საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი უცხოეთში აკრედიტებული ქართველი ელჩების ნაწილის გამოწვევას აუცილებელ, თუმცა დაგვიანებულ პროცესად მიიჩნევს.
"საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს მთავრობის ხელში. სააკაშვილი ცოცხალი თავით არ აპირებდა ელჩების გამოცვლას და ამიტომ გასაგებია, რომ იდგმება ნაბიჯები, რათა ზოგიერთი ქართველი დიპლომატი გამოიცვალოს. ელჩი საქართველოს მთავრობას უნდა დაემორჩილოს და ვინც ამას არ აკეთებს, ის უნდა გამოიწვიონ. ვინც ამაში პოლიტიკურ დევნას დაინახავს, დაინახოს", - განაცხადა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე.
ამასთან, მისივე შეფასებით, ზოგიერთი ჯერ კიდევ მოქმედი ელჩი საქართველოს ინტერესების ნაცვლად "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ემსახურება, რის მაგალითადაც ბერძენიშვილმა თემურ იაკობაშვილი და სალომე სამადაშვილი დაასახელა.
"თემურ იაკობაშვილი არ მუშაობდა საქართველოს სასარგებლოდ. ის მუშაობდა "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ. შეიძლება მას ადრე ეგონა, რომ ეს ერთი და იგივე იყო, მაგრამ ახლა ხომ არ არის ერთი და იგივე? არაფრით არ შეიძლება, ელჩი იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. იგივე ქალბატონი სამადაშვილი – მან ისიც კი არ იკადრა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბრიუსელში პირველი ვიზიტის დროს აეროპორტში დახვედროდა", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.