კოაბიტაციის წერტილი - რას მოიმოქმედებს კედელთან მიყენებული "ნაციონალური მოძრაობა"?

კოაბიტაციის წერტილი - რას მოიმოქმედებს კედელთან მიყენებული "ნაციონალური მოძრაობა"?

საქართველოში მოსახლეობა ახალ 2013 წელს პოლიტიკური კრიზისისა და მისი თანამდევი კატაკლიზმების მოლოდინით შეხვდა, მაშინ, როდესაც აწყობილი და სტაბილური სახელმწიფოებისთვის წინასაშობაო დღეებში პოლიტიკური ცხოვრება, ჩვეულებისამებრ, პაუზას იღებს ხოლმე.

ჩვენი დასავლელი პარტნიორების "მსუბუქი ხელით" შემოგდებულმა ცნება "კოაბიტაციამ" ("თანაარსებობა") საქართველოში ლამის საკრალური მნიშვნელობა შეიძინა. რამდენიმე დღის წინ ისედაც მკვდრადშობილ "კოაბიტაციის" იდეის კუბოს კიდევ რამდენიმე ლურსმანი დააჭედეს. ორმა ლიდერმა - პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აგრძნობინეს ყველას, შინ თუ გარეთ, რომ მათი პოლიტიკური თანაარსებობა არ გამოვა.

დასავლეთის მიერ "კოაბიტაციის" შეთავაზება ზუსტად ისევე ეხებოდა "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც "ქართულ ოცნებას." თუმცა, ათწლიანი მმართველობის განმავლობაში "ნაციონალებმა" არაერთგზის დაამტკიცეს, რომ მათი მენტალიტეტიდან და პოლიტიკური მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, სხვა პოლიტიკურ ძალასთან "კოაბიტაცია" არათუ მიუღებელი, არამედ შეუძლებელია. სწორედ ამიტომაც აყალბებდნენ ისინი ყველა არჩევნებს, რომ პარლამენტში ჰყოლოდათ საკონსტიტუციო უმრავლესობა არაფრისმაქნისი "ჯიბის ოპოზიციით" და, შესაბამისად, გაეკეთებინათ ის, რასაც თვითონ ჩათვლიდნენ საჭიროდ, სხვა პარტიებთან თუ საზოგადოებასთან შეთანხმებაზე დრო და ენერგია რომ არ დაეხარჯათ.

პარტიის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მალე "ნაციონალური მოძრაობა"განახლებული სახით წარუდგება საზოგადოებას, ხელისუფლებაში რაც შეიძლება მალე რომ დაბრუნდეს. მისივე განცხადებით, ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე პარტია "განსხვავებულ რეჟიმში" იწყებს მუშაობას, რაც ხელისუფლების კრიტიკის პარალელურად "დიდი სახალხო კოალიციის" შექმნას და მასების მობილიზებას გულისხმობს.

ნაციონალების ცალკეული ლიდერები მორიგ "ხავერდოვან რევოლუციასაც" არ გამორიცხავენ, ჩანს, იმის იმედით, რომ ხელისუფლების შეცდომებით გამწარებული ხალხი ისევ "შეჩვეულ ჭირს" დაიბრუნებს. თუმცა, გაჰყვებიან თუ არა ამჟამად მასები "ნაციონალურ მოძრაობას", ძნელი სავარაუდოა. ხელისუფლებაში ნაციონალთა სწრაფად დაბრუნებაზე ლაპარაკს ბოლო ხანს სააკაშვილმაც მოუხშირა. თუმცა 2013 წელს საზოგადოების უმრავლესობაში "ნაციონალური მოძრაობა" მეტწილად უარყოფით ასოციაცას იწვევს, ვიდრე 2003 წელს და ეს ბოლო სოციოლოგიური კვლევებითაც დასტურდება. თუმცა "ნაციონალები" ფარ-ხმალს არ ყრიან და ბოლომდე აპირებენ ბრძოლას, რადგანაც ხვდებიან, რომ "კოაბიტაციაც" კი ვერ ააცილებს მათ მართლმსაჯულების მძიმე ხელს.

შესაბამისად, მთავარი კითხვა, რაც დღეს საზოგადოებას აწუხებს, არის ის, რას მოიმოქმედებს კედელთან მიყენებული "ნაციონალური მოძრაობა"? მათი რესურსი ჯერჯერობით დიდია, მაგრამ სწრაფად ილევა, ყველაზე სწრაფად განლევადი რესურსი კი ხალხის ნდობაა.

ნაციონალები განაგრძობენ ხელისუფლებისა და საზოგადოების შანტაჟს პოლიტიკური კრიზისით, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს არსებული საკონსტიტუციო ბერკეტებით შეუძლია შექმნას.

სანდო წყაროებზე დაყრდნობით, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ორიოდე კვირის წინ ივანიშვილმა სააკაშვილს ხელახლა შესთავაზა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომა და უარის შემთხვევაში მოსალოდნელ მძიმე შედეგებზეც გააფრთხილა. ეს ირიბად დასტურდება ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებითაც კონსტიტუციურ ცვლილებებზე, რომელთა მიზანია პრეზიდენტის უფლებამოსილების მკვეთრი შეკვეცა არა 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როგორც ამჟამად არის გათვალისწინებული, არამედ გაცილებით ადრე. თუ ეს მოხერხდა, მაშინ სააკაშვილი გამოემშვიდობება ძალაუფლების იმ ბერკეტებს, რომელიც ამჟამად აქვს და რომლითაც ინარჩუნებს კონტროლს მთავრობაზე, ძალოვან სტრუქტურებზე, თვითმმართველობის ორგანოებსა და საგარეო საქმიანობაზე. რაც მთავარია, ის ვეღარ შეძლებს ერთპიროვნულად მთავრობის გადაყენებას და პარლამენტის დათხოვნას.

ამის შემდეგ, სააკაშვილმა, რომელიც აცნობიერებს, რომ კედელთან მიაყენეს, სასწრაფოდ მოიწვია "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული კონფერენცია "ექსპო-ჯორჯიას" დარბაზში და მხარდამჭერები ჩვეულ სტილში გაამხნევა ნაციონალთა ხელისუფლებაში "თავდაჯერებულად დაბრუნების" პერსპექტივით. პარტიული კონფერენციის მხილველთა მეხსიერებაში უეჭველად ამოტივტივდებოდა წინასაარჩევნო პერიოდის სააკაშვილი, რომელიც მორჩილი ტელევიზიების საშუალებით, შეურაცხმყოფელი რიტორიკით ცდილობდა ოპონენტებისთვის პოლიტიკური ბრძოლის მოგებას.

როგორც ჩანს, სააკაშვილს წონასწორობა დააკარგვინა ივანიშვილის გეგმაზომიერმა შეტევამ და მისმა მშვიდმა, აუღელვებელმა სტილმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა შეფასებები, რომ სააკაშვილის გამოსვლა უფრო გამწარებული კაცის გამოსვლას ჰგავდა, ვიდრე ქვეყნისა და ერის ბედით შეწუხებული ლიდერისას. ივანიშვილის მიმართ დაუფარავი ზიზღის დემონსტრირებაში სააკაშვილი თავის საყვარელ თემას მიუბრუნდა და ივანიშვილის სიმაღლეზე დაიწყო ქილიკი, ისევე როგორც თავის დროზე პუტინის ტანმორჩილობა გაიხადა საქილიკო თემად. მისმა უადგილო ოხუნჯობამ, რომ ვითომ რუსეთიდან შემოსულ ნარკოტიკ "კროკოდილს "თურმე უხვად ეწაფება საქართველოს მოსახლეობა, სააკაშვილის ბევრი მომხრეც კი გააღიზიანა.

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, მხარეების მორიგებას კარგი პირი არ უჩანს. რჩება მცირე იმედი, რომ, როგორც ყოველთვის, ევროპა და აშშ ჩაერევიან პროცესში და მოხდება მხარეების "მშვიდობისა და თანაარსებობისკენ" იძულება. თუმცა დასავლეთი ჯერჯერობით მეთვალყურის როლშია. შესაძლოა სააკაშვილი და მისი გუნდი მიიჩნევენ, რომ უკვე საკმარისად შეამზადეს ნიადაგი იმისათვის, რომ სააკაშვილის მიერ მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნას დასავლეთის წრეები გაგებით მოეკიდონ. გაზეთ თჰე Iნდეპენდენ-ის ანალიტიკოს შონ უოკერს მოჰყავს ინკოგნიტო დასავლელი დიპლომატის ციტატა: "არსებობს საგანგაშო ნიშნები იმისა, რომ მას (ივანიშვილს) სურს სააკაშვილი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე გადააყენოს, რაც დემოკრატიულად გაუმართლებელია კოაბიტაციურ პერიოდში".

ამასთანავე, დასავლეთი რატომღაც "ვერ ამჩნევს" სააკაშვილის მიერ "კოაბიტაციის" დანგრევის გამუდმებულ მცდელობას. "მე მივმართავ საზოგადოებას, რომ ჩვენ ყველამ მოვახდინოთ კონსოლიდირება... მიმაჩნია, რომ ეს დროებითი წაგებაა და ჩვენ ყველაფერს უკან შევატრიალებთ, ამისთვის ჩვენ გვჭირდება, რომ საზოგადოება დადგეს ერთად, ვიმსჯელოთ და ჩვენი დასკვნები გამოვიტანოთ", - განაცხადა სააკაშვილმა, რაც, ფაქტობრივად, რევანშისკენ მოწოდებაა. თუმცა დასავლურ მედიაში იმასაც აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, სააკაშვილმა საერთაშორისო საზოგადოების წუხილი ივანიშვილის ხელისუფლების ქმედებების გამო ზუსტად ისევე აღიქვა, როგორც მისი უსიტყვო მხარდაჭერა, როგორც 2008 წლის აგვისტოში გაიგო არასწორად აშშ-ის მხარდამჭერი განცხადებები.

როგორც კონსტიტუციონალისტები ამბობენ, დღეს მოქმედი კონსტიტუციით სააკაშვილს ნებისმიერ დროს შეუძლია დაითხოვოს მთავრობის სრული შემადგენლობა, წარადგინოს ახალი მთავრობა და პრემიერ-მინისტრი. იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობას სამჯერ არ დაამტკიცებს, სააკაშვილს შესაძლებლობა აქვს, დაითხოვოს პარლამენტი.

შექმნილ პოლიტიკურ რეალობაში (მას შემდეგ, რაც გახმაურდა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც შოკისმომგვრელი იყო სააკაშვილის გუნდისთვის) "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს ერთადერთი შესაძლებლობა რჩება (თეორიულად), დაასწროს საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება-განხილვა-დამტკიცებისთვის საჭირო დროის პერიოდში (რასაც, სულ ცოტა, 1 თვე სჭირდება) და დაითხოვოს მთავრობა. სააკაშვილს კონსტიტუცია ანიჭებს უფლებამოსილებას, პარლამენტის ნდობის გამოუცხადებლად, მის მიერ ფორმირებული მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცოს. ანალიტიკოსთა აზრით, "საკონსტიტუციო გადატრიალება" სააკაშვილის ბოლო შანსია.

სტატია: "კოაბიტაციის წერტილი"

ზაზა შანიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა