უჩვეულო "კონტრა" და სააკაშვილი-ივანიშვილის შერკინება

უჩვეულო "კონტრა" და სააკაშვილი-ივანიშვილის შერკინება

თქვენ უჩვეულო "კონტრა" გელით. დიახ, რუბრიკის სტუმრები ამჯერად ქვეყნის პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი და პრემიერ-მინისტრი - ბიძინა ივანიშვილი არიან. ისინი ქვეყანაში 2012 წელს განვითარებულ მოვლენებს აფასებენ და საკუთარ შეცდომებსა თუ მიღწევებზე გულახდილად საუბრობენ... გაგიკვირდათ, არა? ეს საახალწლო ხუმრობა გახლავთ. იუმორისტებს - მამუკა ლომაშვილსა და მერაბ გეგეჭკორს პრეზიდენტისა და პრემიერის როლების მორგება ვთხოვეთ. თავიანთ როლებში ისე ღრმად შეიჭრნენ, რომ მათ გაშველებას ფოტოკორესპონდენტის დახმარებით ძლივს ვახერხებდი.

მაშ ასე, იხილეთ "მოდელირებული" ინტერვიუ...

- როგორი იყო თქვენთვის 2012 წელი?

მიხეილ სააკაშვილი: - 2012 წელი ჩემთვის იყო ჩვეულებრივი.

ბიძინა ივანიშვილი: - მაგ სიმართლით იარე შენ!..

მიხეილ სააკაშვილი: - დიახაც, ვივლი... უბრალოდ, ბოლო პერიოდში შეურაცხყოფილი დავრჩი...

ბიძინა ივანიშვილი: - არ გადამრიო!..

მიხეილ სააკაშვილი: - ჯერ არ დამიმთავრებია... მე ველოდები, რომ თოვლის ბაბუა...

ბიძინა ივანიშვილი: - თოვლის ბაბუაც ვიყავი მე შენთვის და მეტიც, მაგრამ გადამიმტერე და... წადი ახლა და გოკამ და ჩიორამ აგისრულონ სურვილები... თუმცა, ახლაც გამოვთქვი შენთან კოჰაბიტაციის სურვილი. მეგონა, ურთიერთპატივისცემა გვექნებოდა, ჩვენ ასე ვართ გაზრდილები...

მიხეილ სააკაშვილი: - მე კი გავიზარდე, მაგრამ შენ რა გეტყობა გაზრდილის?

ბიძინა ივანიშვილი: - მე მოგიწოდებ მეტი სერიოზულობისკენ.

მიხეილ სააკაშვილი: - რა ვთქვი არასერიოზული?! არ უარყო, რომ მაღალი ვარ!

ბიძინა ივანიშვილი: - მაღალი კი არა, გრძელი ხარ. ისე, კალათბურთი რომ გეთამაშა, ქვეყანას "მეტ სარგებელს" მოუტანდი.

მიხეილ სააკაშვილი: - აუ, იოცნებე, ჰო, იოცნებე...

ბიძინა ივანიშვილი: - ვიოცნებე უკვე, 1-ელ ოქტომბერს, აწი შენ იოცნებე.

მიხეილ სააკაშვილი: - იცი, რას გეტყვი? ჩვენ ისევ მოვალთ მეორედ...

ბიძინა ივანიშვილი: - მეორედ მოხვალ?! შენ პრეზიდენტი ხარ თუ - ნიახური?

- ბატონებო, დავა უნდა შეგაწყვეტინოთ და ახალი კითხვა დაგისვათ: რომელია ქვეყნის ლიდერების თვალით დანახული 2012 წლის ყველაზე სკანდალური მოვლენა?

მიხეილ სააკაშვილი: - 2012 წელი მთლიანად სკანდალური იყო.

ბიძინა ივანიშვილი: - მე კი ვიტყოდი, რომ 2012 წელს მოხდა ორი სკანდალი: ჩვენ მოვიგეთ არჩევნები და მეორე - მიშამ წააგო არჩევნები!

მიხეილ სააკაშვილი: - დიდი ფული გაქვს და იმიტომ.

ბიძინა ივანიშვილი: - კი, მაგრამ შენ რა გაქვს?

მიხეილ სააკაშვილი: - მე დემოკრატია მაქვს და ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

ბიძინა ივანიშვილი: - მაგ სიმართლით იარე შენ!

- გთხოვთ, ძველი და ახალი გუნდი შეადაროთ ერთმანეთს.

მიხეილ სააკაშვილი: - მე მყავდა გადასარევი გუნდი. თუ დამჭირდებოდა, ვერა ქობალია პურს გამომიცხობდა, გოგა ხაჩიძე დოლს დამიკრავდა, ხათუნა კალმახელიძემ ქსოვა იცოდა გადასარევი (ოთხი ჩხირით ქსოვდა გისოსებს), ბაჩომ ვაშლის გათლა იცოდა ფანტასტიკურად... რამდენი ერთი ჩამოგითვალო...

