ისრაელის საელჩო - ვიზების გაცემა ისრაელის კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება

ისრაელის საელჩო - ვიზების გაცემა ისრაელის კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება

ისრაელის საელჩო ქართველი პილიგრიმების ისრაელში ვიზიტთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იკვლევს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ისრაელის საელჩოდან აცნობეს.

"ისრაელში სტუმრობის მსურველი ინდივიდუალებისა თუ ჯგუფებისთვის ვიზების გაცემა ისრაელის კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება. ისრაელის საელჩო პროცესის ხელშეწყობისთვის ძალებს არ იშურებს", - განმარტავენ ისრაელის საელჩოში.

ამასთან, "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტიდან ნანა ბუაძემ გუშინ განუცხადა, ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომლოცველთა 46-კაციანი სია გადაუგზავნეს, თუმცა ყველა მათგანზე უარი მიიღეს.

მისივე ინფორმაციით, პილიგრიმთა ჯგუფებზე უარი მიიღეს იმ ტურისტულმა კომპანიებმაც, რომლებსაც ისრაელში მომლოცველები მიჰყავდათ.

საქართველოს საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი საბა კი, ისრაელის შსს-ს მიერ მომლოცველთათვის ვიზებზე უარის თქმას ქართველი მომლოცველების ისრაელში არალეგალურად დარჩენის ფაქტებს უკავშირებს.

მეუფის ცნობით, ზოგჯერ პრობლემები იყო, რადგან ვიზებს ყოველთვის არ გასცემდნენ, მაგრამ კატეგორიული უარი მომლოცველებზე არ ყოფილა.

"კატეგორიული უარის თქმა მომლოცველებისთვის არ ყოფილა, ყოველთვის გვარდებოდა ეს პრობლემა. ამჯერად საშობაოდ გადაგზავნილი იყო სია 40 ადამიანზე. იქიდან მოგვივიდა უარი, რომ ქართველებზე ამ ეტაპზე ვიზებს ჩვენ არ გავცემთო. ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მივმართოთ ადგილზე საკონსულოს, მათ განიხილონ თითოეული ადამიანის მდგომარეობა და ვისაც ჩათვლიან საჭიროდ, მასზე გაიცემა ვიზა", - აღნიშნა მეუფემ და დასძინა, რომ 15-16 ადამიანმა საკონსულოს უკვე მიმართა და ვიზებიც მიიღო.

მისივე თქმით, არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც ქართველები ისრაელში არალეგალურად რჩებოდნენ. კერძოდ, მეუფეს განმარტებით, არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ზოგიერთი ტურისტული კომპანია საქართველოდან ისრაელში ახორციელებდა ჩარტერულ რეისებს და შემდეგ იქ ქართველები არალეგალებად რჩებოდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა