"პატრიარქს 80 წლის იუბილეზე 8-მეტრიან ჩურჩხელას გადავცემ"

"პატრიარქს 80 წლის იუბილეზე 8-მეტრიან ჩურჩხელას გადავცემ"

თელავის რაიონის სოფელ გულგულაში მცხოვრებმა 78 წლის სიმონ გიგიტელაშვილმა ახალი სარეკორდო ზომის ჩურჩხელა დაამზადა. ეს მის მიერ დამზადებული მესამე სარეკორდო ნუგბარია, რომლის სიგრძე ამჯერად 8 მეტრია (201 სმ-სა და 365 სმ სიგრძის ჩურჩხელების შემდეგ). გიგანტური ჩურჩხელა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის საიუბილეო თარიღს - დაბადებიდან 80 წელს ეძღვნება.

აღსანიშნავია, რომ სიმონ გიგიტელაშვილმა და მისმა მეუღლემ, მერი ჩაველაშვილმა განცხადებით მიმართეს კომპანია "გინესის" დირექციას, მათი ნახელავი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში რომ აღირიცხოს; ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირი "გიორგი".

გიგანტური ჩურჩხელის შემქმნელმა სიმონ გიგიტელაშვილმა, რომელიც მრავალმხრივ საინტერესო პიროვნებაა, გვითხრა: "ამ ჩურჩხელის დამზადებას 28 ლიტრი ბადაგი, 7 კგ ფქვილი და ორი კილოგრამი ნიგოზი დასჭირდა, რომელიც სპეციალურ გამძლე ძაფზე ნახევარ ლებნებად იყო ასხმული, მის დამზადება-ამოვლებას კი ორი საათი მოვანდომეთ. ამის შემდეგ ჭოჭონაქის დახმარებით ჩვენი ორსართულიანი სახლის სახურავის დონეზე ავწიეთ.

პატრიარქს ამ დღეებში მივართმევ გიგან­ტურ ჩურჩხელას, ასევე, მის საიუბილეოდ ჩემი ხელით დაწურულ 80 ლიტრ ღვინოს.

- როგორ მოახერხებთ ჩურჩხელის ტრანსპორტირებას?

- ჩურჩხელა, სიგრძის გამო, დახვეული მაქვს. უგემრიელეს ჩურჩხელას ჩემს მანქანაზე დავაკრავ და ისე ჩავიტან საპატრიარქომდე.

- გაქვთ იმედი, რომ თქვენი ნახელავი გინესის რეკორდების წიგნში შევა?

- ვიმედოვნებ, ასე იქნება, ეს უზარმაზარი ნუგბარია, მსგავსი არავის ამოუვლია. საოჯახო მეურნეობაში სარეკორდო სხვაც ბევრი მაქვს, მაგალითად, ჩემი ხელით დარგულ-გახარებული 16 000 ძირი ვაზი. 5 ჰექტარი ვენახი თავისი ხელით არავის გაუშენებია, სწორედ ამ ვენახის ღვინოს მივართმევ პატრიარქს. ამ ყველაფერს დიდი ჯაფით მივაღწიეთ მე და ჩემმა მეუღლემ.

- რას უსურვებთ დამდეგ შობას საქართველოს მოსახლეობას?

- ჩემს ქვეყანას მშვიდობას, უღრუბლო ცას და ბარაქას ვუსურვებ. თუ ვინმეს წარმატების მიღწევა უნდა, ხელი და თავი მეტად უნდა გაატოკოს, უშრომლად არაფერი მოდის... ჰოდა, ვისაც ჩემი რეკორდის გაუმჯობესება უნდა, სცადოს! საქართველოში, ღვთის მადლით, ნიგოზიც ბევრია და ძაფიც; ან ჩემზე დიდი და მსხმოიარე, 6 ჰექტარი ვენახი გააშენოს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"