ბიძინა ივანიშვილი: - მე კალაძე - ფეხბურთელი მყავს, გუბაზი - კოსმონავტი, დუმბაძე - შავი მაგიის მცოდნე, ხადური... გლდანელი. თანაც, ჩვენ გუნდური პრინციპით ვიღებთ გადაწყვეტილებებს. შენ კი ნამდვილი გრძელი ფაშა იყავი, რომელიც ქვეყანას საკუთარი ხუშტურების მიხედვით მართავდა.

მიხეილ სააკაშვილი: - ყველაფერი შედარებითია, ამიტომ მე თუ გრძელი ფაშა ვიყავი, შენ ახლა მოკლე ფაშა ხარ. ამაზე შენი დიქტატორული გადაწყვეტილებაც მეტყველებს.

ბიძინა ივანიშვილი: - რას გულისხმობ?

მიხეილ სააკაშვილი: - იმას ვგულისხმობ, რომ სასახლე ჩამიბნელე. ახალი წლისთვის მაინც გამოგეგზავნა ნათურები.

ბიძინა ივანიშვილი: - კი, ბატონო. ვის გამოვატანო - კბილაშვილს თუ წულუკიანს?.. ისე, ფრთხილად იყავი, შენც კბილაშვილის საკბილო არ გახდე.

- ისე, ამნისტიის საკითხზე რატომ ვერ თანხმდებით?

მიხეილ სააკაშვილი: - სხვაზე ხომ, რას ამბობ?!.

ბიძინა ივანიშვილი: - როგორ ვერ ვთანხმდებით? კანონს დაადებ ვეტოს, მერე ჩვენ ვეტოს დავძლევთ და ეგაა, რა...

- როგორ ფიქრობთ, 2012 წელი რა პრობლემების მოგვარებით უნდა დაიწყოს?

მიხეილ სააკაშვილი: - პირველ რიგში, ბატონმა ბიძინამ პინგვინები უნდა მოგვაშოროს.

ბიძინა ივანიშვილი: - ცოტა გვაცადეთ... ვერ ხედავთ, ნელ-ნელა გვაშორებს კბილაშვილი.

- თქვენი აზრით, რამდენად იღბლიანები ხართ?

მიხეილ სააკაშვილი: - ეჰ, ჩემს იღბალს გაუვიდა უკვე ვადა...

ბიძინა ივანიშვილი: - ჩემმა იღბალმა გაუყვანა მაგის იღბალს ვადა.

- რომელი ჟურნალისტი გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?

მიხეილ სააკაშვილი: - მე ის ჟურნალისტი მაღიზიანებს, რომელსაც პრესკონფერენციაზე ბიძინამ ანეკდოტს რომ მოუყვა, გაეცინა.

ბიძინა ივანიშვილი: - ეგ ჟურნალისტი აღარ არის, ბიზნესმენი გახდა!

- განუსაზღვრელი ძალაუფლება რომ გქონდეთ, რას მოიმოქმედებდით?

მიხეილ სააკაშვილი: - ვერ ხვდებით ვითომ...

ბიძინა ივანიშვილი: - დედამიწას ჩემს ჭკუაზე დავატრიალებდი, მაგრამ ეს დამღუპველი იქნებოდა ალბათ. ამიტომ, არ ვიზამ ამას.

- საახალწლოდ რა სურვილები ჩაიფიქრეთ?

მიხეილ სააკაშვილი: - ამ საკითხს გრიფით საიდუმლო ადევს.

ბიძინა ივანიშვილი: - მე გეტყვით, ზუსტად ვიცი, მიშა ოქროს თევზს ინატრებდა...

მიხეილ სააკაშვილი: - არავითარ შემთხვევაში, ვიცი, იმ თევზს ბიძინა ერქმევა.

ბიძინა ივანიშვილი: - მერე რა არის ამაში ცუდი? ხომ ხედავ, როგორი მოწყალე ვარ?

- ყველაზე კარგი საჩუქარი რა იქნებოდა თქვენთვის?

მამუკა ლომაშვილი:

- ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი ის იქნება, თუ ჩემს სახელსა და გვარს დამიბრუნებთ. მამუკა ლომაშვილი ვარ მე და სულ არ ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას. მე, მამუკა ლომაშვილი, გილოცავთ შობა-ახალ წელს, ლაღად გევლოთ დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოში.

მერაბ გეგეჭკორი:

- მოდი, ჩემო მკითხველებო, მეც მერაბ გეგეჭკორის სახელით მოგილოცავთ ახალ წელს, სიუხვე და ბარაქა ყოფილიყოს თქვენს ოჯახებში...

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"