კახა კახიშვილი: "სააკაშვილი შეეცდება, აპრილში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს"

კახა კახიშვილი: "სააკაშვილი შეეცდება, აპრილში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს"

გასულ 2012 წელს პოლიტიკურ და სამართლებრივ ჭრილში აფასებს საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახა კახიშვილი:

- გასული წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საპარლამენტო არჩევნები იყო. ბოლო ათწლეულში ყველა დონის არჩევნებში მმართველი ძალა იმარჯვებდა, თანაც - აბსოლუტური უმრავლესობით. ოპოზიცია შეგუებული იყო, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს წააგებდა და ერთადერთი მიზანი ჰქონდა, როგორმე გადაელახა 5%-იანი ბარიერი. ამ ფონზე გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც, ფაქტობრივად, შეარყია პოლიტიკური ვითარება საქართველოში. რეალურად მოხდა ის, რაც საჭირო იყო ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის - ერთი კაცის ხელში არ ყოფილიყო უზურპირებული სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება.

- თუმცა მივიღეთ ორხელისუფლებიანობა...

- დიახ, დღეს საქართველოს მართავს ორი მმართველი გუნდი. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, რომ "ქართული ოცნება" უმრავლესობას წარმოადგენს პარლამენტში, ნაცმო აკონტროლებს პრეზიდენტის ბერკეტებს, უშიშროების საბჭოს და სასამართლოს. ერთი მხრივ, გაჩნდა სიმპტომები, რომ მთელი ძალაუფლება საქართველოში ერთი ადამიანის ხელში აღარ არის, მაგრამ, ამასთანავე, საჭიროა მომზადდეს დემოკრატიული საარჩევნო კანონმდებლობა. გამოსავალი, ჩემი აზრით, არის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ვადამდე დანიშვნა ოქტომბერში, კონსტიტუციურ ვადაში, თორემ, მე რომ მკითხოთ, საპრეზიდენტო ვადა სააკაშვილს 4 იანვარს გასდის. სააკაშვილმა, ფაქტობრივად, 11 თვით გაიხანგრძლივა საპრეზიდენტო ვადა.

- ბატონო კახა, იანვარში ან აპრილში გადადგება სააკაშვილი? ამ მოთხოვნით 5 იანვარს საყოველთაო აქციები იწყება.

- სააკაშვილი, სამწუხაროდ, არასოდეს ითვალისწინებდა ხალხის ნებას. ყველა გადაწყვეტილებას იღებდა მხოლოდ საკუთარი და ნაცმოს ხუთეულის ინტერესების გათვალისწინებით. ის ახლაც ასე მოიქცევა - არ გადადგება, იტყვის, რომ ეს არის ხელისუფლების უზურპაციის კიდევ ერთი მცდელობა. სააკაშვილის მომავალ ნაბიჯებზე თუ ვიმსჯელებთ, ის აპრილში შეეცდება პოლიტიკური კრიზისის გამოწვევას. ამიტომაც მიმაჩნია საჭიროდ საპარლამენტო არჩევნების ვადამდე დანიშვნა, მასში სხვა პოლიტიკურმა სუბიექტებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა და საქართველოს პარლამენტი გახდეს მრავალპარტიული. ვფიქრობ, უმცირესობა ამას არ დათანხმდება. მოვლენების განვითარება დამოკიდებულია მმართველ გუნდზე და მის პროგრამაზე. ნდობის რეიტინგი ერთია, მაგრამ რეიტინგს აქვს ერთი უნიკალური თვისება - ის ქრება, როდესაც მართვის პროცესში განხორციელებული პროგრამა არ შეესაბამება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გაცემულ დაპირებებს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ისევ და ისევ დამოკიდებულია "ქართულ ოცნებაზე". მან, პირველ რიგში, პოლიტიკურ პროცესებს­ უნდა ჩამოაშოროს შსს, პროკურატურა და საფუძველი ჩაუყაროს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს.

- სასამართლო ახსენეთ და, როგორ შეაფასებთ ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრება-გათავისუფლების პროცესს?

- მართალი გითხრათ, არა ვარ ვინმეს დაჭერის მომხრე. აქამდე თუ ევროპაში ვიყავით პირველ ადგილზე პატიმართა რაოდენობის მხრივ, ახლა მსოფლიოშიც პირველ ადგილზე ხომ არ უნდა გავიდეთ და გავხდეთ ჩემპიონები?! როგორც ვიცი, დღეს 7000-მდე განცხადებაა შესული პროკურატურაში. თუმცა ისიც გათვალისწინებელია, ადამიანები ათი წლის განმავლობაში ელოდნენ იმას, რომ პროკურატურა არ იქნებოდა პოლიტიკური ნების გამომხატველი ინსტიტუტი და ხალხს იმედი აქვს, რომ მათ განცხადებებს შესაძლოა მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება სამართლის უპატივცემლობა.

- ხომ არ ემსგავსება ეს ყოველივე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას?

- ეს პროცესი საჭიროებს უფრო კვალიფიციურ მიდგომას პროკურატურის მხრიდან. დღეს, როდესაც ნაცები ამტკიცებენ, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულებები და ამიტომ შეუცვალა სასამართლომ დაკავებულს აღმკვეთი ღონისძიება, არ არის სწორი მიდგომა, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, მოსამართლე ხელმძღვანელობს რამდენიმე პარამეტრით - მიიმალება თუ არა ბრალდებული, შეძლებს თუ არა ზეგავლენა მოახდინოს გამოძიებაზე ან მოწმეებზე. ეს უნდა იყოს კრიტერიუმი, მაგრამ დღეს სასამართლო იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და იმართება ნაცების მხრიდან, ისინი ცვლიან დაპატიმრებას მსუბუქი აღმკვეთი ღონისძიებებით და ცდილობენ, შექმნან პრობლემა სისხლის სამართლის საპროცესო საქმეებში. იურისტებისთვის კარგადაა ცნობილი ტერმინი - საქმის გაფუჭება. როდესაც აღმკვეთი ღონისძიების სტადიაზე იწყებ საქმის გაფუჭებას, რთულია დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი კონკრეტული განსასჯელის მიმართ. დღესაც არის საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ სასამართლო ასრულებს ნაცმოს ნებას და პროკურატურას უქმნის პრობლემებს. არსებობს ეჭვი, რომ დღეს იგივე სასამართლო ემზადება რამდენიმე გახმაურებული საქმის განხილვისას გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად და ეს იქნება სერიოზული დარტყმა ახალი ხელისუფლებისთვის.

- რა უნდა მოიმოქმედოს ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებამ, რომელიც სამართლიანობის აღდგენაზეა ორიენტირებული?

- ჩემი აზრით, ძალიან არასწორი საკადრო პოლიტიკა მიმდინარეობს შსს-სა და პროკურატურაში. ურიგო არ იქნებოდა, თუკი ისინი გადახედავდნენ საკუთარ საკადრო პოლიტიკას - ზოგიერთი პირი, ვინც მათ დააწინაურეს, საერთოდ არ უნდა მუშაობდეს იმ სფეროში. საჭიროა საქმისადმი პროფესიული მიდგომა. მართალია, საზოგადოება ელოდება დამნაშავეების დაჭერას და გასამართლებას, მაგრამ ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ ადამიანი საკმარისი მტკიცებულებების გარეშე იქნეს მიცემული პასუხისგებაში.

- თქვენი აზრით, რა შეცდომები დაუშვეს ბოლო ხანს სამართალდამცველმა ორგანოებმა?

- პროკურატურის მიერ რამდენიმე შეცდომა იყო დაშვებული და კარგი იქნება, მათ გამოსწორებაზე იზრუნონ. მაგალითად, არასწორი მიდგომა იყო გუნავას საქმეში - ნარკოტიკის შენახვა, მოხმარება და იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარება ის მუხლებია, რომელთაც ნაცები იყენებდნენ კონკურენტების მოსაშორებლად. როდესაც პასუხისგებაში აძლევ ადამიანს, რომელსაც აქვს იარაღის ოფიციალურად ტარების უფლება და მას იარაღის ტარებას ედავები, ამასთანავე, მას სისხლში არ აღენიშნება ნარკოტიკული ნივთიერების ნიშნები, ბუნებრივია, ეს აჩენს ეჭვს. ჩემი აზრით, არასწორი იყო ნიკა გვარამიას დაკავების საფუძვლები - არ იყო საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ გვარამია ნამდვილად მონაწილეობდა კონკრეტულ დანაშაულებრივ საქმიანობაში. როდესაც ხარ ყოფილი პოლიტიკოსი, ვგულისხმობ მთავარ პროკურორს, უნდა იცოდე, რა მოჰყვება ოპოზიციური არხის გენერალური დირექტორის დაკავებას მაშინ, როდესაც არ არის საკმარის მტკიცებულებათა ბაზა. ბუნებრივია, არხის გენდირექტორობა არ აძლევს გვარამიას ინდულგენციას დანაშაულის მიმართ, მაგრამ ნებისმიერი დაკავებისას, მით უფრო, როცა პოლიტიკასთან და ტელეარხის დირექტორთან გვაქვს საქმე, აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებების ქონა. პროკურატურას თავიდანვე ჰქონდა გაწერილი არასწორი სისხლის სამართლებრივი სტრატეგია და კარგი იქნება, თუ შეცვლის მას.

- ბოლო ხანს უმცირესობის მხრიდან გახშირდა აპრილის ხსენება. მართლა დადგება აპრილში მათი "გაზაფხული"?

- ჩემი აზრით, დღეს ნაცმოს არა აქვს ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივა, მით უმეტეს - აპრილში. ისინი 5%-იანი ბარიერის გადალახვასაც ვერ მოახერხებენ. თუმცა შეეცდებიან, პრეზიდენტის ბერკეტების გამოყენებით შექმნან პოლიტიკური კრიზისი იმ მიზნით, რომ მოახდინონ მოსახლეობის აზრის ფორმირება, რომ ახალი ხელისუფლება არის უსუსური, ვერ ასრულებს დაპირებებს. ამასთანავე, ანალოგიური თვალსაზრისის შექმნას შეეცდებიან დასავლეთშიც. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი დაბრუნდებიან. ნაცებს სურთ მიიღონ იმის გარანტია, რომ ნაწილობრივ მაინც იქნებიან წარმოდგენილი ხელისუფლებაში. დღეს მათი მიზანი იქნება, პოლიტიკური შანტაჟის მეშვეობით გაიხანგრძლივონ სიცოცხლე საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. საქართველოს პრეზიდენტს შეეძლო და კონსტიტუციით ჰქონდა უფლება, საერთოდ არ წარედგინა მთავრობა, მაგრამ ყველას წინააღმდეგ ვერ წავიდა. იგი დასავლეთს სუპერდემოკრატ მმართველად მოევლინა არჩევნებში მარცხის აღიარებით. უმცირესობა ყოველთვის იქნება დესტრუქციის რეჟიმში ყველა იმ ბერკეტის გამოყენებით, რაც მას აქვს. ვაღიაროთ, რომ მათ აქვთ ბევრი ბერკეტი, და არიან გამოცდილი პოლიტიკოსები, აქვთ მნიშვნელოვანი კავშირები დასავლეთში, რომელიც პროტოკოლურიდან მეგობრულ კავშირში გადაიზარდა. ისინი შეეცდებიან ამ ყველაფრის გამოყენებას იმისთვის, რომ ახალ ხელისუფლებას შეულახონ იმიჯი და შეუქმნან პრობლემები. მეორეა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, პროფესიონალიზმის დონით ერთი თავით მათზე მაღლა იდგეს, პრევენციულად რომ მოახდინოს ყველა შესაძლო პრობლემის ლოკალიზაცია. ასე რომ, არც ისე კარგად აქვს საქმე "ოცნებას" და მგონია, რეალურად ვერ აფასებს ოპონენტის შესაძლებლობებს.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა