. ქვეყანას იმედი ჩაესახა და საშუალება მიეცა უკეთესი ცხოვრების, მინდა, ყველაფერი ისე დამთავრდეს, როგორც ხალხს სურს!

გურამ ფირცხალავა, მსახიობი:

- ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, ახალი წელი ლამაზი დღესასწაულია. ბავშვობიდანვე მიყვარდა ახალი წელი, რადგან თოვლის ბაბუის დიდხანს მჯეროდა. საკმაოდ დიდი ვიყავი, როცა გავიგე, რომ ახალი წლის საჩუქარს დედა სასთუმალთან მიდებდა. მას შემდეგ, ახალი წლის მოსვლას მოუთმენლად ველოდები.

- საახალწლო სამზადისშიც მონაწილეობთ?

- კი, მეუღლეს საყიდლებზე დავყვები, მაგრამ ბაზარში არ შევდივარ: ხალხი მცნობს და არ მინდა, ვიღაცამ რაღაცა მოიკლოს და მე მაჩუქოს. ძალიან მიყვარს საახალწლო ტკბილეულის შეძენა. ბავშვობიდანვე მიყვარდა და ახლაც მიყვარს შოკოლადი "დათუნია" და ყოველ ახალ წელს, სხვა ტკბილეული რომ არ ვიყიდო, მას აუცილებლად შევიძენ.

- ახალ წელს სად ხვდებით?

- ახალ წელს ყოველთვის ჩემს ოჯახში ვხვდები. თუ ამ დღესასწაულს გადაღება დაემთხვეოდა, მაშინ ბიჭები გარეთ აღვნიშნავდით... მაგრამ თუ ადამიანს საშუალება აქვს, ახალი წელი ოჯახში ბარაქიანად უნდა აღნიშნოს... ახალ წელს ოჯახში რომ დავილოცები, მერე მეზობლები ვულოცავთ ერთმანეთს. ახალი წლის ღამეს არასოდეს დავთვრები. სხვათა შორის, კარგი მეკვლე ვარ და ყველა მეზობელი მთხოვს, რომ მათი მეკვლე ვიყო... მახსოვს, ბებიაჩემი ბავშვობაში მეკვლეობას რომ მთხოვდა, დამარიგებდა ხოლმე: ოჯახში აუცილებლად ღერღილი, ფქვილი და ხურდა ფული უნდა შემოიტანოო. მოკლედ, ღერღილითა და ფქვილით ოჯახში სიუხვე და ბარაქა შემქონდა.

- ახლაც ამ ტრადიციის მიმდევარი ხართ?

- კი, როგორც მოხერხდება... მეკვლემ ოჯახში სიკეთე, სიუხვე და ბარაქა თუ არ შეიტანა, ის რა მეკვლეა?!.

- რას ელოდებით ამ ახალ წელს?

- მშვიდობას, ერთმანეთის სიყვარულსა და სიხარულს. უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც ქართველ ხალხს სახეზე ღიმილი დაეკარგა. ქუჩაში რომ დადიან, სახე ჩამოსტირით. გაღიმებულ კაცს ქუჩაში იშვიათად შეხვდებით. ადრე ასე არ იყო. ხალხს ერთმანეთის დანახვა უხაროდა. მეტი ადამიანობა და ერთმანეთის გატანა იყო. იმედია, ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება!

ლია ოსაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"